ახალი ამბები

ფაფიაშვილი, ალანია, სიჭინავა, ბაჩიაშვილი – სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატები

26 აგვისტო, 2017 • 4062
ფაფიაშვილი, ალანია, სიჭინავა, ბაჩიაშვილი – სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატები

ლალი ფაფიაშვილი, თამარ ალანია, ოთარ სიჭინავა, იოსებ ბაჩიაშვილი –  სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შემრჩევმა კომისიამ დღეს, 26 აგვისტოს ამ კანდიდატებს დაუჭირა მხარი. ამ ოთხი კანდიდატურიდან ხელისუფლებამ ორი უნდა აარჩიოს. შერჩეულ კანდიდატებს შორის ერთი მაინც უნდა იყოს ქალი.

კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა (მაქსიმალური ქულა – 5):

ლალი ფაფიაშვილი – 4.82

თამარ ალანია – 4.45

იოსებ ბაჩიაშვილი – 3.73

ოთარ სიჭინავა – 3.73

კონსტანტინე კორკელია – 2.55

კონსტანტინე ვარძელაშვილი – 2

ირალი ადეიშვილი – 1.64

კანდიდატებს შორის იყო უზენაესი სასამართლოს მოქმედი წევრი, ნინო ბაქაქურიც, რომელიც გასაუბრებაზე არ გამოცხადებულა, შესაბამისად, კონკურსს გამოეთიშა.

კომისიას ბოიკოტი გამოუცხადა “კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“. მათი განცხადებით, კომისიაში ხელისუფლების მხრიდან ჩართული წევრების შეფასებები ეფუძნებოდა არა განსაზღვრულ კრიტერიუმებს, არამედ მიზნად ისახავდა წინასწარ განსაზღვრული კანდიდატების უპირობო მხარდაჭერას. შესაბამისად, კოალიცია თვლის, რომ მოცემულ ეტაპზე სრულად ეკარგება აზრი კომისიის მუშაობაში ჩართულობას. ასევე, კომისიაში ჩართვაზე უარი თქვა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ უკვე მესამედ გამოაცხადა კონკურსი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად. პირველ ჯერზე სამკაციანი სიიდან (ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი) ექსპერტთა საბჭომ ერთი (ნანა მჭედლიძე) დაიწუნა, რომელიც ევა გოცირიძემ უკონკურსოდ ჩაანაცვლა. მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი)  ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა. ამჯერად სტრასბურგში ექსპერტთა საბჭომ სამიდან ორი კანდიდატი (სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) დაიწუნა. სწორედ ამ ორ ახალ კანდიდატს ეძებს ამჯერად კონკურსის გზით საქართველოს მთავრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი