ახალი ამბებიტექნოლოგიები

სტუდენტების გამოგონებები უკეთესი სამყაროსთვის

28 აგვისტო, 2017 • 8231
სტუდენტების გამოგონებები უკეთესი სამყაროსთვის

ზოგიერთი ადამიანისთვის უნივერსიტეტი განათლების მიღების ადგილია, ზოგიერთისთვის – საუკეთესო წლების მოგონებების ადგილი, ბევრისთვის კი უნივერსიტეტი იდეალური ადგილია, გაახმიანოს თავისი იდეა და სისრულეში მოიყვანოს ახალი გამოგონება.

გთავაზობთ სტუდენტების გამოგონებებს, რომლებსაც შეუძლია სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა და ადამიანების ცხოვრების პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.

ინკუბატორი mOm

ფოტო; momincubators

ფოტო; momincubators

mOm იაფი, ეფექტური, ელექტრონულად კონტროლირებადი გასაბერი ინკუბატორია, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ნაადრევად დაბადებული ახალშობილების სიკვდილიანობის შემთხვევებს.

გამოგონებაზე წლების განმავლობაში მუშაობდა ბრიტანელი სტუდენტი ჯეიმს რობერტსი ლოფბორგის უნივერსიტეტიდან. ცნობილია, რომ ერთი წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ახალშობილი სხვადასხვა მიზეზით კვდება, სიკვდილიანობა განსაკუთრებით მაღალია ნეონატალურ პერიოდში. მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია იმ ქვეყნებში, სადაც მედიცინა დიდად განვითარებული არ არის და შობადობის რიცხვი მაქსიმუმს აღწევს. სწორედ ეს პრობლემა აღმოჩნდა უნივერსიტეტის სტუდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გამოიგონა ინკუბატორი, რომელიც ძალიან იაფი და პრაქტიკულია.

ფოტო; momincubators

ფოტო: momincubators

ინკუბატორი mOm ახალშობილს სთავაზობს მაღალი ხარისხის სამედიცინო გარემოს, სადაც მას საშუალება ექნება გაიზარდოს და შეიძინოს უკეთესი იმუნიტეტი. გამომგონებელი ამ იდეამდე მივიდა დოკუმენტური ფილმის ყურების დროს, სადაც ნაჩვენები იყო, თუ როგორ უჭირდათ ადამიანებს  ახალშობილების გადარჩენა ინკუბატორების არარსებობის გამო სირიის სამოქალაქო ომის დროს.

ჯეიმს რობერტსის ინკუბატორი იბერება და მისი ტარება ძალიან მარტივად შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. ის ითავსებს ყველა იმ ფუნქციას, რაც აქვს დღევანდელ ინკუბატორს. გამოგონების შეძენა ახლო მომავალში იქნება შესაძლებელი და მისი ფასი 400 ამერიკული დოლარი ეღირება.

SOccet – ელექტრომეგობრული ფეხბურთის ბურთი

ფოტო: Pizo

ფოტო: Pizo

ჰარვარდის უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტის გამოგონება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა  იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში 1.5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ელექტროენერგიის გარეშე. ელექტროენერგიის არარსებობა სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად უამრავ ქვეყანაში აფერხებს მედიცინის განვითარებას, ადამიანები ვერ იღებენ სხვადასხვა ინფორმაციას და ასე შემდეგ.

სწორედ ამიტომ, აფრიკაში მოგზაურობის შემდეგ ოთხ სტუდენტს- ჯესიკა ჯინს, ჯესიკა მათიუსს, ჯულია სილვერმენს და ჰემალ თაკარს- გაუჩნდათ იდეა, გამოეგონებინათ ფეხბურთის ბურთი, რომელიც ადამიანური ძალის ყოველ გამოვლენაზე შეიძენდა ელექტროენერგიას. გამოგონება ძალიან ეფექტური აღმოჩნდა და 2010 წლის შემდეგ სწრაფადვე მიიქცია მედიის ყურადღება.

ფოტო: Pizo

ფოტო: Pizo

SOccet-ის სპეციალური ბურთი თითქმის არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივისგან, განსხვავება მხოლოდ კილოგრამებშია. SOccet-ის ბურთი 28 გრამით უფრო მძიმეა, ვიდრე ჩვეულებრივი.

ბურთში ჩამონტაჟებულია სპეციალური მოწყობილობა და მხოლოდ 15 წუთია საჭირო ბურთით თამაში, რომ შემდეგი 3 საათის განმავლობაში დავტენოთ ჩვენი სმარტფონი ან სხვა ელექტრომოწყობილობა.

გამოგონება სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად ხელს შეუწყობს იმ გარემოებას, რომ სპორტი უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო გახდეს ხალხისთვის. გამომგონებლები მუშაობენ, რომ სპორტის სხვა სახეობებმაც შეიძინოს ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია. გამოგონების ფასი 100$-მდე მერყეობს.

Veti-Gel

vetigel-5

ფოტო: RealityPod

ამერიკელი ჯო ლანდოლინა 17 წლის იყო, როცა თავის გამოგონებაზე დაიწყო მუშაობა. გამოგონების გაუმჯობესება უნივერსიტეტში სწავლის დროს გააგრძელა, ჯოს მიენიჭა სტიპენდია და მან აქტიურად გააგრძელა საქმიანობა.

ჯოს გამოგონება ძალიან მნიშვნელოვანია. Veti-gel არის სპეციალური გელი, რომელიც შეაჩერებს გარე და შიდა სისხლდენას. გელი არის მცენარეული მინარევებით დამზადებული. მრავალი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოგონება ძალიან სწრაფად და ეფექტურად რეაგირებს ჭრილობაზე.

ფოტო: Singularity

ფოტო: Singularity

სხვადასხვა ვეტერინარული სამედიცინო პუნქტი უკვე გადის ტესტირებას სპეციალურ გელზე და მალე სხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებებიც აქტიურად ჩაებმებიან ამ ცდებში. გამომგონებელი ამბობს, რომ გელი ძალიან ეფექტური იქნება ომის დროს.

ოკეანის დასუფთავება

ფოტო: youtube

ოკეანეების დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა კაცობრიობისთვის, ხოლო ამ ოკეანეების დასუფთავება კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა. სწორედ ამის შესახებ იფიქრა ჰოლანდიელმა თინეიჯერმა, ბოიან სლატმა და 2013 წელს დააარსა ორგანიზაცია, რომელმაც შემოწირულობებების ხარჯზე დღემდე 30 მილიონზე მეტი მოაგროვა.

ბოიან სლატი დღესდღეობით დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტია, მისი გამოგონება ითვალისწინებს სპეციალურ ბუმს, რომელიც დამაგრებული იქნება გემზე და მოაგროვებს წყალში არსებულ პლასტიკურ საგნებს, ნაგავს, რომლის გადამუშავებაც ზღვას არ შეუძლია და წყალს აბინძურებს.

ფოტო: Planet Experts

ფოტო: Planet Experts

ბოიანის გამოგონება მრავალი პრესტიჟული სამეცნიერო პრემიის მფლობელი გახდა, თავად  გამომგონებელს კი ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ბოიან სლატის ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს და დღემდე განაგრძობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებასა და იდეების დახვეწას.

რუბრიკის მხარდამჭერია სამშენებლო კომპანია „ანაგი“.

http://anagi.ge/

რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების თემა და შინაარსი არ თანხმდება მხარდამჭერ ორგანიზაციასთან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი