ახალი ამბები

ომბუდსმენი: ლაფანყურის სპეცოპერაცია 5 წლის შემდეგაც გამოუძიებელია

29 აგვისტო, 2017 • 3788
ომბუდსმენი: ლაფანყურის სპეცოპერაცია 5 წლის შემდეგაც გამოუძიებელია

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციიდან 5 წლისთავს სპეციალური განცხადებით ეხმიანეა. ომბუდსმენი აცხადებს, რომ 5 წელი გავიდა 2012 წლის 28–29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციდან, რის შედეგადაც გარდაიცვალა არაერთი ადამიანი როგორც შეიარაღებული დაჯგუფების, ისე საქართველოს სამართალდამცავი უწყებების რიგებში, დანაშაული კი კვლავ გამოუძიებელია.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, გუშინ, 27 აგვისტოს უჩა ნანუაშვილი სოფელ დუისში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ქისტების ოჯახების წევრებს შეხვდა, ასევე, მოინახულა ლაფანყურში დაღუპული სპეცრაზმელის, არჩილ ჩოხელის დედა.

“გარდაცვლილთა ახლობლები კვლავ გამოძიების მოლოდინში არიან. ამ დრომდე არც ერთი ოჯახი არ არის დაზარალებულად ცნობილი, შესაბამისად, ახლობლები ვერ ახერხებენ საქმის მასალების გაცნობას. მათთვის უცნობია როგორც ექსპერტიზის დასკვნა, ისე ექსჰუმაციის შედეგები,”- აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენმა 2013 წლის 22 ოქტომბერს სპეცოპერაციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესწავლის მიზნით საზოგადოებრივი საბჭო შექმნა. 2014 წელს გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი საბჭოს ანგარიშის შედეგად სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პარლამენტს, შექმნილიყო საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიკვლევდა სოფელ ლაფანყურთან მომხდარ ფაქტს. თუმცა, ომბუდსმენის განცხადებით, პარლამენტმა უარი განაცხადა.

“საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დანაშაულის დროულ და ეფექტიან გამოძიებას. ასევე, სახალხო დამცველი კვლავ გამოხატავს უკმაყოფილებას იმის შესახებ, რომ მისი შეთავაზება – შექმნილიყო დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია- უსაფუძვლოდ და არაგონივრულად არ იქნა გათვალისწინებული.

მსგავსი დანაშაულების მიმართ სახელმწიფოს სტრუქტურების გულგრილი დამოკიდებულება პირდაპირ მიუთითებს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მცირე კოეფიციენტსა და საზოგადოების მიმართ სახელმწიფო აპარატის ანგარიშვალდებულების დაბალ დონეზე, რაც ერთობლიობაში აზიანებს და სრულიად გამორიცხავს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას,”- აცხადებს ომბუდსმენი.

უჩა ნანუაშვილის შეხვედრა დუისში. ფოტო: ომბუდსმენის აპარატი.

უჩა ნანუაშვილის შეხვედრა დუისში. ფოტო: ომბუდსმენის აპარატი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი