ახალი ამბები

კონსენსუსის გარეშე ხელისუფლება და ოპოზიცია ვენეციის კომისიის წინაშე ამჯერად სტრასბურგში

30 აგვისტო, 2017 • 1868
კონსენსუსის გარეშე ხელისუფლება და ოპოზიცია ვენეციის კომისიის წინაშე ამჯერად სტრასბურგში

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 7 დღეში სტრასბურგში შეხვედრა უნდა გაიმართოს, თუმცა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საარჩევნო სისტემისა და პრეზიდენტის არჩევის წესზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. ვინ წავა სტრასბურგში შეხვედრაზე, რას იტყვიან პოლიტიკური პარტიები და რა სათქმელი აქვს თავად ხელისუფლებას?


სტრასბურგში, ვენეციის კომისიაში შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მიმართვის საფუძველზე დაინიშნა, თუმცა ფორმატი უფრო გაფართოვდა და შეხვედრაზე სხვა საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიც არიან მიწვეული.

იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსტიტუციური რეფორმის იმ ნაწილზე, რომელიც 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შენარჩუნებასაც, შეთანხმება ვერ შედგა, “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, აპირებენ თუ არა პარტიები შეხვედრაზე გამგზავრებას და რას ელოდებიან  ამ შეხვედრისგან.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ პარტია სტრასბურგში დანიშნულ შეხვედრაში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, თუმცა პარტიას ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, ვინ გაემგზავრება სტრასბურგში.

“ხელისუფლება ვენეციის კომისიის წინაშე არის ძალიან შერცხვენილი, მათ გააგზავნეს ის კონსტიტუცია, რომელსაც იხილავდენენ სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ, რომელიც თავისი შენიშვნებით მოიწონა ვენეციის კომისიამ და პარლამენტმა მიიღო მეორე კანონი”,- ამბობს გოცირიძე.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, პარტიამ ვენეციის კომისიისგან მოწვევა მიიღო:

“იმავე პირობებით, რაც ითქვა, რომ თბილისში უნდა ჩამოყალიბდეს კონსენსუსისთვის პირობები, ამის საბოლოო გაფორმება, რაზე მიდის ხელისუფლება კომპრომისზე, უნდა მოხდეს 6 სექტემბერს სტრასბურგში. ჯერჯერობით “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ არაფერი საპასუხო იმ შეთავაზების სანაცვლოდ, რაც გაეგზავნა  წერილობით ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ, არ აქვს, თუმცა დრო დარჩენილია 6 სექტემბრამდე”,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ჩვენ მას ვკითხეთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია იმ შემთვევაში, თუ “ქართული ოცნება” 6 სექტემბრამდე არაფერს შესთავაზებს ოპოზიციას და ვითარება არ შეიცვლება, რაზეც ჭიაბერაშვილმა გვიპასუხა:

“თქვენ იცით, რომ ვენეციის კომისიას აქვს შეხვედრა სტრასბურგში საქართველოს ელჩთან, ალბათ, ჯობია, რომ დაელოდოთ ამ შეხვედრის შედეგებსაც. ვენეციის კომისია ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ შესაძლო კონსენსუსის პირობები უნდა შეიქმნას საქართველოში”.

შეხვედრაზე წასვლა გადაწყვეტილი აქვს “რესპუბლიკურ პარტიას”, რომლის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ გვითხრა, რომ შეხვედრას “რესპუბლიკური პარტიიდან” ხათუნა სამნიძე დაესწრება:

“ჩვენი პოზიცია იქნება უცვლელი, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი მცდელობისა, ეჩვენებინა, რომ მზად იყო კონსენსუსისთვის, შეხვედრაც კი ჩაატარა, მაგრამ ვფიქრობ, რომ საუკეთესო ფორმაში არ იყო ამ შეხვედრაზე, რადგან ძალიან ზოგადი შეკითხვა დასვეს. საბოლოოდ გამოვიდა, რომ ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის”,- ამბობს კორძაია.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება თბილისშივე არ განაცხადებს იმის შესახებ, რომ 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადადის, სტრასბურგში შეხვედრას არ დაესწრება “თავისუფალი დემოკრატები”. პარტიის წარმომადგენელი შალვა შავგულიძე ამბობს:

“იმ მაგიდაზე ჩვენ არ დავსხდებით, თუ ხელისუფლება არ იტყვის, რომ ის უბრუნდება [პროპორციულ] საარჩევნო სისტემას. თუ ამას ხელისუფლება იტყვის, დანარჩენ ყველა საკითხზე სალაპარაკოდ ვსხდებით მაგიდასთან. მე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა ეს “თავისუფალი დემოკრატების” სახელით”,- ამბობს შავგულიძე.

ოპოზიციის ორი წერილი

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კონსტიტუციის განხილვისას მხოლოდ საარჩევნო სისტემა არ ყოფილა აზრთა სხვადასხვაობის საგანი და ახალ კონსტიტუციას თითქმის ყველა მიმართულებით აკრიტიკებენ, დღეს კონსტიტუციის ირგვლივ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დავა მხოლოდ ორ საკითხზე მიმდინარეობს – საარჩევნო სისტემაზე და პრეზიდენტის არჩევის წესზე.

იმ კანონპროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე ორი მოსმენით მიიღო, წერია, რომ 2024 წლიდან საქართველოში არჩევნები პროპორციული სისტემით და 5%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება. 2020 წელს კი საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული, პროპორციული და მაჟორიტარული წესით ჩატარდება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. მმართველი გუნდი ოპოზიციას შერეულ სისტემაში ბარიერის დაწევას თავაზობს.

ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობით და შექმნილ ვითარებას კრიზისიც უწოდა. შეთანხმების მიღწევის მცდელობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჯერჯერობით ამაოა.

დიალოგის განახლების მცდელობისას ოპოზიციამ ხელისუფლებას თავისი პირობები წერილობით გაუგზავნა. სულ ასეთი ორი წერილი არსებობს, პირველი წერილში წარმოდგენილია ორი მოთხოვნა – ხელისუფლება დაუბრუნდეს საკონსტიტუციო რეფორმის დაწყებისას მისსავე მიერ შემოთავაზებულ მოცემულობას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით, მანდატების სამართლიანი გადანაწილების პრინციპით და ამასთან, ოპოზიციისთვის არსებითია პრეზიდენტის საყოველთაო, პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება.

“იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” ამ ორ საკითხს გაიზიარებს, პარტიები მზად არიან, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე დიალოგში შევიდნენ”,- ნათქვამია წერილში.

აღნიშნულის გარდა ასევე არსებობს მეორე წერილი, რომელიც ოთხპუნქტიანია, თუმცა ისიც საარჩევნო სისტემის ირგვლივაა კონცენტრირებული. ხელმომწერები ითხვენ – გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და პარლამენტი  არჩეულ იქნეს ერთიანი პროპორციული სიით; შემცირდეს ბარიერი 5%-დან 3%-მდე; შენარჩუნდეს საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა და შენარჩუნებული უნდა იქნეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი.

ოპოზიციის თქმით, ორი განცხადების არსებობა იმ რამდნიმე ფორმატის შექმნამ განაპირობა, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობის დაწყებისას შეიქმნა. “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “რესპუბლიკური პარტია” აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის შედარებით პატარა პოლიტიკური პარტიები, ერთ აზრზე არიან და არაერთი მცდელობის მიუხედავად ხელისუფლებამ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობის გამოწვევა ვერ შეძლო:

“როდესაც მან საკითხი დასვა ასე ზოგადად, ნათელია, რომ მას ჰქონდა მცდელობა ზოგადი მსჯელობა დაეწყო და ისევ აერია სიტუაცია, მაგრამ ვერ მოახერხა, ვინაიდან არავინ აჰყვა. დღეს დისკუსია მიდის მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო სისტემაზე. ამ ფონზე მოდის ხელისუფლება და გეუბნება, რომ ვიმსჯელოთ ზოგადად არსებულ პრინციპებზე, რომელი მოგწონთ და რომელი არა, ეს ისევ არის მცდელობა სიტუაციის არევის”,-ამბობს “რესპუბლიკური პარტიის” წევრი თამარ კორძაია.

პარტიები იმასაც ამბობენ, რომ ისინი სოლიდარული არიან იმ პარტიებისადმი, რომლებიც ბარიერის დაწევასაც ითხოვენ, რადგან ეს შედარებით მცირე გავლენის მქონე პარტიებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ერთადერთი, ვინც არ ფიქრობს, რომ ოპოზიცია აბსოლუტურად ერთსულოვანია, “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი შალვა შავგულიძეა. იგი ამბობს, რომ ხელისუფლებას ორი გეგმა აქვს შემუშავებული: ერთი- პარტიების ნაწილი დაითანხმოს ბარიერის დაწევაზე და ბლოკების შენარჩუნების საკითხზე, ოღონდ შერეული სისტემის პირობებში, და ამგვარად შექმნას კონსენსუსის ილუზია და მეორე- ისე წარმოაჩინოს ვითარება, რომ ოპოზიცია არავითარ მოლაპარაკებაზე ხელისუფლებასთან არ მიდის:

“პარტიათა მეორე ნაწილი მზად არის დიალოგისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გაუქმდება შერეული სისტემა და შენარჩუნდება ეს სისტემა. მედიას ძალიან მარტივად შეუძლია გაარკვიოს ეს საკითხი, მას შეუძლია შეკითხვა დაუსვას იმ პარტიებს, რომლებიც ამ განცხადებას (4-პუნქტიანს) აწერენ ხელს  – მზად არიან თუ არა ისინი, გააგრძელონ დიალოგი შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში და მიაღწიონ შეთანხმება ბლოკებზე და ბარიერზე.”,- ამბობს შავგულიძე.

ნეტგაზეთმა” აღნიშნული შეკითხვა “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელს, მამუკა კაციტაძეს დაუსვა, თუმცა კაციტაძემ შეკითხვას ცალსახა პასუხი არ გასცა:

“მე მარტივად გიპასუხებთ კითხვაზე. თქვენ გამოიყენეთ სიტყვა -თუ.  მოდით, ხელისუფლება ჯერ დაჯდეს მაგიდასთან, მერე შემოგვთავაზოს ჩვენს წინადადებებზე საკუთარი პასუხები და მერე მოისმინოს ქართულმა და საერთაშორისო საზოგადოებამ, რა პოზიცია ექნებათ “ახალ მემარჯვენეებს” ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ვენეციის კომისიის თვალწინ და მათი მოდერატორობით წარიმართოს მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ჩვენ წარდგენილი გვაქვს პაკეტი წინადადებების და პაკეტზე ველოდებით პაკეტურ პასუხს”,- ამბობს კაციტაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სტრასბურგის შეხვედრას

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რის თქმას აპირებს ვენეციის კომისიისთვის სტრასბურგში ხელისუფლება და როგორ უნდა აუხსნას, ის, რომ კონსენსუსს საკონსტიტუციო რეფორმაზე კვლავ ვერ მიაღწიეს ქვეყანაში. “ნეტგაზეთი” ორი დღის მანძილზე ცდილობდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, არჩილ თალაკვაძესთან დაკავშირებას, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ოპოზიციური პარტიები კი თვლიან, რომ ხელისუფლება მძიმე ვითარებაშია და არ იცის, როგორ წარდგეს 6 სექტემბერს დანიშნულ შეხვედრაზე:

“ხელისუფლებას თავისი სადარდებელი აქვს, მან თავად მოიფიქროს არგუმენტები, რით აპირებს ვენეციის კომისიასთან საუბარს, რადგან ეს არგუმენტები ოპოზიციას ნამდვილად აქვს. არასოდეს ასეთი უკომპრომისო ცვლილებები არც ერთ ხელისუფლებას არ მიუღია. თავის დროზე, როდესაც 1994 წელს პარლამენტი იღებდა კონსტიტუციას, ეს კონსტიტუცია “რესპუბლიკური პარტიების” ხმებით გავიდა და პარტია ამომრჩეველმაც დასაჯა ამის გამო, იმიტომ, რომ შევარდნაძის დებულებებს მისცა ხმა, მაგრამ “რესპუბლიკურ პარტიას” მაშინ კარგად ესმოდა, რას ნიშნავდა პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კონსტიტუციის მიღება, არც ერთი კონსტიტუცია ოპოზიციის ხმების გარეშე არ მიუღიათ. ძალით მიღებული კონსტიტუცია ყოველთვის ქმნის რევოლუციურ რისკებს”,- ამბობს თამარ კორძაია.

“საკონსტიტუციო რეფორმის შემთხვევაში, ცხადზე უცხადესია, რომ “ქართულმა ოცნებამ” არავის აზრი არ გაითვალისწინა, მათ შორის- არც ვენეციის კომისიის აზრი. ეს ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნის საგარეო რეპუტაციისთვის, საგარეო რეპუტაცია მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთს ჩვენ როგორ უნდა გავუმკლავდეთ, თუ ჩვენს ყველაზე მყარ პარტნიორებს ევროპაში და ამერიკაში ეჭვი ეპარებათ ჩვენს დემოკრატიულ მისწრაფებაში. ქვეყნის შიგნით რაც შეეხება – ეს ნიშნავს დენთის კასრზე ჯდომას, ეს ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებას, ეკონომიკურ განვითარებასაც”,- ამბობს ჭიაბერაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი