ახალი ამბები

მღებრიშვილი: ბორჯომის ხეობაში ძლიერმა ქარმა ისევ გააღვივა ცეცხლის კერები

24 აგვისტო, 2017 • 1994
მღებრიშვილი: ბორჯომის ხეობაში ძლიერმა ქარმა ისევ გააღვივა ცეცხლის კერები

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ბორჯომში კვლავ მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.

“უკვე ტრადიციულად, დღის მეორე ნახევარში ქარი ძალიან გვიშლის ხელს სამუშაოებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისევ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. მობილიზებულია იგივე რაოდენობა ვერტმფრენებისა, იგივე რაოდენობა ადამიანებისა, უფრო სწორად, 200-300 ადამიანი კიდევ დაემატა და ისევ და ისევ გართულებულ პირობებში გვიწევს მუშაობა… ყველაზე პრობლემური ადგილი რჩება სოფელ დაბასთან 2 ფერდი, რომელიც პრაქტიკულად უკვე ლოკალიზებული იყო, მაგრამ ძლიერმა ქარმა ისევ გააღვივა კერები,”- განაცხადა მან.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ახალი კერები არ წარმოქმნილა, შესაბამისად, კვლავ აგრძელებენ მუშაობას ძველ კერებზე.

ხუთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან. ხანძარი სოფელ დაბასთან, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან  20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რომელიც იმ დროისთვის 5 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული. 21 აგვისტოსვე საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი. საღამოს ძლიერი ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და კერები მომრავლდა, ღამით კი ვერტმფრენები ცუდი ხილვადობისა და ქარის გამო მუშაობას ვერ ახერხებდნენ. 22 აგვისტოს დილით უკვე 12 ჰექტარზე მეტი ფართობი იყო დამწვარი. 23 აგვისტოს ხანძარს ებრძვიან მეხანძრე-მაშველები, ტექნიკა და ვერტმფრენები. ორი ქართვლი ვერტმფრენის გარდა, ოპერაციაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელორუსის ვერტმფრენები. სომხეთი კი ქართველ მაშველებს ტექნიკით ეხმარება. 24 აგვისტოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხანძრის აალებული კერები აღარ არის. სახანძრო-სამაშველო ოპერაციას 5 ვერტმრენი, სახალძი ტექნიკა და მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი