ახალი ამბები

ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები ღუდუშაურის კლინიკიდან გაწერეს

27 აგვისტო, 2017 • 1567
ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები ღუდუშაურის კლინიკიდან გაწერეს

ვერტმფრენის ეკიპაჟის ოთხმა წევრმა, რომლებიც ბორჯომში მომხდარი ინციდენტის შემდეგ თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, უკვე დატოვა საავადმყოფო.

მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ ჟურნალისტებთან. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია არ გახდა საჭირო.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ბორჯომში ვერტმფრენის წყალში ჩავარდნის მიზეზი – გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ექსპლუატაციის ნორმების დარღვევას გულისხმობს.

ინციდენტი ბორჯომში 27 აგვისტოს, დაახლოებით  9.30 საათზე მოხდა, როცა ვერტმფრენით წყლის აღებას ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენი არა ჩამოვარდა, არამედ “ავარიული დაშვება განახორციელა”:

“ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა – „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა.

პირველადი ინფორმაციით, წყლის აღების დროს, ვერტმფრენს ჩამოვარდნის საფრთხე შეექმნა. მფრინავების პროფესიონალური და ოპერატიული მოქმედების შედეგად, შესაძლებელი გახდა ვერტმფრენის დასმა, რითაც თავიდან იქნა აცილებული უდიდესი ტრაგედია. იმის გამო, რომ კალათა წყლით იყო სავსე, ავარიული დაშვება წყალზევე განხორციელდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ ვერტმფრენმა მას შემდეგ, რაც ბორჯომში ხანძარი გაჩნდა, სულ 600 -მდე ფრენა განახორციელა ოფიციალური ინფორმაციით.

ბორჯომის ხეობაში ხანძარი გასულ კვირას გაჩნდა. ერთი კვირის თავზე კვლავ რჩება ხეობაში ხანძრის მცირე კერები.

წაიკითხეთ ამავე თემაზე: 

ირაკლი მაჭარაშვილი: ახლა ხეების დარგვაზე მნიშვნელოვანი, შემდეგი ხანძრისთვის მომზადებაა

მასალების გადაბეჭდვის წესი