ახალი ამბები

თურქეთმა აბასთუმანში 1 სახანძრო თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი გამოგზავნა

30 აგვისტო, 2017 • 2845
თურქეთმა აბასთუმანში 1 სახანძრო თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი გამოგზავნა

საქართველოში თურქეთის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუჩქუს განცხადებით, თურქეთი დღის მეორე ნახევარში ერთ თვითმფრინავს და ორ ვერტმფრენს ისევ გააგზავნის აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში საქართველოს დასახმარებლად. ამის შესახებ მან კულტურის სამინისტროში დღეს დილით ისაუბრა.

ელჩის თქმით, წინა კვირას თურქეთი იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც დახმარება გაუწია საქართველოს და ახლაც მზადაა დაეხმაროს ქართულ მხარეს.

“უკვე გზაშია ჩვენი ქვეყნის ერთი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი, რომლებიც დღის მეორე ნახევრიდან ჩაერთვებიან ცეცხლის ჩაქრობის პროცესში. ეს არის ის, რაც უნდა გაუკეთოს მეგობარმა ქვეყანამ მეგობარ ქვეყანას.”

თურქეთის სამაშველო ვერტმფრენი ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თურქეთის სამაშველო ვერტმფრენი ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თურქეთის სამაშველო თვითმფრინავი ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თურქეთის სამაშველო თვითმფრინავი ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აბასთუმნის ტყეში ხანძარი 29 აგვისტოს გაჩნდა, რომელიც ამ დრომდე არ არის ლოკალიზებული. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბის თათბირი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის უბანში ჩაატარა, რომელსაც შსს-ს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები და შტაბის სხვა წევრები ესწრებოდნენ. თათბირზე ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა განიხილეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა სამუშაოები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა დამატებითი ცოცხალი ძალისა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზება. ამ დროისთვის ადგილზეა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთვნენ.

ცეცხლის ეფექტურად ქრობის მიზნით, მიმდინარე სამუშაოებში ჩართულია საჰაერო ტექნიკაც. თურქეთის გარდა, აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად საქართველოს უკრაინის თვითმფრინავიც დაეხმარება.

უცნობია, რა ამ ეტაპზე ფართობზეა გავრცელებული ხანძარი აბასთუმანში. ამ ინფორმაციას შესაბამისი უწყებები აღარ ავრცელებენ, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, აბასთუმნის ხანძარი მასშტაბურია და დიდ ტერიტორიას ფარავს.

აბასთუმანში გაჩენილ ხანძრამდე საქართველო, მეგობარი ქვეყნების დახმარებით, ერთი კვირა ებრძოდა ხანძარს ბორჯომის ხეობაში. ხანძრები ფაქტობრივად ყოველდღიურად ჩნდება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტერიტორიებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი