ახალი ამბები

არის თუ არა საარჩევნო სისტემა უსამართლო ალეკო ელისაშვლის მიმართ

24 აგვისტო, 2017 • 2825
არის თუ არა საარჩევნო სისტემა უსამართლო ალეკო ელისაშვლის მიმართ

ალეკო ელისაშვილი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობისთვის ბრძოლას   დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით აპირებს, მიიჩნევს, რომ  ცესკოს დადგენილება უსამართლოა.

საქმე ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 21 აგვისტოს მიღებულ დადგენილებას, რომელიც მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურებს ადგენს.

დადგენილების მიხედვით, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

დავას ხელმოწერების შეგროვების ვადა იწვევს, რადგანაც მერობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა ხელმოწერები ცესკოს  უნდ აწარუდგინოს კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა.

ასე რომ, ელისაშვილს ხელმოწერების შესაგროვებლად ერთი კვირა რჩება.

ალეკო ელისაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფის იურისტი ვანო ნორაკიძე ამ დადგენილებას მკაცრსა და არაგონივრულს უწოდებს.

მას მიაჩნია, რომ ხელმოწერების შესაგროვებლად განსაზღვრული ერთი კვირა ალეკო ელისაშვილს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, სხვა კანდიდატებთან შედარებით არათანაბარ პირობებში აყენებს:

“არჩევნების თარიღის დანიშვნის შემდეგ, კანონში არის მითითება, რომ კანდიდატი რეგისტრაციას გადის არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა. მართალია, ხელმოწერებზე ზოგადი წესია, რომ არჩევნების დღემდე 50 დღით ადრე უნდა მიაწოდო, მაგრამ რადგან რეგისტრაცია არის 30 დღით ადრე, აქედან გამომდინარე, ცესკოს შეეძლო, რომ შუალედური ვადა მოეცა, მით უმეტეს, საუბარია საინიციატივო ჯგუფზე და საინიციატივო ჯგუფისთვის ეს ვადა ყველაზე, მკაცრი და არაგონივრულია, რაც რა თქმა უნდა, დამოუკიდებელ კანდიდატს სხვა კანდიდატებთან შედარებით არათანაბარ პირობებში აყენებს.

ჩვენ გუშინ ჩაგვბარდა განკარგულება და ხელმოწრების ნიმუშებიც, გუშინდელ დღემდე ხელმოწერებს ვერ შევაგროვებდით, რადგან ბლანკები არ ჰქონდა ცესკოს დამზადებული და გადმოცემული და, შესაბამისად, არანაირი საშუალება, რომ ადრე დაგვეწყო ეს პროცესი, არ გვქონდა”.


როგორც “სამართლიანი არჩევნების” იურისტი ნინო რიჟამაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს კანონი არ დაურღვევია, აღნიშნული განკარგულების მიხედვით, წარმოუდგენელია განსაზღვრულ ვადაში ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება.


ნინო რიჟამაძე მიიჩნევს, რომ ერთი კვირა არ არის ადეკვატური ამომრჩეველთა იმ რაოდენობისა, რაც თბილისშია.

“ჩვენ გავაანალიზეთ ეს დადგენილება, რომელშიც  მითითებულია საარჩევნო კოდექსის ის მუხლები, რომლებიც არეგულირებენ საინიციატივო ჯგუფისა და, შესაბამისად, კანდიდატის რეგისტრაციის ვადებს და ამომრჩეველთა მხარდამჭერთა სიების წარდგენის წესს. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა არის მნიშვნელოვნად მაღალი, შესაბამისად, მხარდამჭერთა სიების რაოდენობა არის ყველაზე მაღალი სხვა ქალაქებთან შედარებით. შესაბამისად, ეს ერთკვირიანი ვადა პრობლემებს უქმნის დამოუკიდებელ კანდიდატს, განსხვავებით პარტიის კანდიდატისა, რომელთაც არ ევალებათ მხარდამჭერთა სიების წარდგენა.
ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში კანონს აქვს ხარვეზი და არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ფაქტობრივად წარმოუდგენელ ხანმოკლე ვადაში ავალებს დამოუკიდებელ კანდიდატს წარადგინოს მხარდამჭერთა სიები”.

ალექსანდრე ელისაშვილის მხარდამჭერები სოციალურ ქსელებში აქტიურად აკრიტიკებენ ცესკოს დადგენილებას. მათმა ნაწილმა ქალაქის მეტროებთან უკვე დაიწყეს  ხელმოწერების შეგროვება.

ალეკო ელისაშვილის და მისი მხარდამჭერების განცხადებებს უკვე გამოეხმაურა ცესკო, რომლის განმარტებით,  ელისაშვილის განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისა და საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადას ადგენს არა ცესკო, არამედ უშუალოდ საარჩევნო კოდექსი.“დღეს, თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა მცდარი ინფორმაცია კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურასთან დაკავშირებით.  კერძოდ, კანდიდატმა განაცხადა, რომ, თითქოს, ცესკომ მიიღო „სრულიად უსინდისო გადაწყვეტილება“ და მას დაუწესა არაგონივრული ვადა მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებისთვის.

აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ 21 აგვისტოს ცესკომ დადგენილებით მიიღო პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია, რომლის ერთადერთი მიზანია, საარჩევნო სუბიექტებს გაუმარტივოს კანონის შესაბამისად მოქმედება.

რაც შეეხება მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისა და საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადას, მას ადგენს არა ცესკო, არამედ უშუალოდ საარჩევნო კოდექსი. კოდექსის თანახმად კი, ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადაა არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღე, ანუ 1 სექტემბერი.  ასევე, ცესკომ ზუსტად კანონზე დაყრდობით განსაზღვრა საჭირო ხელმოწერების ოდენობა 1% (თბილისის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა – 958729, ხოლო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა – 9587).

შესაბამისად, მერობის კანდიდატის განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საარჩევნო პროცესის დაზიანებისგან. ამავდროულად, ჩვენი ვალია, არავის მივცეთ მცდარი განცხადებებით ცესკოს დისკრედიტაციის შესაძლებლობა”, – აცხადებს ცესკოს პრესსპიკერი ანა მიქელაძე.
.
ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი