სასულიერო პირებმა RMG-ის ტექნიკით შესაძლოა ფიტარეთის ძეგლი დააზი. ფოტო: საყდრისის კომიტეტი

საეკლესიო პირების მიერ ფიტარეთის ძეგლის დააზიანების ხარისხს სააგენტო შეისწავლის [ფოტო]

ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს, შესაძლოა მძიმედ იყოს დაზიანებული. საეკლესიო პირებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეუთანხმებლად RMG Gold-ის სამშენებლო ტექნიკით მონასტრის ტერიტორიის რეკონსტრუქცია/რესტავრაცია დაიწყეს, რის შედეგადაც  შესაძლოა მძიმედ იყოს დააზიანებული მონასტრის გალავანი, დაუმუშავებელი ხარო და ჯერ კიდევ გამოუკვლევი ისტორიული ბორცვი.

ამის შესახებ საყდრისის კომიტეტმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და მედიას შესაბამისი ფოტომასალა მიაწოდა.

საყდრისის კომიტეტში აცხადებენ, რომ დაახლოებით 10 დღის წინ ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის დაცვითი ზონის ტერიტორიაზე ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG-ის მუხლუხებიანი მძიმე ტექნიკა გამოჩნდა, რომელიც იწვევს ვიბრაციას და ბიძგებს.

“მძიმე ტექნიკით წამოიწყეს გაურკვეველი სამუშაოები, რის შედეგადაც ბზარი გაუჩნდა მონასტრის მარჯვენა მხარეს არსებულ გალავანს. დაზიანებულია ჯერ კიდევ შეუსწავლელი ისტორიული ხარო, რომელსაც მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ არის აკლდამა. ის არის სრულად ჩანგრეული ტექნიკით გზის გადასწორების დროს. აგრეთვე, დაზიანებულია ძველი გალავნის ნაწილი, რომელიც შესაძლოა ახლა უკვე დანგრეულიც იყოს. უფრო კარგად რომ წარმოიდგინოთ, ეს არის ისტორიულ გალავანსა და სამრეკლოს გალავანს შორის ტერიტორია, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით არის უკვე გადასწორებული მძიმე ტექნიკით. გარდა ამისა, გადასწორებულია ისტორიული ბორცვი, რომელზეც მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ იყო ნამოსახლარი ან კელიები,” – ამბობს ნინო ბურჭულაძე, საყდრისის კომიტეტის წევრი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში ადასტურებენ, რომ ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ძეგლი სავარაუდოდ დაზიანებულია. სააგენტო 29 აგვისტოს მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტების ჯგუფს გააგზავნის ადგილზე დაზიანებების ხარისხის გასაცნობად და განსასაზღვრად, რაც შემდგომ უკვე შესაბამის ანგარიშში აისახება. სააგენტოში განგვიცხადეს, რომ არსებული დაზიანებების შესახებ მომზადებული დასკვნის შესაბამისად განისაზღვრება ის რეაგირების ხარისხი, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

“ეს სამუშაოები განახორციელეს ჩვენთან შეუთანხმებლად, რაც აუცილებელი პირობა იყო. ეს საკითხი უნდა შეთანხმებულიყო სააგენტოსთან და მიეღოთ საჭირო ნებართვა. ისიც გასათვალისწინებული იყო, რომ ფიტარეთის ძეგლის დაცვის ზონაში მძიმე ტექნიკით სამუშაოებზე გავცემდით თუ არა ნებართვას იმიტომ, რომ მახლობელ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ეს სამუშაოები. ვიცით, რომ თვითონ სასულიერო პირების საფუძველზე ათხოვა RMG Gold-მა ეს სამშენებლო ტექნიკა საეკლესიო პირებს და გზის გარკვეულ მონაკვეთზე აწარმოეს გაწმენდითი/კეთილმოწყობითი სამუშაოები. ეს საჭიროებდა ჩვენს სააგენტოსთან შეთანხმებას, რაც არ ყოფილა. ამჟამად უკვე სასულიერო პირებმა აღიარეს, რომ მათი ქმედება იყო წინდაუხედავი და გარკვეულწილად თვითნებურიც კი, მაგრამ ეს არ ათავისუფლებთ მათ თავიანთი წილი პასუხისმგებლობისგან. თუ გამოიკვეთა, რომ ეკლესიას ან მის გალავანს რაიმე ტიპის დაზიანება ექნება აღნიშნული, ჩვენ სათანადო რეაგირებას მივცემთ,” – განგვიცხადეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

საყდრისის კომიტეტში ვარაუდობენ, რომ ფიტარეთის მონასტრის წინამძღოლი გარკვეულ გარიგებაშია ოქროს მომპოვებელ კომპანიასთან და ამ შემთხვევაშიც RMG-ის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. საყდრისის კომიტეტი უკვე წლებია საქართველოში RMG Gold-ის საქმიანობას აკრიტიკებს.

“როდესაც მთელი საქართველოს ყურადღება გადატანილი იყო ბორჯომის ხეობის სტიქიასთან ბრძოლაში, მომხდურმა ზურგიდან შემოგვიარა და მათი უპასუხისმგებლო საქციელების გამო დაზიანდა ამხელა ძეგლი,” – ამბობს საყდრისის კომიტეტის წევრი, დათო გულბანი.

ჩვენ საქართველოს საპატრიარქოსთან ვცადეთ დაკავშირება, რათა გაგვეგო, მათთან მაინც თუ ჰქონდათ კომუნიკაცია ფიტარეთის მღვდელმსახურებს, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. საყდრისის კომიტეტის ბრალდებებსა და ბრიფინგს ფეისბუკით გამოეხმაურა RMG. კომპანიშიც ადასტურებენ, რომ მათი ტექნიკა საეკლესიო პირების თხოვნით მართლა მუშაობდა მონასტრის ტერიტორიაზე. მათი განცხადებით, RMG თანამშრომლობს ფიტარეთის მოქმედი სამონასტრო კომპლექსის ოფიციალურ და საეკლესიო პირებთან, ეს თანამშრომლობა შეეხება სამონასტრო კომპლექსის დაცვისა და მასზე მზრუნველობის საკითხებს:

“ამჯერად მონასტრის მომსახურე პირებმა მოგვმართეს ტექნიკური დახმარების თხოვნით და ჩვენ მათ მხოლოდ ტექნიკა ვათხოვეთ. შესაბამისად, სამუშაოთა დაგეგმვასა და წარმოებაზე ჩვენი კომპანია არ არის პასუხისმგებელი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნული საკითხის დეტალები კარგად იციან საყდრისის კომიტეტშიც. ამის მიუხედავად, კომიტეტის მხრიდან კომპანია RMG-ის მიმართ, ჩვენი მოსაზრებით, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია.”

ოქროს მომპოვებელი კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ RMG ბოლნისისა და დმანისის რაიონში წლებია ახორციელებს არაერთ პროექტს. მათი განცხადებით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებში მონაწილეობენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ RMG-ის მიმართ საყდრისის კომიტეტის წევრები დაგეგმილად და მიზანმიმართულად ავრცელებენ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას. მათი განცხადებით, RMG-მ არაერთხელ გამოთქვა საქმიანი და კონკრეტული ორმხრივი თანამშრომლის სურვილი, თუმცა საყდრისის კომიტეტი  მათთვის სასურველი ინტერპრეტაციით მუდმივად ცდილობს დამახინჯებული ფაქტების გავრცელებას, რითაც ოქროს მომპოვებელი კომპანიის რეპუტაციას ლახავს და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ცდილობს.

“RMG-ის მუშაობა არის ღია და ჩვენი გუნდი მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. ჩვენი ქმედებები, კომპანიის საქმიანი ინტერესების გარდა, განპირობებულია ქვეყნის, ადამიანებისა და გარემოს მიმართ არსებული პასუხისმგებლობით,” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საყდრისის კომიტეტში RMG-ის კონტრბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს არის საზოგადოების დაცინვა. კომიტეტი RMG-ის შვილობილი კომპანიის, CMG-ის (კავკასიის სამთო ჯგუფი) გენერალური დირექტორისგან (ჯონი შუბითიძე) ითხოვენ განმარტებებს.

“ბატონი ჯონი ორი კვირის წინ დაგვცინოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მას გვინდა ვკითხოთ, თუ როგორ აღმოჩნდა კომპანიის მძიმე ტექნიკა მონასტრის ტერიტორიაზე, ვისთან იყო შეთანხმებული, არსებობდა თუ არა ნებართვა და თუ არსებობდა ასეთი ნებართვა, რატომ არ ჩაუტარდა ტექნიკის მომსახურე პერსონალს სათანადო ინსტრუქტაჟი, ძეგლის უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. ასევე, ველოდებით მონასტრის წინამძღვრისგან განმარტებას, რომლის გულის მოსაგებადაც წამოიწყო RMG Gold-მა მონასტრის ტერიტორიაზე “კეთიმოწყობითი” სამუშაოები; ამ სამუშაოების დაწყებამდე რატომ არ ჰქონდა კომუნიკაცია საპატრიარქოს შესაბამის სამსახურთან ან ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან,” – ამბობს ნინო ბურჭულაძე.

საყდრისის კომიტეტში მიიჩნევენ, რომ სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული. შესაბამისად, ისინი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელბისგან და კულტურის სამინისტროსგან მკაცრ რეაგირებას მოითხოვენ.

“რა თქმა უნდა, ეს განცხადება არ უნდა იყოს ერთჯერადი და უღიმღამო, როგორც აკეთებენ ხოლმე. ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რათა მონასტერი დაცული იყოს როგორც ოქროს მწარმოებელი კომპანიისგან, ისე სასულიერო პირების თვითნებობისგან. ასევე, ძალიან გვაინტერესებს კულტურის მინისტრი და მინდა პირდაპირ ვკითხო – რა უნდა დაემართოს ფიტარეთის მონასტერს, რომ მან, ბოლოს და ბოლოს, ხმა ამოიღოს ძეგლის დასაცავად.”

საყდრისის კომიტეტი მიხეილ გიორგაძის “გასამხნევებლად” უმოკლეს ხანებში  კულტურის სამინისტროსთან აქციის ჩატარებას გეგმავს. კომიტეტის წევრები იმედოვნებენ, რომ მათ მოთხოვნებს კვირის ბოლოს არ დაემატება “მინისტრის გადადგომის” მოთხოვნაც. საყდრისის კომიტეტი სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის გამოძიებას ითხოვს. მათი განცხადებით, პროკურატურამ უნდა გამოავლინოს და მისცეს პასუხისგებაში შესაძლო ვანდალურ ფაქტში მონაწილე პირები.


ფიტარეთის მონასტრიდან დაახლოებით ორ კილომეტრში RMG Gold-ის შვილობილი კომპანია CMG (კავკასიის სამთო ჯგუფი) გეოლოგიურ–საძიებო სამუშაოებს ატარებს, სადაც წიაღისეულის მომპოვებელი საწარმო კეთილშობილი ლითონების ამოღებას გეგმავს. საყდრისის კომიტეტში კი არ გამორიცხავენ, რომ ამით შესაძლოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქეოლოგიური ობიექტები დაზიანდეს. ამ თემაზე ნეტგაზეთის სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.


ფიტარეთის მონასტერი ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე ქციის ხეობაში მდებარეობს. მონასტერი მანგლისისა და წალკის ეპარქიის დაქვემდებარებაში შედის. ისტორიული წყაროებით, მონასტრის აშენება ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდს უკავშირდება და 1213-1222 წლებით თარიღდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.