ახალი ამბები

EMC პროკურატურას მიმართავს, რკინიგზელების აქციაზე პოლიციის ქმედება გამიოიძიოს

25 აგვისტო, 2017 • 1749
EMC პროკურატურას მიმართავს, რკინიგზელების აქციაზე პოლიციის ქმედება გამიოიძიოს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გუშინ, 24 აგვისტოს რკინიგზის ადმინისტრაციასთან შიმშილობის აქციის მონაწილეებისა და აქტივისტების დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან ძალიას გადამეტებას და ამ საკითხზე გეგმავს პროკურატურას მიმართოს.

EMC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეებისთვის კარვების გაშლაში ხელის შეშლა შეკრების თავისუფლებაში უკანონო და უხეში ინტერვენციაა.

“24 აგვისტოს მოშიმშილეების მოთხოვნების სრული უგულებელყოფისა და ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რომლითაც პროფკავშირის სარჩელი კარვების გაშლის დაშვების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შეკრების მონაწილეებმა შიმშილობის გაგრძელება ქუჩიდან ადმინისტრაციის შენობაში გადაწყვიტეს. მოშიმშილეების მხრიდან ადმინისტრაციის შენობაში შესვლის ინიციატივას პოლიციის ინტენსიური წინააღმდეგობა მოჰყვა, რის დროსაც აქციის 3 მონაწილე დააკავეს. დაკავებული პირები პოლიციას რამდენიმე საათის განმავლობაში რკინიგზის ადმინისტრაციის შენობაში ჰყავდა მოთავსებული.
მოგვიანებით, დაკავებული პირების პოლიციის მანქანებით გაყვანას ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეების მშვიდობიანი წინააღმდეგობა მოჰყვა. ისინი გზაზე განთავსდნენ, პოლიციის მანქანებს წინ აღუდგნენ და ამ ფორმით შეეცადნენ დაკავებისგან მოშიმშლილეების და აქტივისტების დაცვას. აღნიშნულ მოქმედებას პოლიციის აგრესიული საპასუხო რეაგირება მოჰყვა. პოლიციამ ყოველგვარი გაფრთხილებისა და გონივრული დროის მიცემის გარეშე, დაიწყო გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება და შეკრების მონაწილეების გზიდან გადაყვანა უხეში და არაპროპორციული საპოლიციო ძალის გამოყენებით” – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC-აცხადებს, რომ  მას შემდეგ რაც პოლიციამ გზის გათავისუფლება და პოლიციის მანქანებით დაკავებულების გაყვანა მოახერხა, მიმდებარე ქუჩაზე მყოფი შეკრების მონაწილეების დაკავება უხეში საპოლიციო ძალის გამოყენებით დაიწყო, რასაც თან ახლდა ფიზიკური შეურაცხყოფა. ორგანიზაციის განცხადებით, ამ ეპიზოდში პოლიციამ დამატებით 7 აქტივისტი დააკავა. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა აქციის ორი მონაწილე, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაპირისპირების დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლებიც.

“მედიაში გავრცელებული ვიდეომასალა და EMC-ის მიერ თვითმხილველებისაგან აღებული ახსნა-განმარტებები პოლიციის თანამშრომლების მხრიდან საპოლიციო ძალის უხეში და არაპროპორციული გამოყენების ფაქტებზე მიუთითებს. ამასთან, არსებული ვიდეომასალა აჩვენებს, რომ პოლიციის მხრიდან აქტივისტების ნაწილის დაკავება უხეში საპოლიციო ძალით იმ პირობებში განხორციელდა, როდესაც მათი მხრიდან რაიმე წინააღმდეგობა არ მომდინარეობდა და არც რაიმე სახის სამართალდარღვევის ჩადენას ჰქონდა ადგილი.

ამასთან, მოქალაქეების მიმართ პირდაპირი საპოლიციო ძალის გამოყენება და დაკავება პოლიციამ ყოველგვარი გაფრთხილებისა და ახსნა-განმარტების გარეშე მოახდინა” – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ  რკინიგზელების 10-დღიანი პროტესტის განმავლობაში პოლიციის ქმედებები მიმართული იყო დასაქმებულთა წინააღმდეგობის დასუსტებისკენ, რაც დამსაქმებელი საწარმოს ინტერესების მიმართ ლოიალობაზე მიუთითებს შეკრებებისა და მანიფესტაციების მიმდინარეობისას პოლიციის ქცევის ანალიზი, EMC-ის განცხადებით, აჩვენებს, რომ ამ დრომდე პრობლემურია პოლიციის მიერ მოქალაქეებთან სათანადო კომუნიკაციისა და შეკრების თავისუფლების მაღალი სტანდარტით დაცვის საკითხი.

“შეკრების მიმდინარეობის დროს ესკალაციის შემთხვევებზე პოლიციას არ გააჩნია შეკრების თავისუფლების სასარგებლოდ სიტუაციის მართვის გამოცდილება და შესაბამისი პოლიტიკური ნება. პოლიცია მეტწილად ადმინისტრაციული და ბიზნესინტერესების დამცველ ინსტრუმენტად ოპერირებს, რომელიც დაცლილია ადამიანის უფლებებზე და სამართლიანობაზე დაფუძნებული მიდგომებისგან. EMC, პოლიციის ქმედებების გათვალისწინებით, მიმართავს საქართველოს პროკურატურას შესაბამისი საგამოძიებო ქვემდებარეობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამატების ფაქტზე, რამაც უფლებების არსებითი დარღვევა გამოიწვია” – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.


 

24 აგვისტოს, ღამით “საქართველოს რკინიგზასთან” გამართულ სოლიდარობის აქციაზე 10 პირი დააკავეს, რომლებმაც შენობაში შესვლა სცადეს. მათი დაკავება ფიზიკური დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მოხდა. “საქართველოს რკინიგზასთან” უკვე მე-11 დღეა რკინიგზელები და პროფკავშირების წარმომადგენლები რკინიგზის მაღალჩინოსანთა გადაყენების მოთხოვნით შიმშილობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი