ახალი ამბები

დათო ოქიტაშვილი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

30 აგვისტო, 2017 • 3505
დათო ოქიტაშვილი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი დათო ოქიტაშვილი იქნება. ამის შესახებ კულტურის პალატის ხელმძღვანელის განცხადება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღეს გაავრცელა.

გაერთიანებული პროფკავშირების ყრილობა 15-16 სექტემბერს არის დაგეგმილი, სადაც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ახალი თავმჯდომარეს აირჩევს. როგორც ოქიტაშვილი ამბობს, მისი კონკურენტი გაერთიანებული პროფკავშირების ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი იქნება, რომელსაც კვლავ სურს თანამდებობისთვის ბრძოლა.

დათო ოქიტაშვილის თქმით, მისთვის ამ შეთავაზებაზე გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო, მაგრამ შედის ამ ბრძოლაში და ირაკლი პეტრიაშვილის დამარცხებაში დარწმნებულია.

“გარწმუნებთ, რომ პეტრიაშვილს დავამარცხებ არჩევნების გზით და არა იმ მეთოდით, როგორც თავად მოვიდა თავმჯდომარედ. ახლა რომ გამოდის და რაღაც განცხადებებს აკეთებს, იმის მართული და ამის მართული, სირცხვილია. გაიხსენოს თავისი წარსული. ჩვენ არ ვაპირებთ იმ მეთოდებით ბრძოლას, რა მეთოდითაც ის გახდა პროფკავშირების თავმჯდომარე 12 წლის წინ. ვიცი, რომ კიდევ არიან მსურველები; ყველა კანდიდატს და პეტრიაშვილსაც თანასწორ ბრძოლაში გამარჯვებას ვუსურვებ,” – განუცხადა პირველ არხს ოქიტაშვილმა.

თავად ირაკლი პეტრიაშვილის განცხადება გაერთიანებული პროფკავშირების ვებგვერდმა დღეს გამოაქვეყნა, სადაც ადასტურებს, რომ კვლავ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. როგორც პეტრიაშვილი აცხადებს, ორი კვირაა გავეშებულ-გააფთრებული შეტევა მიმდინარეობს მასზე და მთლიანად საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაზე.

“თავიდან ყველას გიკვირდათ და მეკითხებოდით, რკინიგზაში შიმშილობას რატომ გაკერებენ შენ და ამხელა პოლიტიკური ხმაურის ატეხვა რაში სჭირდება რკინიგზის ადმინისტრაციასო? გულწრფელად გეტყვით, მეც ძალიან მიკვირდა, რადგან კარგად ვიცოდი რკინიგზის ადმინისტრაციის და მათი ე.წ. გუნდის გავლენები და შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე, ის, რომ ისინი სრულად იყვნენ ინფორმირებულნი პროტესტის ამ უკიდურესი ფორმით გამოხატვის მიმართ ჩემს ნეგატიურ დამოკიდებულებაზე. მაგრამ ადმინისტრაციის არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ (დიალოგის იგნორირებამ), წერილებზე პასუხის გაუცემლობამ, დამამცირებელმა დამოკიდებულებამ ჩვენი ძმები იძულებული გახადა მიემართათ პროტესტის ამ უკიდურესი ფორმისთვის – შიმშილობისთვის, რასაც მოჰყვა ერთ ხმაში მოლაპარაკე ცაგურიას, გუნცაძის, ხაინდრავას, ხოფერიას, გოგიჩაიშვილის, კობერიძის თავდასხმები და გეგმაზომიერი შავი PR, სულელური, აბსურდული და მოგონილ-შეთხზული ბრალდებებით. როგორც იტყვიან, ”შუბი ხალათში არ დაიმალებაო” და რამდენიმე დღის წინ ამ აბსურდის თეატრის რეალური მიზეზიც გაამჟღავნეს: სექტემბერში ჩასატარებელი არჩევნები პროფკავშირებში და სურვილი, რომ ამ არჩევნებზე დასვან თავმჯდომარედ მათთვის სასურველი, მორჩილი, მართვადი პიროვნება,” – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რკინიგზა სახელმწიფო კომპანიაა და იქ მთავრობისგან დასმული მენეჯმენტის უმსგავსობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას:

“დღეს უმრავლესობის წევრების (გოგიჩაიშვილი, კობერიძის) უგვანმა კომენტარებმა გამოააშკარავა მთავრობის როლი და სახე ამ პროცესში. ასევე, ”საზოგადოებრივი მაუწყებლის”, ”იმედის”, ჟურნალ ”თბილისელების” ცალმხრივად გაშუქებულმა სიუჟეტებმა დამარწმუნა, რომ სახელმწიფო მანქანა ჩართულია. შემდეგი ნაბიჯი იქნება (ალბათ ხვალვე) შიგნით ვინმეს პოვნა (თუმცა ისე აჟღურტულდნენ, შიგნით აქვს პრობლემები და დაპირისპირებაო, უკვე ნაპოვნი ჰყავთ, ზუსტად ვიცი) და ბრძოლის უკვე პროფკავშირებში გადმოტანა. თვითონ კი, გარედან მედიის და პოლიტიკოსების მეშვეობით მათი კონტროლირებადი კანდიდატის მხარდაჭერა.”

როგორც ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, დარწმუნებულია, რომ არჩევნებში უთანასწორო ბრძოლა იქნება, თუმცა მაინც იღებს ამ გამოწვევას და კვლავ აპირებს კენჭისყრას.

“მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვაპირებდი კენჭისყრას, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რა უთანასწორო ბრძოლა იქნება, ვიღებ ამ გამოწვევას და ვიბრძოლებ ბოლომდე, რათა მათ პულტზე მყოფმა ე.წ.ლიდერმა მუსრი არ გაავლოს და ნაცარტუტად არ აქციოს ყველაზე ღირებული, რაც პროფკავშირს გააჩნია: დამოუკიდებლობა ყველა გარე სუბიექტისგან და დამოკიდებულება თავის წევრებზე,” – ,” – ამბობს პეტრიაშვილი.

გაერთიანებული პროფკავშირების მოქმედი თავმჯდომარის განცხადებით, ყველა ბრალდებას გაეცემა პასუხი და ყველა ქმედებაზე იქნება ადეკვატური რეაქცია ცივილიზებული მსოფლიოსგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი