ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ აზერბაიჯანული გამოცემა Turan-ის ხელმძღვანელის გათავისუფლებას ითხოვს

28 აგვისტო, 2017 • 2151
აშშ აზერბაიჯანული გამოცემა Turan-ის ხელმძღვანელის გათავისუფლებას ითხოვს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Turan-ის დირექტორის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებასთან და მის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.

“შეშფოთებული ვართ ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალების, საინფორმაციო სააგენტო Turan-ის მთავარი რედაქტორის, მეჰმან ალიევის 24 აგვისტოს დაპატიმრებითა და სამთვიანი წინასწარი პატიმრობით”.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია გამოცემაზე ზეწოლისა და მისი საბანკო ანგარიშების გაყინვის გამო.

აშშ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს მეჰმან ალიევი და ყველა ის მოქალაქე, ვინც “ფუნდამენტურ თავისუფლებებს” იცავდა.

გამოცემის დირექტორის და რედაქტორის, მეჰმან ალიევის დაკავებისა და სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების გამო აზერბაიჯანულმა  საინფორმაციო სააგენტო “Turan”– მა  საქმიანობა  გაურკვეველი დროით შეაჩერა.

“მსგავს სიტუაციაში სააგენტოს ნორმალური ფუნქციონირება უკიდურესად რთული ხდება. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით Turan -ის თანამშრომლები იძულებული არიან,  1 სექტემბრიდან გაურკვეველი დროით საქმიანობა შეაჩერონ. უახლოეს დროში შევეცდებით ჩვენი ვებგვერდი  პირადი რესურსებითა და ენთუზიაზმით ავამუშაოთ. ახალი ამბების გამოშვება შეზღუდული იქნება”, -ავრცელებს განცხადებას Turan.

2017 წლის 16 აგვისტოს აზერბაიჯანის გადასახადების სამინისტრომ საინფორმაციო სააგენტოს ოფისში შემოწმება დაიწყო და  დოკუმენტაცია წაიღო. თავად სააგენტოს უფროსი მეჰმან ალიევი 24 აგვისტოს ბაქოში თანამდებობის ბოროტად გამოყენების, გადასახადების დამალვისა და დიდი თანხების მოზიდვის მიზნით უკანონო საქმიანობის ბრალდებებით დააკავეს და სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

მეჰმან ალიევი  დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოცემა “კავკაზსკი უზელთან” ინტერვიუში აცხადებდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიზანი იყო სააგენტოს დახურვა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წერენ სოციალური ქსელებში, Turan-ის დახურვით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აზერბაიჯანული დამოუკიდებელი მედია საბოლოოდ დაასამარა.


აზერბაიჯანში თავისუფალი ჟურნალისტების დევნამ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, სისტემური ხასითი მიიღო. ალიევის რეჟიმმა არაერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტი დააპატიმრა და სხვადასხვა ბრალდებით გაასამართლა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ არალოიალური მედიის წარმომადგენლებისა და მედიაორგანიზაციების ნაწილი იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ და საქმიანობა სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში გაეგრძელებინათ. ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტი აფგან მუხთარლია, რომელიც 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, ასევე, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების პროტესტისა და მოთხოვნების მიუხედავად, მისი გატაცების საქმე ქართულ მხარეს ამ დრომდე არ გამოუძიებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი