ახალი ამბები

შსს: ვერტმფრენს შემოწმება 25 აგვისტოს ჩაუტარდა

27 აგვისტო, 2017 • 1768
შსს: ვერტმფრენს შემოწმება 25 აგვისტოს ჩაუტარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენი არა ჩამოვარდა, არამედ “ავარიული დაშვება განახორციელა”:

“ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა – „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა.

პირველადი ინფორმაციით, წყლის აღების დროს ვერტმფრენს ჩამოვარდნის საფრთხე შეექმნა. მფრინავების პროფესიონალური და ოპერატიული მოქმედების შედეგად, შესაძლებელი გახდა ვერტმფრენის დასმა, რითაც თავიდან იქნა აცილებული უდიდესი ტრაგედია. იმის გამო, რომ კალათა წყლით იყო სავსე, ავარიული დაშვება წყალზევე განხორციელდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს აცხადებს, რომ  სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენს – „მი-8“ – ს სარეგლამენტო შემოწმება 2 დღის წინ, 25 აგვისტოს ჩაუტარდა:

“მოცემულ დროს ვერტმფრენის ძრავი სრულ წესრიგში იმყოფებოდა. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს აღნიშნულმა ვერტმფრენმა 600-მდე გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 1300-მდე ტონა წყალი დაასხა”.

ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ეკიპაჟს 4 წევრს მძიმე დაზიანებები მიღებული არ აქვთ, თუმცა ისინი პრევენციისა და შემდგომი გამოკვლევის მიზნით  თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიღვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი