ახალი ამბებიეკონომიკასამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში და იმედგაცრუებული მოქალაქეები

28 აგვისტო, 2017 • 6852
სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში და იმედგაცრუებული მოქალაქეები

ორი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შეუერთდა. რა სარგებელი ნახა ქვეყანამ ამ კავშირში გაწევრიანებით და რა მოლოდინი ჰქონდათ მოქალაქეებს?

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სომხეთში მრგვალი მაგიდაც გაიმართა, სადაც სომხეთის ვიცეპრემიერმა, საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციისა და რეფორმების მინისტრმა ვაჩე გაბრიელიანმა განაცხადა, რომ ორი წლის განმავლობაში სომხეთის რესურსები გაფრთოვდა, ხოლო იმპორტირებულ საქონელზე ფასები შემცირდა. სომხეთის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრმა სურენ კარაიანმა კი თქვა, რომ სომხეთის ევრზიულ კავშირში ორწლიანი გაწევრიანების შედეგების მიხედვით, აღნიშნული ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდებოდა და 2016 წლის მონაცემებიც წარმოადგინა.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მონაცემებით, 2016 წელს ევრაზიული კავშირის ქვეყნებში სომხეთის ექსპორტი 53% -ით გაიზარდა და წარმოების ზრდის ტემპებით ლიდერი გახდა. 

დამოუკიდებელი ეკონომისტები კი ამტკიცებენ, რომ რეალური სურათი განსხვავებულია. სომხეთის ევრაზიულ კავშირში შესვლის პირველ, 2015 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 3%-მდე შემცირდა, იზრდება მხოლოდ ქვეყნის სახელმწიფო ვალი.

2014 წელს სახელმწიფო ვალმა 4,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 2015 წელს  – 5,08 მილიარდი, 2016 წელს – 5,8. 2017 წლის პროგნოზით კი სახელმწფო ვალი 6,3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს და მშპ-ს 54%-ს შეადგენს.

“ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობა პოლიტიკური ნაბიჯი იყო და არა ეკონომიკური. თავად ორგანიზაცია ეკონომიკური კუთხით ჯერ კიდევ ფორმირების სტადიაშია და ძალიან ადრეა მიღწევებზე საუბარი. კავშირში გაწევრიანებამდე და მის შემდეგაც წევრი ქვეყნები არც კი შეეცადნენ გაერთიანებას და ერთობლივი ძალისხმევით მუშაობას. ეს იყო უბრალოდ რუსეთის მცდელობა, აღედგინა ყოფილი საბჭოთა კავშირი და თავის ირგვლივ ამ კავშირის ყოფლი ქვეყნები შემოეკრიბა, მეტი არაფერი”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ეკონომისტი მესროპ არაქელიანი.

მისი აზრით, ნებისმიერ შემთხვევაში, 2016 წელთან შედარებით სომხეთის ეკონომიკაში დინამიკური მოძრაობა შეიმჩნევა.

“2016 წელს ომი დიდი დარტყმა იყო სომხეთის ეკონომიკისთვის. აზერბაიჯანის მიერ მოყენებული ზარალი რეალურად ძალიან დიდი იყო და ქვეყანა წელში გატეხა. ეკონომიკამ მხოლოდ ახლა დაიწყო აღდგენა. დიახ, 2016 წელთან შედარებით 2017 ბევრად დადებითია ამ კუთხით, თუმცა ჯერ კიდევ ცუდ მდგომარეობაში ვართკიდევ უფრო წინა წლებთან შედარებით”.

არაქელიანი ამბობს, რომ ნებისმიერი კავშირი- იქნება ეს ევრაზიული თუ ევროპული- ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ წევრი ქვეყნები საგარეო ვაჭრობის სფეროში უპირობოდ თანამშრომლობდნენ. ამ თანამშრომლობის წყალობით შესაძლებელი იქნება ეკონომიკური ზრდის შესახებ საუბარი. თუკი ევროპული კავშირი წევრ ქვეყნებს შორის ასეთ კავშირებს უზრუნველყოფს, ევრაზიულ კავშირზე ამას ვერ ვიტყვით.

“ევროპული ქვეყნების გარე ვაჭრობის 60% ევროპულ კავშირში ხორციელდება. მათ შეუძლიათ ახლო ურთიერთობის საშუალებით ადგილობრივი პროდუქცია გაიტანონ მეზობელ ქვეყნებში და იქ აწარმოონ ვაჭრობა, გაყიდონ. ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ეს მაჩვენებელი 25%-ს არ აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვყიდით ჩვენს პროდუქციას ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებზე, თუმცა მესამე ქვეყნებში გავდივართ სავაჭროდ”.

ეკონომისტი ბაბკენ ტუნიანი კი ამბობს, რომ არანაირ კავშირში არ არის და არაფერი აქვს საერთო ევრაზიულ კავშირთან ცუდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს სომხეთში.

“ჩვენ გვაქვს პარადოქსული ფენომენი. როდესაც სომხეთის ეკონომიკური მაჩვენებლები დადებითა, სახელმწიფო მოხელეები პირდაპირ აკავშირებენ ამას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან. როცა უარყოფითია- ან არ აკეთებენ ამაზე კომენტარს, ან ალოგიკური განცხადებებით გამოდიან. იგივეა ოპოზიციონერთა შემთხვევაშიც- როდესაც ვიღებთ ცუდ რიცხვს, ისინი ევრაზიულ კავშირს უკავშირებენ და ა.შ. რეალურად ჩვენ ძალიან ღრმა ფესვებით ვართ დაკავშირებული რუსულ ბაზართან, ჩვენი პრობლემების მიზეზი კი ეკონომიკური ფაქტორები და რუსეთის პრობლემებია, მასზე დაკისრებული სანქციები, რომელიც ჩვენზეც აისახება”, – ამბობს ბაბკენ ტუნიანი.

თუ ეკონომისტები პროფესიონალურად განიხილავენ სიტუაციას და ციფრების ენით საუბრობენ, სომხეთის მოქალაქეები საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ: 

“ევრაზიული ეკონომიკური კავშირი დიდი შესაძლებლობების სფეროა, თუმცა პოლიტიკური თამაშები არ გვაძლევს საშუალებას სარგებელი ვნახოთ. უკეთესი იქნებოდა, კავშირს რეალურად ემუშავა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ოცნება ოცნებად დაგვრჩა”, – ამბობს 38 წლის სომხეთის მოქალაქე კარინე არუტუნიანი.

კარინე ცხოვრობს ბაგრატაშენის დასახლებაში [საქართველოს საზღვართან ახლოს]. ბაგრატაშენიდან თბილისამდე დაახლოებით ერთი საათის სავალი გზაა, ერევანში –  3 საათის. მრავალი წლის განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლები საყიდლებზე მეზობელი საქართველოს სასაზღვრო რაიონებში დაიდიან. კარინე ამბობს, რომ ორი წლის წინ, როდესაც სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შევიდა, დარწმუნებული იყო, რომ მალევე გაძლიერდებოდა სომხეთი ეკონომიკურად. 

“მე ევროპისკენ არ მივისწრაფოდი, ისევე როგორც ჩემი მეგობრები. მეც ვამბობდი, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი გვირჩევნია, რადგან წევრ ქვეყნებთან უფრო ახლოს გვაქვს საზღვრები. ვფიქრობდი, ექსპორტი და იმპორტი უფრი მარტივი იქნებოდა, თუმცა, პრობლემები ისევ სახეზეა. მაშინ თქვეს კიდეც, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლით მეზობელ საქართველოსთანაც შეგვიძლია ვაწარმოოთ ვაჭრობა, მაგრამ ახლა ათასი პრობლემა წარმოიშვა, რომელიც ხელს გვიშლის. ადრე სადახლოში დავდიოდი, იქ ვყიდულობდი სახლისთვის პროდუქტს და გასაყიდადაც ჩამომქონად აქ, ახლა მხოლოდ 6 საზამთროს ჩამოტანა შევძელი”.  

2017 წლის პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კომისიის მიერ დადგენილი ახალი მოთხოვნები, რომლის შესაბამისად, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ტერიტორიაზე საბაჟო გაფორმების გარეშე, მხოლოდ 5 კილოგრამი ფიტოსანიტარული პროდუქციის იმპორტი შეიძლება. ასეთ პროდუქციას მიეკუთვნება ხილი და ბოსტნეული.

სომხეთ-საქართველოს საზღვრისპირა დასახლებაში მცხოვრებლები, რომელთაც მრავალი წლის განმავლობაში მცირე ბიზნესის მიზნით საქართველოდან პროდუქცია შეჰქონდათ, ამბობენ, რომ ახლა გაუგებრობაში არიან და დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩდნენ, რადგანაც ვეღარ დაკავდებიან ვაჭრობით, რომელიც მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.

პროტესტის ნიშნად ბაგრატაშენის მცხოვრებლებმა 25 ივლისს გამშვებ პუნქტთან აქციაც გამართეს და სომხეთში მიმავალი გზაც დროებით გადაკეტეს სატვირთო ავტომობილებისთვის, რითაც შეეცადნენ საკუთარი უკმაყოფილება გამოეხატათ.

პროტესტის პასუხად, საბაჟო სამსახური არ შეხვედრია აქციის მონაწილეებს. ნეტგაზეთთან ინტერვიუში კი უწყებაში განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ კანონს ემორჩილებიან. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობით მხოლოდ თემის მცხოვრებლები არ არიან უკმაყოფილო. ერევანში დღეს ბევრს მოქალაქეს შეხვდებით, რომლებიც ამბობენ, რომ ამ კავშირში შესვლით მათთვის უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი