ახალი ამბები

ტეხასის შტატს ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე ძლიერი შტორმი უახლოვდება

26 აგვისტო, 2017 • 2488
ტეხასის შტატს ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე ძლიერი შტორმი უახლოვდება

აშშ-ში, ტეხასის ცენტრალურ სანაპიროს, უკანასკნელი 12 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი შტორმი უახლოვდება. სპეციალისტებმა ქარიშხალს ხუთიდან მესამე კატეგორია მიანიჭეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შტორმს შესაძლოა დამანგრეველი შედეგები ჰქონდეს.

როგორც BBC წერს, მესამე კატეგორიის ქარიშხლის დროს ქარის სიჩქარე 178-208 კმ/სთ-ს აღწევს, მოსალოდნელია ძლიერი ტალღებიც. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შტორმმა, რომელსაც “ჰარვი” უწოდეს, შესაძლოა ზღვის დონის 3,7 მეტრით აწევა გამოიწვიოს და წყალდიდობა ლუიზიანასა და ჩრდილოეთ მექსიკასაც დაემუქროს.

ქარიშხალი "ჰარვი"

სანამ “ჰარვი” ტეხასის სანაპიროს უახლოვდება და ძალებს იკრებს, ყველაზე დიდი საფრთხე შტატისთვის ძლიერი წვიმაა, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს წყალდიდობით გამოწვეულ ზიანს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტიქიის გამო ჭარბი ნალექი შტორმის შემდეგ კვირასაც კი გასტანს. ექპერტები ვარაუდობენ, რომ წყალდიდობა კატასტროფული იქნება.

 

სანაპიროს გასწვრივ მდებარე ქლააქებში უკვე განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. თუმცა ოფიციალური სტრუქტურები ნაკლები რისკის მქონე დასახლებების მოსახლეობასაც მოუწოდებენ, დატოვონ ქალაქები. ევაკუაცია განხორციელდა საავადმყოფოებიდანაც.

ქარიშხალს დიდი გავლენა ექნება ეკონომიკაზეც, რადგან ამერიკული ნავთობის ინდუსტრიის დაახლოებით 45 პროცენტი სწორედ იმ რეგიონში მდებარეობს, რომელსაც “ჰარვი” უახლოვდება.

ქარიშხალი "ჰარვი" EPA-EFE/DARREN ABATE

ქარიშხალი “ჰარვი” EPA-EFE/DARREN ABATE

ქარიშხალი ტეხასის შტატს, სავარაუდოდ, თბილისის დროით 26 აგვისტოს, გამთენიისას დატყდება თავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი