ახალი ამბები

ზღაპრები მეამბოხე გოგონებისთვის

27 აგვისტო, 2017 • 4572
ზღაპრები მეამბოხე გოგონებისთვის

მწერალი ფრანჩესკა კავალო და ჟურნალისტი ელენა ფავილი წიგნის ზღაპრები მეამბოხე გოგონებისთვის” (“Goodnight stories for Rebel girls”) ავტორები არიან. წიგნში 100 გასაოცარი ქალის ამბავია მოთხრობილი: დაწყებული ინგლისელი მათემატიკოსი და პირველი კომპიუტერული სისტემის შემქმნელი ადა ლავლეისიდან, დასრულებული ნობელის ლაურეატი მალალა იუსაფზაით. წიგნი გაფორმებულია მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრები 60 ქალის მიერ შექმნილი ილუსტრაციებით.

ქალისა და კაცის როლის რეპრეზენტაცია საბაშვო წიგნებში უმეტესად  სტერეოტიპულია. ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, 6000 საბავშვო წიგნზე დაყრდნობით, ჩატარებული კვლევის მიხედვით,  ყოველწლიურად გამოცემული საბაშვო წიგნების 57%-ში კაცები არიან მთავარი პერსონაჟები, ქალი მთავარი გმირები კი 31%-ს წარმოადგენენ, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც საბავშვო ლიტერატურაში ქალ პერსონაჟებს ვხვდებით, ხშირ შემთხვევაში, მათი როლი ძალიან სტერეოტიპულად არის წარმოდგენილი. ფრანჩესკა კავალოსა და ელენა ფავილის მიერ შექმნილი წიგნი კი, რომელშიც 100 გასაოცარი ქალის ისტორიაა მარტივი და გასაგები ენით არის მოყოლილი, სწორედ ზემოთ აღნიშნულს უპირისპირდება.

რამდენმა გოგომ იცის, რომ არსებობდა პროგრამისტი გრეის ჰოპერი, რომელმაც მსოფლიოში არსებულ პირველ კომპიუტერზე საკუთარი ძალებით მოახერხა მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის მტრების მიმოწერის გაშიფვრა და ქვეყნისთვის საფრთხის არიდება, ან რამდენმა ბიჭმა იცის ირინა სენდლეროვას სახელი, რომელმაც ჰოლოკასტის დროს 3 თვეში 2500 ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა?

ავტორების თქმით, ზღაპრები მეამბოხე გოგონებისთვისშთაგონების შესანიშნავი წყაროა  ნებისმიერი ადამიანისთვის, მიუხედავად მათი სქესისა თუ ასაკისა:

ვფიქრობდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გოგონებისთვის გაიზარდონ ჯანსაღ გარემოში და ირგვლივ ჰყავდეთ ქალი ავტორიტეტები. ეს მათ ეხმარება, იყვნენ უფრო თავდაჯერებულები და დაისახონ უფრო და უფრო დიდი მიზნები. მივხვდით, რომ 95% წიგნებისა თუ გადაცემებისა, რომლებზეც გავიზარდეთ, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მყოფი ქალების / გოგონების ნაკლებობას განიცდიდა. ჩავატარეთ პატარა კვლევა და აღმოვაჩინეთ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ კუთხით არაფერი იყო შეცვლილი, ამიტომ გადავწყვიტეთ, რამე მოგვემოქმედა”.

ავტორების გადაწყვეტილებას კი საზოგადოება აღფრთოვანებითა და ინტერესით შეხვდა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ  წიგნის წინასწარი გაყიდვისას შემოსავალმა 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო სულ რამდენიმე თვის წინ წიგნი “NEW YORK TIMES”-ის ბესტსელერთა ჩამონათვალში მოხვდა.

„სექსიზმი, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში ვხვდებით, აირეკლება ბავშვების პროდუქტებშიც- ტანსაცმელში, კინოებსა თუ მულტფილმებში“ – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ფავილი:

„მთელი ბავშვობა არაჩვეულებრივი წიგნებისა და ფილმების ყურებაში გავატარე, მაგრამ მათში კაცი პერსონაჟები იყვნენ დომინანტები და წამყვანები, ხოლო ქალ პერსონაჟებს ძირითადად შველა და და დახმარება სჭირდებოდათ.“

ავტორების თქმით, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი შთაგონების წყარო, რამაც საბოლოოდ შექმნა წიგნი “ზღაპრები მეამბოხე გოგონებისთვის”.

დღეს კი ფრანჩესკა კავალო და ელენა ფავილი უკვე მუშაობენ წიგნის მეორე ნაწილზე, რომელშიც კიდევ 100 გასაოცარი ქალის ისტორიას უამბობენ პატარებს. მკითხველები კი შეძლებენ ისეთი ძლიერი, ჭკვიანი და მეამბოხე ქალების მიღწევების შესახებ ზღაპრების წაკითხვას, როგორებიც არიან ჯ.ქ როულინგი, ანა პოლიტკოვსკაია, სერენა უილიამსი და სხვ.

საბოლოოდ კი, ავტორები იმედოვნებენ, რომ  ზღაპრებად დაწერილი ისტორიები პატარა გოგონებისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა, რომ მათ მომავალში დაწესებული გენდერული ნორმების წინააღმდეგ იბრძოლონ.

ეს წიგნი ქართულ ენაზე ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი