ახალი ამბებისაზოგადოება

რატომ გადაწყვიტა კახაბერ ცისკარიძემ ბათუმის მერობა

28 აგვისტო, 2017 • 4990
რატომ გადაწყვიტა კახაბერ ცისკარიძემ ბათუმის მერობა

მუსიკოსი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობის კანდიდატია – კახაბერმა  28 აგვისტოს, ბათუმში, 6 მაისის პარკში ჟურნალისტებთან იმ ოფიციალურ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც ბათუმის მერად კენჭისყრა გადააწყვეტინა.  მან აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ბათუმში 2 000-მდე ხელმოწერა უნდა შეაგროვოს და ამის შემდეგ ოფიციალურად დარეგისტრირდება, როგორც ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი. ცისკარიძემ „ბათუმელების“ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

რატომ გადაწყვიტეთ ბათუმის მერობა? 

2017 წლის 21 ოქტომბერს მინდა მივიღო მონაწილეობა ქალაქ ბათუმის მერის არჩევნებში, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა. რეგისტრაციისთვის საჭიროა 2000-მდე ხელმოწერა, დიდი იმედი მაქვს, გამოხატავს ბათუმი თანადგომას და ერთად შევცვლით ბათუმის მერის სტერეოტიპს.

რა სტერეოტიპი არსებობს, რა გინდათ, რომ შეცვალოთ? 

ალბათ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბათუმს მეტი პოპულარიზაცია ესაჭიროება, ბათუმი უნდა გადაიქცეს ხელოვნების ქალაქად და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ადამიანი იყოს მოქმედი [ხელოვანი], შესაძლოა იყოს ისეთი ადამიანი, როგორიც ვარ მე, რომელსაც უფრო მეტად შეუძლია, რომ პოპულარიზაცია გაუკეთოს თავის ქალაქს.

ბათუმში თქვენს შტაბს ვინ უხელმძღვანელებს? 

ეს ყველაფერი ჩემს შემთხვევაში იმდენად განსხვავებულია, რომ მაქვს სურვილი, პრეცენდენტი შევქმნათ და ჩვენი ქალაქის მოსახლეობამ გადაწყვიტოს, ვინ და რამდენი ადამიანი იქნება ჩემთან ერთად.

როგორ წარმოგიდგენიათ, ტექნიკურად როგორ შეიძლება ეს მოხდეს? 

კახაბერი – კახა მერი. ეს ფორმულირებაა, თუ როგორ ტრანსფორმაციას განვიცდი მე ცხოვრებაში.

პოლიტიკით დაინტერესება რამ გამოიწვია?

მინდა ეს სტერეოტიპიც დავანგრიოთ. ყველგან, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, მერი არ არის პოლიტიკოსი, მას ეხება ქალაქი, ქალაქის პოპულარიზაცია. ჩვენს შემთხვევაში რას მოითხოვს ქალაქი, რა არის მისი პრიორიტეტი? შეგვიძლია ამ თემაზე კითხვა დავუსვათ ვინმეს. მე მაგალითად დღემდე ვერ გამიგია რა არის ჩვენი ქალაქის პრიორიტეტი. საუბარია იმაზე, რომ ერთ-ერთი მთავარი არის ტურიზმი, თუმცა რა იზიდავს ტურიზმს, ეს არავის დაუფიქსირებია. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ბათუმის მთავარი დანიშნულება უნდა იყოს ხელოვნება, გართობა, რომელიც მიმზიდველია ტურისტებისთვის, თუმცა ეს ჩვენთან ვერ ხდება სათანადო დონეზე.

კონცეფცია გაქვთ, როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს? 

ბათუმი უნდა გადაიქცეს ხელოვნების ქალაქად. ჩემი განცხადება დააფიქრებს ბევრ საინტერესო, ხელოვან ადამიანს, ბევრ ნიჭიერ ბათუმელს, რომელიც წასულია ბათუმიდან, ეს გამოიწვევს რაღაც სტერეოტიპების შეცვლას ჩვენთან, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც მე ვარ, იყოს, ვთქვათ, ქალაქის მერი.

შეხვდით ხელოვანებს, რომელთაც ალბათ თქვენს მხარდამჭერ ჯგუფად მოიაზრებთ? 

დიახ, საკმაოდ დიდ რაოდენობის ხალხს შევხვდი, უბრალოდ განცხადება გავაკეთე დღეს. მათ მხარდაჭერას ჩემ მიმართ ისიც ამყარებს, რომ მე ვარ დამოუკდიებელი კანდიდატი, ყველა ჩემს მეგობარს აქვს სურვილი ჩემი მხარდაჭერის, იმიტომ, რომ ისინიც ასე უყურებენ ამ ქალაქს, ჩვენ საყვარელ ბათუმს, რომელიც უნდა იყოს ხელოვნების ქალაქი.

პოლიტიკურ სიმპათიებს რაც  შეეხება, დამოუკიდებელი კანდიდატი ხართ, მაგრამ რა მიმართულებით ხედავთ საკუთარ თავს პოლიტიკაში? 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მინდა დავანგრიოთ სტერეოტიპი, ქალაქის მერი არ არის სავალდებულო წავიდეს დიდ პოლიტიკაში, ესაა ქალაქის მენეჯმენტი, იდეების განხორციელება, რომელიც ჩვენ გვაწუხებს, მე მაწუხებს, ჩემს სამეგობროს, ჩემს საახლობლოს, მაგრამ როგორც ხედავთ, მე დღეს ვარ მარტო, აბსოლუტურად ფორმატიდან ამოვარდნილია ეს ყველაფერი, შესაბამისად ეს არის სიახლე და მოულოდნელობა, ეს უკვე საინტერესოა. ვნახოთ, რამდენად აქტიური იქნება ბათუმის მოსახლეობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი