ახალი ამბები

დაკავებული საკრებულოს წევრი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს

27 აგვისტო, 2017 • 2486
დაკავებული საკრებულოს წევრი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს

 

თბილისის საკრებულოს წევრ ზურაბ ნეფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 16.00 საათზეა დანიშნული.  არაა გამორიცხული, გამოძიებამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვოს.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა სულხან კაპანაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, ნეფარიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე 26 აგვისტოს დააკავა.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას ნიშნავს.

დღესვე ცნობილი ხდება, რომ სუს-მა გამოძიება ზურაბ ნეფარიძის ბიუროს ერთ-ერთ თანამშრომლის, დალი მამულაშვილის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

როგორც ადვოკატმა “ნეტგაზეთს” უთხრა, წერილში საუბარია იმის შესახებ, რომ ბიუროს თანამშრომელი ხელფასიდან თვეში 400 ლარს ტოვებდა. ჯამშ,ი საუბარია 1200 ლარზე.

ნეფარიძის ადვოკატი აცხადებს, რომ ამას დაძალების სახე არ ჰქონდა და ბიუროს თანამშრომლები სხვადასხვა ღონისძიებებისთვის ან კომუნალური ხარჯებისთვის თანხას კუთვნილი ხელფასიდან დებდნენ.

ადვოკატის განმარტებით, ზოგჯერ ასევე იღებდა თანხას ანალოგიური ხარჯებისთვის საკრებულოს წევრი ნეფარიძეც.

მისივე განმარტებით, ამაზე არ არსეობდა არანაირი წერილობითი შეთანხმება.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ რამდენი ჰქონდა ხელფასი თანამშრომელს, რომელიც ყოველთვიურად ბიუროს სხვადასხვა ხარჯებისთვის 400 ლარს იღებდა, ადვოკატმა გვიპასუხა: “თავიდან 700 ლარი, შემდეგ გაეზარდა და 800 ლარი”.

ადვოკატის თქმით, საკრებულოს წევრი დაკავებას “მის წინააღმდეგ დაგეგმილს უწოდებს”, თუმცა ჯერ არა აქვთ ვერსია, ვინ დგას ამის უკან.
საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე, რომელიც გუშინ დააკავეს,  თბილისის საკრებულოში ფრაქცია “ეროვნულ ფორუმს” წარმოადგენს. იგი ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატია.

მასალების გადაბეჭდვის წესი