ახალი ამბები

ირაკლი პეტრიაშვილი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობისთვის კვლავ იბრძოლებს

30 აგვისტო, 2017 • 3364
ირაკლი პეტრიაშვილი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობისთვის კვლავ იბრძოლებს

გაერთიანებული პროფკავშირების ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ სექტემბერში დაგეგმილ პროფკავშირების არჩევნებში კვლავ აპირებს კენჭისყრას, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს ბრძოლა იქნება უთანასწორო.

ირაკლი პეტრიაშვილის განცხადება გაერთიანებული პროფკავშირების ვებგვერდმა დღეს გამოაქვეყნა. პეტრიაშვილის თქმით, ორი კვირაა გავეშებულ-გააფთრებული შეტევა მიმდინარეობს მასზე და მთლიანად საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაზე.

როგორც გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი აღნიშნავს, თავიდან ყველა გაკვირვებით ეკითხებოდა, თუ რატომ აკერებდნენ რკინიგზასთან შიმშილობას და რაში სჭირდება რკინიგზის ადმინისტრაციას დიდი პოლიტიკური ხმაურის ატეხვა:

“გულწრფელად გეტყვით, მეც ძალიან მიკვირდა, რადგან კარგად ვიცოდი რკინიგზის ადმინისტრაციის და მათი ე.წ. გუნდის გავლენები და შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე, ის, რომ ისინი სრულად იყვნენ ინფორმირებულნი პროტესტის ამ უკიდურესი ფორმით გამოხატვის მიმართ ჩემს ნეგატიურ დამოკიდებულებაზე, მაგრამ ადმინისტრაციის არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ (დიალოგის იგნორირებამ), წერილებზე პასუხის გაუცემლობამ, დამამცირებელმა დამოკიდებულებამ ჩვენი ძმები იძულებული გახადა, მიემართათ პროტესტის ამ უკიდურესი ფორმისთვის – შიმშილობისთვის, რასაც მოჰყვა ერთ ხმაში მოლაპარაკე ცაგურიას, გუნცაძის, ხაინდრავას, ხოფერიას, გოგიჩაიშვილის, კობერიძის თავდასხმები და გეგმაზომიერი შავი PR, სულელური, აბსურდული და მოგონილ-შეთხზული ბრალდებებით. როგორც იტყვიან, ”შუბი ხალათში არ დაიმალებაო” და რამდენიმე დღის წინ ამ აბსურდის თეატრის რეალური მიზეზიც გაამჟღავნეს: სექტემბერში ჩასატარებელი არჩევნები პროფკავშირებში და სურვილი, რომ ამ არჩევნებზე დასვან თავმჯდომარედ მათთვის სასურველი, მორჩილი, მართვადი პიროვნება.”

გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რკინიგზა სახელმწიფო კომპანიაა და იქ მთავრობისგან დასმული მენეჯმენტის უმსგავსობებზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მთავრობას:

“დღეს უმრავლესობის წევრების (გოგიჩაიშვილი, კობერიძის) უგვანმა კომენტარებმა გამოააშკარავა მთავრობის როლი და სახე ამ პროცესში. ასევე, ”საზოგადოებრივი მაუწყებლის”, ”იმედის”, ჟურნალ ”თბილისელების” ცალმხრივად გაშუქებულმა სიუჟეტებმა დამარწმუნა, რომ სახელმწიფო მანქანა ჩართულია. შემდეგი ნაბიჯი იქნება (ალბათ ხვალვე) შიგნით ვინმეს პოვნა (თუმცა ისე აჟღურტულდნენ, შიგნით აქვს პრობლემები და დაპირისპირებაო, უკვე ნაპოვნი ჰყავთ, ზუსტად ვიცი) და ბრძოლის უკვე პროფკავშირებში გადმოტანა. თვითონ კი გარედან მედიის და პოლიტიკოსების მეშვეობით მათი კონტროლირებადი კანდიდატის მხარდაჭერა.”

როგორც ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, დარწმუნებულია, რომ არჩევნებში უთანასწორო ბრძოლა იქნება, თუმცა მაინც იღებს ამ გამოწვევას და კვლავ აპირებს კენჭისყრას.

“მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვაპირებდი კენჭისყრას, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რა უთანასწორო ბრძოლა იქნება, ვიღებ ამ გამოწვევას და ვიბრძოლებ ბოლომდე, რათა მათ [მთავრობის/რკინიგზის] პულტზე მყოფმა ე.წ. ლიდერმა მუსრი არ გაავლოს და ნაცარტუტად არ აქციოს ყველაზე ღირებული, რაც პროფკავშირს გააჩნია: დამოუკიდებლობა ყველა გარე სუბიექტისგან და დამოკიდებულება თავის წევრებზე. გაერთიანებული პროფკავშირების მოქმედი თავმჯდომარის განცხადებით, ყველა ბრალდებას გაეცემა პასუხი და ყველა ქმედებაზე იქნება ადეკვატური რეაქცია ცივილიზებული მსოფლიოსგან,” – ამბობს პეტრიაშვილი.


საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი დათო ოქიტაშვილი იქნება. ამის შესახებ კულტურის პალატის ხელმძღვანელის განცხადება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღეს გაავრცელა.

ოქიტაშვილის თქმით, მისთვის ამ შეთავაზებაზე გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო, მაგრამ შედის ამ ბრძოლაში. კულტურის პალატის ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილს აკრიტიკებს, თუმცა მასაც და სხვა კანდიდატებსაც თანაბარ პირობებში წარმატებას უსურვებს.

გაერთიანებული პროფკავშირების ყრილობა 15-16 სექტემბერს არის დაგეგმილი, სადაც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ახალი თავმჯდომარეს აირჩევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი