ახალი ამბები

ბოკერია და გვარამია აცხადებენ, რომ მათ სუსი ფარულად უსმენდა

26 აგვისტო, 2017 • 2478
ბოკერია და გვარამია აცხადებენ, რომ მათ სუსი ფარულად უსმენდა

დღეს, 26 აგვისტოს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ევროპული საქართველოს წევრი, პარლამენტარი გიგა ბოკერია სუს-ში იმყოფებოდნენ.

ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია ამბობენ, რომ სუს-ი მათ სატელეფონო საუბრებს უსმენდა და იწერდა 2015 წელს გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

გვარამიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მას სუსი 2015 წლიდან უსმენდა, და ასევე იწერდა მის სატელეფონო საუბრებს, თუმცა იმის გამო, რომ მათში გამოძებისთვის საინტერესო არაფერი აღმოჩნდა, ჩანაწერები წაშალეს.

“საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნა შესრულდა, მაცნობეს, რომ მიმდინარეობდა ჩემს ტელეფონზე ფარული მიყურადება და ჩაწერა. არაფერი საინეტერსო არ იქნა აღმოჩენლი და ეს შემატყობინეს. გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმის ფიგურანტი არის მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი და ის საქმეები, რომლებიც აქ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს არის ეკონომიკური ხასიათის და მათ საფუძველზე უკრაინიდან მისი ექსტრადიცია არის შეუძლებელი, არაა გამორციხული, რომ მას ისეთი ბრალი წარუდიგნოს, რომელიც მისცემს უკრაინის ხელისუფლებას შესაძლებლობას, რომ მისი ექსტრადირება მოახდინონ”, – ამბობს გვარამია.

დღეს სუს-ში იმყოფებოდა გიგა ბოკერიაც, რომელსაც ასევე გააცნეს საქმის მასალები.

“ჩემი მთავარი წუხილი ისაა, როგორ სისულელეზე იხარჯება რესურსები. რეალური და სერიოზული საფრთხეების წინააღმდეგ მუშაობის მაგივრად ეს ორგანოები პოლიტიკური დავალების და დაკვეთის გამო ასეთი სისულელებით არიან დაკავებული “, – უთხრა “ნეტგაზეთს” გიგა ბოკერიამ.

ბოკერია ინტერესდება იმითი, თუ რატომ გააქტიურდა ეს საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე.

“ასეთი ისტერიები ხდება არჩვენების წინ ან პოლიტიკურად მწვავე მომენტებში. რამდენიმე საქმეა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, დაიბარეს ხალხი დაკითხვაზე, შემდეგ ეს ყველაფერი ცხრება, ახალ არჩევნებზე ისევ აქტუალიზება ხდება. გზავნილი, რომ გამოძიება გრძელდება, ყველა სხვა აქტიური მოქალაქისთვის, ვის წინააღმდეგაც წნეხი განხოციელდება, ან უკვე ხორციელდება, ეს გზავნილი ნაწილია ამ გზავნილის.ეს არაა გამორიცხული”, – ამბობს გიგა ბოკერია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ისინი მოდულის შენობაში საქმის მასალების გასაცნობად დაიბარეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წლის 24 ოქტომბრიდან იძიებს სისხლის სამართლის საქმეს სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულების მუხლით.

საქმე ეხება პორტალზე uareview.in.ua გამოქვეყნებულ  რუსთავი 2–ის საკითხზე ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიას საუბრების აუდიოჩანაწერებს.

გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში საუბარია რუსთავი 2–ის სასამართლო პროცესზე და ამ პროცესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.

გვარამია სააკაშვილთან საუბრისას ამბობს, რომ მოსამართლის სავარაუდო გადაწყვეტილების აღსრულების ეშინიათ. სააკაშვილი კი ეუბნება, რომ “უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე, უნდა მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ, უნდა გამაგრდეთ, ბარიკადები უნდა გააკეთოთ”.

კიდევ ერთი ჩანაწერის თანახმად კი, სააკაშვილი ბოკერიასთან ამბობს, რომ სასამართლო რუსთავი 2–ის საქმეზე 22-ში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იმ დღესვე აღსრულდება და რუსთავი 2–ში შევლენ. სააკაშვილის განცხადებით, ეს რომ არ დაუშვან, რუსთავი 2–თან რკინის კონსტრუქციების მშენებლობა უნდა დაიწყოს

მასალების გადაბეჭდვის წესი