დემირელის სკოლის დირექტორი: არ შეიძლება, სახელმწიფო ასე მოექცეს ბავშვებს

დემირელის კოლეჯი მომავალ სასწავლო წელს მუშაობას ვერ გააგრძელებს, რადგანაც ავტორიზცია ვერ გაიარა. სკოლის დირექტორი, ნინო კავთიაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ არ აპირებენ, გადაწყვეტილება სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრონ, რადგან, აზრი არ აქვს.

როგორც ნინო კავთიაშვილი ამბობს, საბჭო “გამოედევნა” დემირელის კოლეჯის მიერ თურქეთიდან პოლიტიკური მოტივებით წამოსული ბავშვების მიღებას:

“გარკვეულწილად, იყო მოლოდინი, რომ შეიძლება პრობლემები შექმნოდა სკოლას, ჯერ გამომდინარე იქიდან, რომ მთელი წლის განმავლობაში სერიოზული პრობლემების წინაშე იდგა სკოლა. ჩვენ მივიღეთ უცხოელი მოსწავლეები, ზოგიერთი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით თურქეთიდან წამოსული მოსწავლე, რომლებიც აღიარებით ჩაირიცხნენ და ინდივიდუალური გეგმებით სწავლობდნენ. სწორედ ამას გამოედევნა, ასე ვთქვათ, საბჭოც. ფაქტოვრივად, მე რაც დავინახე იქ, იყო ძალიან ბევრი თემა გაზვიადებული, შესაბამისად, არ დაგვიტოვეს არანაირი საშუალება, რომ თავი გვემართლებინა,”- გვეუბნება ნინო კავთიაშვილი.

მისივე თქმით, საბჭომ დარღვევად მიიჩნია თურქი პედაგოგების წასვლის საკითხიც:

“ჩვენთან თურქი ეროვნების პედაგოგები ასწავლიან, რომელთა უმეტესობას საქართველოში აქვს დამთავრებული. მათ იციან ქართული და ისინი დღესაც არიან აქ, ძალიან თავისუფლად საუბრობენ ქართულ ენაზე. ასევე იყვნენ ისეთი პედაგოგები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ 15 და მეტი წელი და თავისუფლად ფლობდნენ ქართულ ენას. თუმცა უმეტესობა, გამომდინარე ისევ პოლიტიკური თვალსაზრისით, იძულებული გახდა, სასწავლო წლის შუა პერიოდში დაეტოვებინა საქართველო და, შესაბამისად, მათ მაგივრად სხვა მასწავლებლებით ჩავანაცვლეთ. აქაც რაღაც გაურკვევლობას ჰქონდა ადგილი და მათ საეჭვოდ მიიჩნიეს ეს გარემოებებიც და არასაიმედოდ ცნეს ამ პედაგოგების მოძრაობა,”- განაცხადა კავთიაშვილმა.

მისივე თქმით, საბჭომ სხვა არაერთი დარღვევა დაადგინა:

“მინდა გითხრათ, რომ [დარღვევად] მიიჩნია ყველაფერი, რაც კი შეიძლება არსებობდეს. ეს არის როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ასევე, მატერიალური რესურსი, ასევე, ადამიანური რესურსი და გარკვეული თვალსაზრისით ეს ჩვენი მოსწავლეების სწავლების სპეციფიკაც…  რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილში შეიძლება დავეთანხმო, მაგრამ ძალიან ბევრ ნაწილში ვერ დავეთანხმები, მით უმეტეს, მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებში და ადამიანურ რესურებში ნამდვილად ვერ დავეთანხმები,”- ამბობს ნინო კავთიაშვილი.

როგორც ნინო კავთიაშვილი ამბობს,  მათი 350-მდე მოსწავლისათვის მტკივნეული იქნება სხვა სკოლებში გადასვლა, რადგანაც სასწავლო წლის დასაწყისი ახლოვდება,  მშობლებიც მიჩვეული იყვნენ იმ კომფორტულ გარემოს, რასაც დემირელის კოლეჯი მათ სთავაზობდა.

“მშობლები არიან ძალიან შეურაცხყოფილი, გაოცებული და შეწუხებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლო 1 წელი სკოლა ტერორიზმის ჭრილში მოიაზრება და ამის დამცველი არავინ გამოსულა, თუნდაც, სახელმწიფო მაღალჩინოსნები. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ბავშვებს ასე მოექცეს სახელმწიფო. მე ეს შემიძლია ვთქვა,”- განაცხადა მან.

რაც შეეხება დემირელის სკოლის მფლობელების პოზიციას, კავთიაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მოცემულ საკითხზე ვერაფერს იტყვის.

ავტორიზაციის სააბჭოს წევრის, გია მურღულიას კომენტარი, სადაც სკოლაში არსებულ დარღვევებზე საუბრობს, შეგიძლიათ ნახოთ აქ.


უკვე მეოთხე თვეა, რაც წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც საქართველოში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. ჩაბუქი 2017 წლის მაისში დააკავეს და მიზეზი,  როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, არის თურქეთის მხარის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს.

2017 წლის დასაწყისში ბათუმში ავტორიზაცია შეუჩერდა დემირელის პარტნიორ სკოლა-ლიცეუმს, რომელსაც საზოგადოება შაჰინის სკოლის სახელით იცნობს. ამ ფაქტს წინ უძღოდა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ სკოლა ფეტულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით.

შაჰინის სკოლის დახურვის შემდეგ, 2017 წლის თებერვალში გერმანიის მოქალაქე ჯიჰარ აქინს, რომელიც დემირელის სკოლის 60%-ს ფლობს, საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან, გერმანიაში გააბრუნეს.

მას შემდეგ, რაც შაჰინის სკოლა დაიხურა, დემირელის კოლეჯის დირექტორი, ნინო კავთიაშვილი იმედოვნებდა, რომ სხვა პარტნიორი სკოლები იმავე ბედს არ გაიზიარებდნენ. მისივე განცხადებით, 2017 წლის დასაწყისიდან ფინანსური პოლიცია სკოლის დოკუმენტაციას სწავლობდა, დაკითხვაზე იბარებდნენ მასწავლებლებს, რაც მათთვის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი იყო.

“შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად ველოდით, რომ კიდევ რაიმე ახალი სიურპრიზი დაგვხდებოდა, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ და მოვედით ბოლომდე. ეს წელი ერთ-ერთი წარმატებული იყო დემირელის კოლეჯის ისტორიაში,”- განაცხადა ნინო კავთიაშვილმა 2017 წლის ივნისში.

დემირელის სკოლა, ისევე როგორც პარტნიორი სკოლები და მათი მასწავლებლები, ღიად გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ მუსტაფა ჩაბუქი მხოლოდ მასწავლებელია, 15 წელია საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა და არანაირი კავშირი ტერორიზმთან არ აქვს. მათ ხელმოწერებიც შეაგროვეს მუსტაფა ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი