ახალი ამბები

ეუთოს პასუხი პრემიერს მედიაომბუდსმენის ოფისის შექმნის ინიციატივაზე

29 აგვისტო, 2017 • 2444
ეუთოს პასუხი პრემიერს მედიაომბუდსმენის ოფისის შექმნის ინიციატივაზე

ეს ინიციატივა საჯარო დისკუსიის გახსნად უნდა განვიხილოთ და ახალმა ინსტიტუტმა მედიასივრცეში არსებულ ინსტიტუციებს გამოწვევები არ უნდა შეუქმნას – ასე გამოეხმაურა ეუთო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნაზე.

2017 წლის აგვისტოში მომზადებული მიმოხილვა, რომელიც ეუთოს მედიის თავისუფლების ოფისის წარმომადგენლის, ლიტვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის, დენის რაისვიჩუსის ზედამხედველობით მომზადდა, სამ რეკომენდაციას მოიცავს:

[checklist]

  • პრემიერ-მინისტრის ინიციატივა უნდა განიხილონ საჯარო დისკუსიის გზით, რომელშიც ჩართული იქნებიან მედიის, აკადემიური სფეროს, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. მედიაომბუდსმენს უნდა ჰქონდეს მაღალი სანდოობა საზოგადოებაში.
  • წინდახედულად და სიღრმისეულად უნდა შეფასდეს,  საქართველოში მოქმედ ინსტიტუციებს (სახალხო დამცველი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და სხვა), რომლებიც უკვე მუშაობენ მედიის რეგულაციისა და თვითრეგულაციის საკითხებზე, ხომ არ შეექმნებათ ახალი გამოწვევები მედიამბუდსმენის გაჩენით? კარგად უნდა შეფასდეს, რითი უნდა გაიზარდოს ამ ინსტიტუციების მუშაობის ეფექტურობა?
  • ერთი შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება მედიაომბუდსმენის ოფისის შექმნისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად განვიხილოთ, ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ იმუშაოს ეუთოს მედიის თავისუფლების ოფისთან, რომელიც შეარჩევს საერთაშორისო მედიაექსპერტს. იგი მისცემს რჩევებს ყველა დაინტერესებულ მხარეს: მთავრობას, პარლამენტს, ინსტიტუციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, რათა მედიის სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში გაუმჯობესდეს და გაუმკლავდეს გამოწვევებს: პროპაგანდას, მედიის წიგნიერების და თვითრეგულაციის ამაღლებას. ამგვარი პერსონა არ უნდა იყოს მედიაომბუდსმენი მისი ტრადიციული გაგებით, არ უნდა ჰქონდეს მას ეს ტიტული. ამ პერსონას სჯობს ეწოდოს მთავარი მედიამრჩეველი, ან საერთაშორისო მედიამრჩეველი, რომელსაც მთავრობისგან დამოუკიდებლად მოქმედების მანდატი ექნება გარკვეული დროის განმავლობაში, რომელიც რეგულარულად მოამზადებს  ანგარიშებს, შეაფასებს მდგომარეობას, გასცემს რეკომენდაციებს და სხვადასხვა მხარის დამაკავშირებელი იქნება. ეს უნდა იყოს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ცნობილი პიროვნება, რომელიც მოიპოვებს ნდობას პროცესის მონაწილე პირებს შორის.

[/checklist]

მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ მედიაომბუდსმენის არსებობა მრავალ შემთხვევაში განხილულია პოზიტიურად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი ეფექტური საქმიანობა ხდება ჩახლართული, ხანგრძლივი და ძვირი პროცესის ალტერნატივა, რომელიც ხშირად საჭიროებს სერიოზულ სამართლებრივ დავას მედიაში ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების ან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის თაობაზე.

“მედიის მფლობელობასთან დაკავშირებული საკითხები, საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსსა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული დებატები, ასევე პროპაგანდის გავლენა ინფორმაციაზე, საჭიროებს ფრთხილ მიდგომას, როდესაც საქმე ეხება შესაძლო სამართლებრივ ცვლილებებს, რომლებიც პრესის მოქმედებათა თავისუფლებას ეხება.

“საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივა მედიაომბუდსმენის ოფისის შექმნასთან დაკავშირებით  შეიძლება განვიხილოთ, როგორც საჯარო დისკუსიის დაწყებად ასეთი ინსტიტუტის საჭიროებაზე და მისი სტატუსის შესახებ.

“ამგვარი ინსტიტუტის შექმნისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა, პოლიტიკური კონსენსუსი და სამართლებრივი საფუძველი. ამგვარი ინიციატივის ფონზე, რომელიც მოულოდნელი იყო მედიაორგანიზაციებისთვის, პოლიტიკური ოპოზიციისა და სხვა აქტორებისთვის, საჭიროა მდგომარეობის დეტალური ანალიზი, რომელიც არა მხოლოდ სხვა ქვეყნების კარგ მაგალითებს, არამედ შესაძლო საფრთხებსაც განიხილავს.

“ამ საკითხის ფრთხილად განხილვისას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის აქტიური მონაწილეობითა და ჩართულობით შეიძლება გამოინახოს  ყველაზე შესაფერისი გადაწყვეტილება მომავალში მედიაომბუდსმენის ოფისის შესაძლო შექმნის საკითხზე”, – წერია წერილში.

გირჩევთ: ვის (არ) მოსწონს მედიაომბუდსმენის იდეა

განცხადებაში აღნიშნულა, რომ ეს მიმოხილვა 2017 წლის 1 და 2 მაისს თბილისში გამართული შეხვედრების დროს მიღებული ინფორმაციის შემდეგაა დაწერილი, როდესაც მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის საკითხზე შეხვდნენ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასთან დაკავშირებული საკითხების სპეციალისტებს, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს, სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.


2017 წლის 6 მარტს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ შეიქმნას მედიაომბუდსმენის ოფისი, რომელიც მედიის სივრცეში მიმდინარე მოვლენებს დააკვირდება.

პრემიერის შეფასებით, მედიაომბუდსმენის ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს საქართველოში მედიის გარემოსა და მისი განვითარებაზე დაკვირვება და ეს უნდა შეეხოს როგორც „რუსთავი 2“-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში  მიმდინარე პროცესებს.

ეს განცხადება პრემიერმინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას მედიის ადვოკატირებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი