ახალი ამბებისაზოგადოება

დახმარება რუსეთისგან – საქართველოს მთავრობის სტიქიური დილემა

28 აგვისტო, 2017 • 6035
დახმარება რუსეთისგან – საქართველოს მთავრობის სტიქიური დილემა

რატომ თქვა უარი საქართველოს ხელისუფლებამ ბორჯომში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად რუსეთის დახმარებაზე და უნდა იღებდეს თუ არა ქვეყანა დახმარებას, თუნდაც სტიქიური უბედურების დროს, იმ ქვეყნისგან, რომელსაც მისი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს და რამდენიმე წლის წინ ცხელი ომის პირობებში იმყოფებოდა?

ხანძარს, რომელიც 21 აგვისტოს სოფელ დაბასთან, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან გაჩნდა, ერთი კვირის მანძილზე არა მხოლოდ საქართველოში არსებული რესურსით, არამედ სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელარუსის დახმარებითაც აქრობდნენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხანძრის ჩაქრობის პროცესში რუსეთის მხარეც შეიძლებოდა ჩართულიყო, 22 აგვისტოს გავრცელდა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ დახმარების მზადყოფნა გამოთქვა. კვირიკაშვილის განმარტებითვე, იმ დახმარების პირობებში, რომელსაც საქართველო სხვა მეზობელი ქვეყნებისგან იღებდა, რუსეთის ჩართვა ხანძრის ჩაქრობის პროცესში აღარ გახდა საჭირო.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს და ჰკითხა, რატომ ჩათვალა გიორგი კვირიკაშვილმა, რომ რუსეთისგან დახმარების მიღება არ იყო საჭირო მაშინ, როცა იმავე დღეს პრეზიდენტს ხანძრის ჩასაქრობად ჯარის გამოყენებაზე მიმართა, ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 22 აგვისტოს შემდეგ ხანძარს ბორჯომის ხეობაში კიდევ 5 დღის მანძილზე ვერ აქრობდნენ. ამ შეკითხვაზე პრემიერის ადმინისტრაციაში ასე გვიპასუხეს:

“მიუხედავად ხანძრის სიძლიერისა და მასშტაბებისა, უკვე ნათელი იყო, რომ სტიქიასთან გამკლავება უკვე ჩართული, არსებული ძალებით სავსებით შესაძლებელი  იყო. სწორედ ამიტომ, სხვა სახელმწიფოების მხრიდან საფრენი აპარატებით დახმარების აუცილებლობა დღის წესრიგში არ იდგა. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ სახელმწიფოს, რომლებიც უშუალოდ ჩართული იყვნენ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში და მიესალმა იმ სახელმწიფოების მზაობას, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს საქართველოს დახმარებოდნენ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში”.- გვითხრეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ რუსეთის დახმარებაზე უარი იმ გამოხმაურების გამო თქვა, რაც რუსეთის დახმარების შესახებ ცნობის გავრცელებას მოჰყვა:

“მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, არის ის, რომ როგორც ხშირად მთავრობას პრაქტიკულად მყარი პოზიცია არ გააჩნია ამ საკითხზე – ჯერ სთხოვა დახმარება რუსეთს და მერე თვითონვე უარი უთხრა. ამას ჰქვია სწორედ უპოზიციობა. როდესაც დაინახა, რომ ამაზე ხმაური ატყდა და მის წინააღმდეგ შეიძლებოდა გამოეყენებინათ ოპონენტებს, მაშინვე უკან დაიხია. მთავრობას რომ ჰქონოდა პოზიცია, მას ასეთი თხოვნა არ უნდა გაეგზავნა რუსეთისთვის, ან თუ სთხოვა, დამდგარიყო თავის პოზიციაზე, სტიქიური უბედურებაა და რა ვუყოთ”,- ამბობს ნოდია.

“ნეტგაზეთი” დღეს იმის გარკვევასაც ცდილობდა, როგორ შედგა კომუნიკაცია საქართველოს და რუსეთს შორის დახმარების მიღების თაობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს და მხარეები შვეიცარიის საელჩოს მონაწილეობით ურთიერთობენ. ამას გარდა არსებობს კიდევ ერთი ფორმატი, რომლის ფარგლებშიც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ხვდებიან ერთმანეთს.

22 აგვისტოს, როდესაც კვირიკაშვილმა რუსეთიდან დახმარების გაწევის მზაობის შესახებ განაცხადა, მას ჰკითხეს, დახმარებისთვის შტაბმა მიმართა რუსეთს, თუ მათ დამოუკიდებლად გამოთქვეს სურვილი, თუმცა პრემიერმა ამ შეკითხვას პასუხი არ გასცა. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გვითხრეს:

“ხანძრის გაჩენიდან უმოკლეს დროში საქართველოს მთვარობამ შეტყობინება გააგზავნა გაეროში, ევროკავშირში და მეზობელ ქვეყნებში. დახმარების თხოვნას გამოეხმაურნენ მეზობელი სახელმწიფოები. ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, ვერტმფრენები გამოგზავნა აზერბაიჯანმა, თურქეთმა, სომხეთმა და ბელორუსმა. შედგა სატელეფონო საუბარი ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის იმის შესახებ, თუ რამდენად შეძლებდა რუსული მხარე დახმარების აღმოჩენას, რაზეც დადებითი პასუხი იქნა მიღებული. შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა. მიმართვის დროს დაცული იყო ყველა საჭირო ფორმალობა და პროცედურა”- აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ქართული მხარის მოთხოვნის საპასუხოდ, გამზადებული ჰქონდათ ვერტმფრენი, რათა ბორჯომის ხანძრის ჩაქრობაში მიეღოთ მონაწილეობა. პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, რომ იმ ვითარებაშ,ი რა ვითარებაც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, რუსეთისთვის დახმარების თხოვნა, როგორც მინიმუმ, სიმბოლურად არასწორია და ასეთი გადაწყვეტილებით არასწორ გზავნილს უშვებ საკუთარი მოსახლეობის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ.

“როდესაც ამბობ, რომ ქვეყანა შენი მოწინააღმდეგეა, მტერია, ოკუპირებული აქვს შენი ტერიტორიის 20%,  ეს არის მჩაგვრელის და მსხვერპლის ურთიერთობა და  მსხვერპლმა არ უნდა სთხოვოს დახმარება. ეს ნიშნავს, რომ ნორმალურად მიგაჩნია ის ურთიერთობა, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს.. ერთია ზოგადად დაიყვირო “მიშველეთ” და რუსეთმაც რეაგირება მოახდინოს, მეორეა, რომ კონკრეტულად უშუალოდ რუსეთს სთხოვო. როგორც ჩანს, რუსეთს სთხოვა, მაგრამ არ უნდა ამის აღიარება იმიტომ, რომ ძალიან სულელური გამოდის მათი მოქმედება, თვითონ სთხოვა და თვითონვე უარი უთხრა”,- ამბობს ნოდია.

პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ “ინტერპრესნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საგანგებო ვითარების დროს ასეთი ურთიერთობა მიღებული პრაქტიკაა საქართველოსა და რუსეთის სამაშველო სამსახურებს შორის:

“საგანგებო ვითარების დროს, სამაშველო სამსახურების ურთიერთობა მიღებული პრაქტიკაა. კერძოდ, გასულ წლებში ყოფილა შემთხვევები, როდესაც საქართველოსა და რუსეთის სამაშველო სამსახურებს ჰქონდათ შესაბამისი კომუნიკაცია საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმდებარე რეგიონებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ”,- განაცხადა აბაშიძემ,

“ნეტგაზეთი” ცდილობდა ზურაბ აბაშიძესთან დაკავშირებას იმის გასარკვევად, თუ კონკრეტულად სად და რომელი სტიქიის დროს მოხდა ასეთი თანამშრომლობა და იყო თუ არა ამგვარი შემთხვევები 2008 წლის ომის შემდეგ, თუმცა ზურაბ აბაშიძემ ზარებს არ უპასუხა, მთავრობის ადმინისტრაციაში კი განაცხადეს, რომ იგი საქართველოში არ იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი