ახალი ამბები

26 აგვისტოს სამთავრობო კომისია სტრასბურგის მოსამართლეობის ორ კანდიდატს აირჩევს

26 აგვისტო, 2017 • 1713
26 აგვისტოს სამთავრობო კომისია სტრასბურგის მოსამართლეობის ორ კანდიდატს აირჩევს

დღეს, 26 აგვისტოს, იუსტიციის სამინისტროში სპეციალური სამთავრობო კომისია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს აირჩევს.

კომისიის შემადგენლობაში აღარ ჩაერთვება “კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“.  მათი განცხადებით, კომისიაში ხელისუფლების მხრიდან ჩართული წევრების შეფასებები ეფუძნებოდა არა განსაზღვრულ კრიტერიუმებს, არამედ მიზნად ისახავდა წინასწარ განსაზღვრული კანდიდატების უპირობო მხარდაჭერას. შესაბამისად, კოალიცია თვლის, რომ მოცემულ ეტაპზე სრულად ეკარგება აზრი კომისიის მუშაობაში ჩართულობას. ასევე, კომისიაში ჩართვაზე უარი თქვა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა.  რაც შეეხება ომბუდსმენს, რომელმაც ასევე არაერთხელ გააკრიტიკა პროცესი, კომისიის სხდომაზე უვე მივიდა და განაცხადა, რომ მუშაობაში ერთვება.

სხდომის დაწყებამდე წევრებს, ვინც გასაუბრებების პროცესში არ ერთვება, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მოუწოდა, რომ მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ, მოვიდნენ და კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ.

თეა წულუკიანმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ დღეს ახალი წევრების არჩევისას ევროპის საბჭოს მიერ მათთვის მიწოდებული დამატებითი კრიტერიუმებითაც იხელმძღვანელებენ.

“ამ წერილში პირდაპირ არის მითითებული საქართველოსთვის ის დამატებითი კრიტერიუმები, რომლებითაც ჩვენ დღეს უნდა ვიხელმძღვანელოთ. იქ მითითებულია, რომ აუცილებელია კანდიდატი იყოს უფრო მეტი ასაკის, ვოდრე 35 წელია, აუცილებელია, რომ თუკი მოსამართლე კანდიდატია, მას ჰქონდეს ნამუშევარი, ან ამჟამად მუშაობდეს უმაღლეს ან საკონსტიტუციო ინსტანციებში და თუკი ის არის სამართალმცოდნე და არა მოსამართლე კანდიდატი, მას უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი გამოცდილება, როგორც პედაგოგს, პროფესორს, ან მეცნიერის,”- განცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს მთავრობას უკვე მესამედ უწევს კონკურსის გამოცხადება სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად. პირველ ჯერზე სამკაციანი სიიდან (ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი) ექსპერტთა საბჭომ ერთი (ნანა მჭედლიძე) დაიწუნა, რომელიც ევა გოცირიძემ უკონკურსოდ ჩაანაცვლა. მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი)  ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა. ამჯერად სტრასბურგში ექსპერტთა საბჭომ სამიდან ორი კანდიდატი (სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) დაიწუნა. სწორედ ამ ორ ახალ კანდიდატს ეძებს ამჯერად კონკურსის გზით საქართველოს მთავრობა.

ეს ორი კანდიდატი კომისიამ შემდეგი 8 კანდიდატიდან უნდა ამოარჩიოს:

 

ირაკლი ადეიშვილი − შპს „ჯეოსელის“ უფროსი იურისტი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი, სასამართლო მედიატორი, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

თამარ ალანია − თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი.
ნინო ბაქაქური − საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი.
იოსებ ბაჩიაშვილი − სამართლის დოქტორი, მეცნიერი, უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე.
კონსტანტინე ვარძელაშვილი − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
კონსტანტინე კორკელია − იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.
ოთარ სიჭინავა − თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
ლალი ფაფიაშვილი − საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი