ახალი ამბები

“სახალხო მოძრაობა სამართლიანობისთვის” პირველ ყრილობას 19 მაისს ჩაატარებს [Video]

11 მაისი, 2013 • • 961
“სახალხო მოძრაობა სამართლიანობისთვის” პირველ ყრილობას 19 მაისს ჩაატარებს  [Video]

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” შექმნილია სპეციალური გვერდი. გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად,  ყრილობაში მონაწილეობას მიიღებენ სააკაშვილის რეჟიმის მიერ რეპრესირებული და დაზარალებული მოქალაქეები საქართველოს ყველა რეგიონიდან, მოწვეული სტუმრები, საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური წრეები, ქართული და უცხოური მედია. სახალხო მოძრაობის დევიზია “სამართალი უნდა აღდგეს! რეჟიმი უნდა გასამართლდეს!.

 

“2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანი რომ არ გაუფასურდეს, აუცილებელია ქვეყანაში სამართლიანობის რეალური აღდგენა და სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური გასამართლება. უნდა გასამართლდეს პოლიტიკური ტერორის პრაქტიკა, რომელსაც ეფუძნებოდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამანაშავე ავტორიტარული რეჟიმი. საზოგადოებამუნდა დაინახოს, რომ მის ძალისხმევას ფუჭად არ ჩაუვლია. დასავლეთის გარკვეული წრეების მიერ საქართველოს მთავრობისათვის თავსმოხვეული ე.წ. კოჰაბიტაციის რეჟიმი მზარდ უკმაყოფილებას და ნიჰილიზმს იწვევს საზოგადოებაში, აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს. ზემოხსენებული წრეები დასავლეთიდან წლების განმავლობაში ვერ ამჩნევდნენ სააკაშვილის მმართველობის ავტორიტარულ ხასიათს და მას დემოკრატიის შუქურად მიიჩნევდნენ. ქართული საზოგადოების ვერდიქტი ერთმნიშვნელოვანია – სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმთან კოჰაბიტაცია დაუშვებელია!”– ნათვქამია განცხადებაში. 

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახალხო მოძრაობის ყრილობა  საქართველოს პარლამენტს სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს.

 

“საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგი უნდა გახდეს სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასება. ყრილობაზე შეიქმნება საზოგადოებრივი კომისია, რომელიც მოიძიებს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდის პოლიტიკური ტერორის კონკრეტულ ფაქტებს და წარმოადგენს კომპეტენტურ რეკომენდაციებს. წარმოდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე დაიწყება სახელმწიფო სამოქმედო პროგრამის შემუშავება. პროგრამის მთავარი მიზანი უნდა გახდეს რეპრესირებულთა და დაზარალებულთა სამართლებრივი, პოლიტიკური, ქონებრივი, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. ყრილობაზე ვიწვევთ ყველას, ვინც თავს მიიჩნევს სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებულად. სამართალი ჩვენი ძალაა!”– ნათქვამია განცხადებაში. 

 

სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გვერდი “სახალხო მოძრაობა სამართლიანობისთვის” 2013 წლის 30 მარტს შეიქმნა და ამ დროისთვის გვერდს 3,166 მომწონებელი ჰყავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი