ახალი ამბები

ხუხაშვილი: გამოძიებულ უნდა იქნას ჩემი შემხებლობა ბინძური ჩანაწერის გავრცელებასთან

13 მაისი, 2013 • 1352
ხუხაშვილი:  გამოძიებულ უნდა იქნას ჩემი შემხებლობა ბინძური ჩანაწერის გავრცელებასთან

“ვიზიარებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების პათოსს და მოვითხოვ მთელი ამ ისტორიის სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებას. გამოძიებულ უნდა იქნას როგორც ჩემი შემხებლობა ამ ბინძური ჩანაწერის გავრცელებასთან, ასევე ყველა იმ და სხვა ბრალდების გარემოებები, რომელიც ისმოდა ჩემი მისამართით მთელი ამ კამპანიის განმავლობაში. გამოძიებულ უნდა იქნას ჩემი მხრიდან ბიზნესთან შესაძლო გარიგებების და მასზე ზეწოლის ყველა ფაქტი, რაზეც იყო საუბარი ამ ხნის განმავლობაში და შესაძლოა იყოს მომავალშიც. ვსაუბრობ ბიზნესზე და არა სახელისუფლებო ბერკეტების ბოროტად გამოყენებით, სახელმწიფო რესურსების პირადი ან პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მითვისებაზე. ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებ, რამდენადაც არ უნდა აწუხებდეს ეს ნაციონალურ მოძრაობას, თუ სხვა ინტერეს-ჯგუფებს. 

 

ბოდიშს მოვუხდი ყველა ჟურნალისტს, მაგრამ ამ მომენტიდან გამოძიების დასრულებამდე თავს შევიკავებ საკითხის კომენტირებისგან, რათა ეს არ იყოს აღქმული გამოძიებაზე ზეწოლად, ჩემი “ლეგენდარული” შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

 

მივმართავ თხოვნით ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს, შესწავლილ იქნას ყველა ჟურნალისტის და მედიასაშუალების მოქმედება ამ პერიოდში, თუ რამდენად შეესაბამებოდა მათი ქმედება იმ მინიმალურ სტანდარტებს, რისი დაცვაც აუცილებელია ნებისმიერ მეტნაკლებად ცივილიზებულ საზოგადოებაში.

 

მივმართავ იმ ჯგუფებს, რომლებიც საუბრობდნენ ჩემზე, არა მხოლოდ ითანამშრომლონ გამოძიებასთან, არამედ გაასაჯაროვონ ყველა ის ფაქტი, რომელიც ჩემ შესახებ მათ აქვთ, რათა საზოგადოებას აღარ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

 

ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნორმალური სახელმწიფოს მშენებლობა არ ნიშნავს მხოლოდ პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებას. ამისათვის აუცილებელია საზოგადოებამაც იტვირთოს თავისი წილი პასუხისმგებლობა.

 

დაბოლოს, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებები გასცდა იმ ფარგლებს, რაც ითვალისწინებს საჯარო პირის მხრიდან თმენის ვალდებულებას, გამოძიების დასრულების შემდეგ ვიტოვებ უფლებას დავაყენო ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდა ცრუ წყაროს მთელ ამ ისტორიაში.”

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 მაისს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, შსს-მ დააკავა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე. შსს-ს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გუშინვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა საგანგებო განცხადება გააკეთა ამ საქმეზე. ბარნოვის თქმით, თავად დაზარალებული პირი კორუფციის უმძიმესი ფაქტების შესახებ ამხელს პრემიერთან განსაკუთრებით დახლოებულ ორ პირს, ლაშა ნაცვლიშვილს და გია ხუხაშვილს:

 

“ეს ბრალდებები რომ უსაფუძვლო ყოფილიყო, ალბათ, არც ხვედელიძე გამოაქვეყნებდა კადრებს და, მეორე მხრივ, ფაქტია, რომ  ბრალდებაში ხუხაშვილი და ნაცვლიშვილი პირველ რიგებში ფიგურირებდნენ. ამიტომ ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ივანიშვილმა უბრალოდ გაწირა მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი კადრი, რომ დანარჩენების დანაშაული დაეფარა… თუ მთავრობის მიზანი ობიექტურობაა, მაშინ მოვუწოდებთ მათ, რომ გამჭვირვალედ აწარმოონ გამოძიების პროცესი და დაანახონ საზოგადოებას, თუ საიდან დაასკვნეს, რომ თუნდაც ჩანაწერების გამოქვეყნების ეპიზოდში აწ უკვე პრემიერის მრჩეველი ხუხაშვილი და მინისტრის მოადგილე ნაცვლიშვილი უდანაშაულონი არიან. ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, დეტალურად გამოიძიონ ის კორუფციული ბრალდებები, რამაც ხვედელიძეს კადრების გამოქვეყნებისაკენ უბიძგა”, – აცხადებს ბარნოვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი