აფხაზეთისა და სირიის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკისა და სირიის არაბული რესპუბლიკის ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრებმა, სირიაში ოფიციალური შეხვედრის დროს, ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.

როგორც აფხაზური მედია წერს, კერძოდ, ადგურ არძინბამ და მუჰამედ სამერ ჰალილემმა სავაჭრო სახლების შექმნისა და ორივე ქვეყენის წარმომადგენლობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა განიხილეს და უახლოეს პერიოდში მხარეები თანამშრომლობის შესახებ შემუშავებული გეგმებსაც გაცვლიან.

გარდა ამისა, აფხაზური მხარის ცნობით, ეკონომიკური თანამშრომლობა აფხაზეთსა და სირიას შორის თავისუფალი ვაჭრობის, აფხაზური პროდუქციის სირიის ბაზარზე გატანის, საზღვაო ტვირთების მიმოსვლის საკითხებს ითვალისწინებს.

აფხაზური დელეგაცია, დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს ხელმძღვანელობით, დამასკოში 22 გვისტოს საერთაშორისო ბაზრობაში დამოუკიდებელი რესპუბლიკის რანგში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

როგორც აფხაზური მხარე აცხადებს, მხარეებმა სირიისა და მის გარშემო არსებულ სამხედრო პოლიტიკურ სიტუაციაზეც ისაუბრეს, დაურ კოვემ კი სირიის არაბული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა აფხაზეთში მიიწვია.

აფხაზეთის დელეგაციის სირიაში ვიზიტს ქართული მხარე გამოეხმაურა და “რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელების” შესახებ ისაუბრა:

“მსგავსი ქმედებებით რუსეთი უშედეგოდ ცდილობს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას და სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას. შესაბამისი არხებით შედგა კომუნიკაცია სირიის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი ხელისუფლების ინტენსიური მუშაობის შედეგად საერთაშორისო საზოგადოებასთან, საქართველოს ტერიგორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სუვერენულ სახელმწიფოს, პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენულ უფლებებს და არ მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ პროვოკაციულ ქმედებებში”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი