ახალი ამბები

სტრასბურგის მოსამართლეობის რვა კანდიდატის ვინაობა ცნობილია

25 აგვისტო, 2017 • 2411
სტრასბურგის მოსამართლეობის რვა კანდიდატის ვინაობა ცნობილია
26 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე 2 კანდიდატის ჩანაცვლების მიზნით გასაუბრებები გაიმართება. სპეციალური სამთავრობო კომისია 8 პრეტენდენტს გაესაუბრება.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 28 კანდიდატმა გამოთქვა, რომელთაგან 21 იურისტია (ბაკალავრიატის დონე და ზევით). მათივე განცხადებით, კომისიამ შეაფასა კონკურსის ფარგლებში შემოსული განაცხადების პირველადი გადარჩევის შედეგები და გადაწყვიტა, რომ ხვალინდელ გასაუბრებაზე მოიწვიოს:

ირაკლი ადეიშვილი − შპს „ჯეოსელის“ უფროსი იურისტი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი, სასამართლო მედიატორი, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (ინგლისური ენის სერტიფიკატი Aptis-2016);

თამარ ალანია − თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი (ინგლისური ენის სერტიფიკატი IELTS-2017);
ნინო ბაქაქური − საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი (ინგლისური ენის სერტიფიკატი IELTS-2017);
იოსებ ბაჩიაშვილი − სამართლის დოქტორი, მეცნიერი, უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე (ინგლისური ენის სერტიფიკატი IELTS-2017);
კონსტანტინე ვარძელაშვილი − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (ინგლისური ენის სერტიფიკატი IELTS-2017);
კონსტანტინე კორკელია − იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით (ინგლისური ენის სერტიფიკატი Aptis-2016);
ოთარ სიჭინავა − თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (ფრანგული ენის სერტიფიკატი INSTITUT FRANCAIS-2017);
ლალი ფაფიაშვილი − საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით (ინგლისური ენის სერტიფიკატი Aptis-2017).სპეციალური სამთავრობო კომისია  სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრებებს  ხვალ, 26 აგვისტოს, იუსტიციის სამინისტროში გამართავს.

საქართველოს მთავრობას უკვე მესამედ უწევს კონკურსის გამოცხადება სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად. პირველ ჯერზე სამკაციანი სიიდან (ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი) ექსპერტთა საბჭომ ერთი (ნანა მჭედლიძე) დაიწუნა, რომელიც ევა გოცირიძემ უკონკურსოდ ჩაანაცვლა. მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი)  ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა. ამჯერად სტრასბურგში ექსპერტთა საბჭომ სამიდან ორი კანდიდატი (სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) დაიწუნა. სწორედ ამ ორ ახალ კანდიდატს ეძებს ამჯერად კონკურსის გზით საქართველოს მთავრობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი