ახალი ამბები

რკინიგზასთან აქციაზე ირაკლი კუპრაძე, ცოტნე ცხვედიანი და გიორგი დიასამიძე დააკავეს

24 აგვისტო, 2017 • 5338
რკინიგზასთან აქციაზე ირაკლი კუპრაძე, ცოტნე ცხვედიანი და გიორგი დიასამიძე დააკავეს

საქართველოს რკინიგზასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს, რაც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა აუდიტორია #115–ის წევრები ირაკლი კუპრაძე და ცონტე ცხვედიანი, ასევე, პროფკავშირების ახალგაზრდული ფრთის ლიდერი გიორგი დიასამიძე დააკავეს.

როგორც ნეტგაზეთის რეპორტიორი იუწყება, ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ჯგუფიც, რადგან აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ გონება დაკარგა.

სასწრაფო რკინიგზის შენობასთან. 24.08.2017. ფოტო: გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი

სასწრაფო რკინიგზის შენობასთან. 24.08.2017. ფოტო: გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, მათ არ მიეცათ კარვის გაშლის საშუალება რკინიგზის შენობასთან, რის გამოც გადაწყვიტეს შიგნით შესვლა. მისი თქმით, ამის გამო დააკავა პოლიციამ აქტივისტები.

აუდიტორია #115​–ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძე​მ ისაუბრა საქართველოს რკინიგზასთან გამართულ აქციაზე დაკავებულების: ირაკლი კუპრაძის, ცოტნე ცხვედიანისა და გიორგი დიასამიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:

“რკინიგზელებმა გადაწყვიტეს, თავისივე ადმინისტრაციის შენობაში გაეგრძელებინათ აქცია, რადგან ღია ცისქვეშ მათი ყოფნა იყო კატასტროფის მანიშნებელი. მოითხოვეს დეპარტამენტის შენობაში შესვლა, თუმცა, ეტყობა, სახელი გვაქვს გატეხილი და პოლიციელები ჩვენი გამოჩენისთანავე ფიქრობენ შენობის აღებაზე, დაკავებაზე და ოკუპაციაზე. ამიტომ გამოიყენეს ძალა – ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ გადაუარეს და გადაჯეგეს ადამიანები, რომლებიც 10 დღეა შიმშილობენ და ისედაც სუსტად არიან. გარდა ამისა, ძალიან აგრესიულად მოეპყნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ისინი იცნობენ. მაგალითად, იცნობენ ირაკლი კუპრაძეს, ცოტნე ცხვედიანს, გიორგი დიასამიძე, გიორგი სოფრომაძეს და ა.შ. არაადეკვატური ძალა გამოიყენეს, ჩემი ღრმა რწმენით.”

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელის, ილია ლეჟავას თქმით, “თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ ყველაფერი რკინიგზის ადმინისტრაციის და დაჩი ცაგურიასია, სახელმწიფო ჩვენი სახით მიიღებს მსხვერპლს.”

როგორც ლეჟავა ამბობს, ერთ–ერთმა დაკავებულმა, ირაკლი კუპრაძემ მოახერხა დარეკვა და აცნობა მეგობრებს, რომ ცუდად არის, რის შემდეგაც შენობაში სასწრაფო დახმარების თანამშრომლები შევიდნენ. მისი თქმით, მოშიმშილეებმა სთხოვეს ადმინისტრაციას პროტესტის ფოიეში გაგრძელება, რადგან მათ შორის ბევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა პასუხად პოლიციისგან დარბევა მიიღეს.

ნეტგაზეთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც კუპრაძის, ცხვედიანისა და დიასამიძის ადმინისტრაციული წესით დაკავება დაუდასტურეს. აქციის მონაწილეები ამ დრომდე რკინიგზის შენობასთან რჩებიან. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

შიმშილობის აქცია 15 აგვისტოდან იმართება. ის თავდაპირველად სამუშაო პირობების ცვლილებით უკმაყოფილო ორმა რკინიგზელმა დაიწყო, რომლებიც ადმნისტრაციის გადაწყვეტილებით გურჯაანიდან მარნეულში გადაიყვანეს სამუშაოდ. ისინი აცხადებდნენ, რომ ხელშეკრულებებს განმარტების გარეშე, მოტყუებით მოაწერეს ხელი და მასში სამუშაოს ადგილმონაცვლეობაზე არაფერი იყო ნათქვამი. ისინი სამუშაო ადგილზე გადასასვლელად ტრანსპორიტითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას მოითხოვდნენ. ამის შემდეგ რკინიგზამ მედიას ის საცხოვრებელი დაათვალიერებინა, რომელსაც რკინიგზელებს სთავაზობდნენ და განაცხადეს, რომ გაფიცულების მოთხოვნები შესრულდა და მათ შეეძლოთ მუშაობა იმ დღესვე განეახლებინათ.

მესამე დღეს რკინიგზელებს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები შეურთდნენ და შენობის წინ 8 ადამიანი შიმშილობდა. რკინიგზაში შემდეგ განაცხადეს, რომ აქცია პოლიტიკურად იყო მოტივირებული. ამის შემდეგ შიმშილობის აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვასილ ხორავამ დატოვონ თანამდებობები და შესრულდეს წინა გაფიცვების შედეგად მიღწეული შეთანხმებები. მაგრამ შეთანხმება მხარეებს შორის ამ დრომდე არ შემდგარა. ისინი ასევე ზეწოლაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მოშიმშილეს რკინიგზელ, ვახტანგ ციხკარიშვილს, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვეღარ შეძლო პროტესტის გაგრძელება, ზეწოლის შედეგად მოაწერინეს ხელი განახლებულ სამუშაო პირობებზე. ცისკარიშვილი ნეტგაზეთის ზარებს არ პასუხობს.

შიმშილობის აქციას შეუერთდნენ რკინიგზელები სხვადასხვა რეგიონიდანაც, მათ შორის: აჭარიდან, სამეგრელოდან და იმერეთიდან. მათი განაცხადებით, ზოგიერთ მათგანს დაურეკეს და უთხრეს, რომ აქციაზე არ წასულიყვნენ. მოშიმშილეებს პოლიცია დღემდე არ აძლევს კარვის გაშლის საშუალებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი