ახალი ამბებისამართალი

გიორგი ოქროპირიძის საქმის მოწმე აცხადებს, რომ ციხის თანამშრომელი სიკვდილით დაემუქრა

29 აგვისტო, 2017 • 6247
გიორგი ოქროპირიძის საქმის მოწმე აცხადებს, რომ ციხის თანამშრომელი სიკვდილით დაემუქრა

ცრუ დასმენის საქმეში გიორგი ოქროპირიძის მოწმე, ნუგზარ თაბაგარი აცხადებს, რომ მას ბათუმის საბადრაგო განყოფილების თანამშრომლები სიკვდილით ემუქრებოდნენ და აიძულებდნენ, საერთოდ არ მიეცა ჩვენება.

ის დღეს, 29 აგვისტოს ბათუმის ციხიდან ჩამოიყვანეს თბილისში, რათა ჩვენება მიეცა პატიმარ გიორგი ოქროპირიძის საქმეზე და ამბობს, რომ მასზე მუქარა სწორედ გზაში განხორციელდა.

თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯავრდებულ ოქროპირიძის საქმეს იხილავს. გამოძიება მას “ცრუ დასმენაში” ადანაშაულებს. პატიმარმა  2014  წელს ომბუდსმენს მიწერა, რომ ბათუმის ციხეში სცემდნენ და არაადამიანურად ექცეოდნენ, 2015 წელს კი მისი წერილის გამო “ცრუ დასმენაში” დაადანაშაულეს.  ოქროპირიძეს ეს საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აქვს გასაჩივრებული, რომელმაც საქმე წარმოებაში მიიღო და საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციის ეტაპზეა. სასამართლოს კი გადაწყვეტილება გამოძიების დაწყებიდან 2 წლის შემდეგ ჯერაც არ მიუღია.

29 აგვისტოს ბათუმიდან ჩამოყვანილმა პატიმარმა, ნუგზარ თაბაგარმა სასამართლოს მისცა ჩვენება, სადაც ციხეში ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ ოქროპირიძის ცემას ადასტურებს.

ნუგზარ თაბაგარი სასჯელს ბათუმის ციხეში იხდის. მასაც  არაერთი საჩივარი აქვს დაწერილი, სადაც აღწერდა, რომ ციხეში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა. ასევე  საუბრობდა ციხის ადმინისტრაციის ზეწოლაზე ოქროპირიძის საქმესთან დაკავშირებით.

[red_box]ნუგზარ თაბაგარი ბათუმი-თბილისის გზაზე ბადრაგების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს[/red_box]

დღეს, 29 აგვისტოს თაბაგარი თბილისში გამართულ პროცესზე დასასწრებად ბათუმიდან ბადრაგის თანამშრომლებმა ჩამოიყვანეს. როგორც მან განაცხადა, გზაში ბადრაგის თანამშრომელი მოკვლით დაემუქრა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასაც.

“როგორც ჩამსვა მანქანაში, დამიწყო მუქარა, ლანძღვა, გინება. დამემუქრა მოკვლით, რომ მოახდენდა ჩემს ლიკვიდაციას,”- განაცხადა თაბაგარმა მაშინვე, როდესაც მოწმედ გამოიძახეს.

თაბაგარმა სასამართლოს განუმარტა, რომ იგი ითხოვდა, თბილისში გადაეყვანათ იმ ავტომობილით, რომელსაც აუცილებლად ექნებოდა ვიდეოსათვალთვალ კამერა, თუმცა, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, იგი უკამერო ავტომობილით გადაიყვანეს, შესაბამისად, მასზე ზეწოლის ფაქტი დაფიქსირებული არ არის.

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ სხდომაზე გამოიძახა ბადრაგის ის თანამშრომლები, ვინც ბათუმიდან თბილისში ჩამოიყვანა თაბაგარი. თაბაგარმა ერთ-ერთი მათგანზე მიუთითა და განაცხადა, რომ გზაში სწორედ ის ბადრაგი ემუქრებოდა.

საბადრაგო ოცეულის მეთაურმა, ვინც მოწმემ ზეწოლაში დაადანაშაულა, დაადასტურა, რომ ბათუმის ციხიდან პატიმრის ტრანსპორტირება მართლაც არ მომხდარა ვიდეოკამერიანი ავტომობილით. მისი განცხადებით, ყველა საბადრაგო ავტომობილი კამერით არ არის აღჭურვილი.

მოსამართლემ მას ჰკითხა, თუ რა შემთხვევაში გამოიყენება კამერით აღჭურვილი ავტომობილები პატიმრის გადასაყვანად.

ბადრაგმა მას უპასუხა, რომ ასეთი ავტომობილი გამოიყენება მაღალი რისკის მქონე პატიმრებში, ვინც თვითდაზიანებებისკენ არის მიდრეკილი და ვინც არის აგრესიული.

“მას არც აგრესია გამოუხატავს ჩვენთან, არც თვითდაზიანება ჰქონდა, არასდროს ჩვენ არაფერი პრობლება არც თვითდაზიანებაზე, არც აგრესიაზე არ გვქონია, ნუგზარ თაბაგარზე მაქვს საუბარი,”- განაცხადა ბადრაგმა.

ბადრაგმა ასევე სრულად უარყო თაბაგარის ბრალდება:

“ჩამოსვლამდე ჩვენ ერთმანეთში არანაირი ლაპარაკი, არაფერი არ გვქონია… არანაირი მიზეზი იმისა, რომ მე ნუგზარ თაბაგარისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიმეყენებინა და შემდეგ ლიკვიდაციით დავმუქრებოდი, არ არსებობს,”- განაცხადა მან.

ამ განცხადების მიუხედავად, მას მოსამართლემ “სახელმწიფოებრივად აზროვნებისკენ” მოუწოდა:

“მომავლში, შესაძლოა, თქვენ აღმოჩნდეთ მხარე. თქვენ გქონდათ ობიექტური შესაძლებლობა, რომ მტკიცებულება დღესვე შეგექმნათ, სიმართლეს ბრძანებდა თუ არა მოწმე ნუგზარ თაბაგარი. რომ დაიწყოს გამოძიება მუქარის ფაქტზე, როგორ უნდა იმართლოთ თავი? თქვენ  ამ საქმეში იქნებით მოწმე, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც მხარე, გამომდიარე იქიდან, რომ ნუგზარ თაბაგარი თქვენ გამხელთ შესაძლო დანაშაულის ჩადენაში… ნეიტრალური მტკიცებულება იქნებოდა ვიდეოსათვალთვალო კამერა… თქვენ ხართ საჯარო მოხელე, თქვენ უნდა აზროვნებდეთ სახელმწიფოებრივად. თქვენი ქმედებების გამო დავა ევროპის სასამართლოში სახელმწიფომ არ უნდა წააგოს,”- მიმართა მოსამართლემ ბადრაგის წარმომადგენლებს სასამართლო პროცესზე.

გიორგი ოქროპირიძის ადვოკატი, თამარ ავალიანი პროკურატურას მოუწოდებს, რომ თაბაგარს განცხადება გამოიძიონ.

“პირდაპირი ვალდებულება იყო მესამე პენიტენციური დაწესებულების, როცა 6 საათია გზა მეექვზე დაწესეულებიდან სასამართლომდე, ეს უნდა ყოფილიყო აღჭურვილი სათანადო ვიდეოკამერით. თუ არ იქნებოდა აღჭურვილი, ეს, რა თქმა უნდა, იქნებოდა სასჯელაღსრულების სამინისტროს და პენიტენციური დაწესებულების პრობლემა იმიტომ, რომ ნუგზარ თაბაგარი იმყოფება სრულად სახელმწიფოს კონტროლქვეშ, რაც გულისხმობს, რომ მასზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება პენიტენციურ დაწესებულებას. დღეს ნუგზარ თაბაგარის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. აქ არის ბრალდების მხარის წარმომადენელი. ჩვენ ვითხოვთ, რომ დაიწყოს მყისიერი გამოძიება ნუგზარ თაბაგარის მიმართ განხორციელეულ სავარაუდო მუქარაზე,”- განაცხადა პროცესზე გიორგი ოქროპირიძის ადვოკატმა თამარ ავალიანმა.

საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, რომ მუქარასთან დაკავშირებით თაბაგარის განცხადებას პროკურატურას გადასცემდა.

[red_box]ცრუ დასმენის საქმე – რას ამბობენ დაცვის მხარის მოწმეები[/red_box]

მსჯავრდებულმა ნუგზარ თაბაგარმა, რომელიც ოქროპირიძის დაცვის მხარის მოწმეა, ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2014 წელს, სექტემბერში, როდესაც თავად ბათუმის ციხის 229-ე საკანში იყო შესახლებული, ხოლო ოქროპირიძე – 227-ე საკანში, დაინახა, თუ როგორ შევიდნენ ოქროპირიძის საკანში ციხის თანამშრომლები, მათ შორის, მინდია მალაყმაძე.

როგორც თაბაგარი ამბობს, ოქროპირიძის საკანში ამ პირების შესვლის შემდეგ ესმოდა ცემისა და გინების ხმა. როგორც თაბაგარი ამბობს, ეს ადამიანები მისგან მკვლელობის აღიარებას მოითხოვდნენ, ოქროპირიძე კი ამბობდა, რომ მას არ მოუკლავს.

“მესმის რტყმევის და ბრაგა-ბრუგის ხმა.. ეს ეუბნება, ნუ მირტყამთო. სპორტსმენი ბიჭი ვარ, წყალბურთის ნაკრების წევრი და ჩემი მეგობარი იყო, არ მომიკლავსო… ეს რომ გავიგე, დავუძახე თანამშრომელს… შემოვიდნენ, ვეკითხები, რატომ ცემთ-მეთქი. მინდია მალაყმაძეც შემოვიდა, მაყენებდა შეურაცხყოფას და მეუბნება, რა გინდაო, მაგას კარგი ბიჭი ჰყავს მოკლულიო. მე ვუთხარი, მაშინ დააცადე გამოძიებას, შენ რას აკეთებ-მეთქი, და მითხრა, მე რას ვუშვრები, ჩემი საქმეაო,”- განაცხადა თაბაგარმა.

მეორე მოწმე, ლაშა ბუხნიკაშვილი, რომელიც 2014 წელს ასევე ბათუმის ციხეში იყო შესახლებული, ამბობს, რომ მასაც მკაფიოდ ესმოდა ოქროპირიძის ყვირილი –  “შემეშვით, თავი დამანებეთ, გეყოფათო”.

ბუხნიკაშვილმა დაკითხვაზე ასევე განაცხადა, რომ მას ციხეში ეუბნებოდნენ, თუ კარგად და ჭკვიანად არ მოიქცეოდა, ოქროპირიძესავით დაემართებოდა.

[red_box]ცრუ დასმენის საქმე[/red_box]

ბათუმის ციხეში ყოფნის პერიოდში, სახალხო დამცველისადმი 2014 წლის 22 სექტემბერს მიცემული ახსნა-განმარტების გამო, გიორგი ოქროპირიძეს ბრალი თითქმის 9 თვის შემდეგ, 2015 წლის ივნისში წაუყენეს. ამ ახსნა-განმარტებაში, რომელიც პროკურატურამ “ცრუ დასმენად” შერაცხა, ოქროპირიძე აღწერდა, თუ როგორ აწამებდნენ.

პროკურატურის მიერ “ცრუ დასმენის” შესახებ ბრალის წაყენებას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ 2015 წლის 5 ივნისს ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ოქროპირიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი ვერ გამოუტანეს. რამდენიმე დღეში ოქროპირიძეს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ეწურებოდა და, შესაბამისად, მას საპატიმრო უნდა დაეტოვებინა. თუმცა 2 დღის შემდეგ, 8 ივნისს, მას პროკურატურამ “ცრუ დასმენის” შესახებ ბრალი წარუდგინა, სასამართლომ კი კვლავ შეუფარდა აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ნაფიცი მსაჯულების ახალმა შემადგენლობამ ოქროპირიძე დამნაშავედ ცნო ლაშა მახარაძის მკვლელობაში და სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოქროპირიძე ამჟამად სასჯელს რუსთავის მე-6 დაწესებულებაში იხდის.

2015 წლის ივნისიდან უკვე 2 წელი გავიდა, “ცრუ დასმენის” საქმეზე კი მოსამართლეს გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია. ბრალდებულის ადვოკატის, თამარ ავალიანისა და დედის, ცირა გოდერძიშვილის განცხადებით, ოქროპირიძე ციხის თანამშრომელთა მხრიდან მუდმივ ზეწოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ სტრასბურგში შეტანილი სარჩელის გამოთხოვას აძალებენ.

გიორგი ოქროპირიძის საქმეში არსებული კითხვების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი