ახალი ამბები

სამი მილიონი ერთ წელიწადში – ბათუმის მერიამ ანბანის კოშკისთვის მოიჯარე იპოვა

8 მაისი, 2013 • 1994
სამი მილიონი ერთ წელიწადში – ბათუმის მერიამ ანბანის კოშკისთვის მოიჯარე იპოვა


ბათუმის ანბანის კოშკით უკრაინული და თურქული კომპანიები დაინტერესდნენ. ბათუმის მერის, ჯემალ ანანიძის ინფორმაციით, ამ ორი კომპანიიდან ერთ-ერთის წარმომადგენელმა კოშკი დაათვალიერა კიდევაც: „ერთადერთი, რა წინადადებაც მისგან იყო, ისაა, რომ კარგი იქნებოდა კოშკის შენობაში სამი ვიაიპი კლასის სასტუმრო ნომერი მოეწყოს და ის აიღებდა ვალდებულებას. რაც შეეხება რესტორნის ნაწილს, კოშკში მისი შენარჩუნება გადაწყვეტილია“. 


ანბანის კოშკი
ანბანის კოშკი


მერმა არ დაასახელა, კონკრეტულად რომელი კომპანიები განიხილავენ ანბანის კოშკში ინვესტიციის ჩადებას, ან რა ვადის იჯარაზე შეიძლება ინვესტორთან შეთანხმება.

ჯემალ ანანიძის ინფორმაციით, ანბანის კოშკის საიჯარო ფასი წელიწადში სამი მილიონი ლარი იქნება. „დაინტერესებულ ინვესტორს ეს პირობები აწყობს, ის თავის პარტნიორებთან მოილაპარაკებს და მიიღებენ გადაწყვეტილებას“, – ამბობს ბათუმის მერი.


ამ დროისათვის ანბანის კოშკი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის საკუთრებაში რჩება. თუ ის მერიას გადაეცა, მის გასხვისებაზე გადაწყვეტილებას მერია მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოშკს ბულვარის ადმინისტრაცია მერიის თანხმობით გაასხვისებს.


ანბანის კოშკის ასაშენებლად ბათუმის ბიუჯეტიდან 64 მილიონი ლარი დაიხარჯა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი