პრეზიდენტის რეზიდენცია ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებული საზეიმო მიღება გაუქმდა

დღეს, 24 აგვისტოს, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებული საზეიმო მიღება, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში უნდა გამართულიყო, ბორჯომის ხეობაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეს პრეზიდენტის, პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.

დღეს გვინდოდა, რომ ეს აღნიშვნა ყოფილიყო უფრო მასშტაბური, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყდა, მხოლოდ მინიმალური ღონისძიებებით შემოვიფარგლოთ. დღეს თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე ახალგაზრდების ინიციატივით დაგეგმილი ღონისძიება ძალაში რჩება, საღამოს 18:00 საათიდან ჩატარდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის, მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით, იქნება გამოფენა და წარმოდგენილი იქნება საქართველოს კონსტიტუციის ერთგვარი ისტორიული კონტექსტი. ამ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ხუთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან. ხანძარი სოფელ დაბასთან, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან  20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რომელიც იმ დროისთვის 5 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული. 21 აგვისტოსვე საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი. საღამოს ძლიერი ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და კერები მომრავლდა, ღამით კი ვერტმფრენები ცუდი ხილვადობისა და ქარის გამო მუშაობას ვერ ახერხებდნენ. 22 აგვისტოს დილით უკვე 12 ჰექტარზე მეტი ფართობი იყო დამწვარი. 23 აგვისტოს ხანძარს ებრძვიან მეხანძრე-მაშველები, ტექნიკა და ვერტმფრენები. ორი ქართვლი ვერტმფრენის გარდა, ოპერაციაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელორუსის ვერტმფრენები. სომხეთი კი ქართველ მაშველებს ტექნიკით ეხმარება. 24 აგვისტოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხანძრის აალებული კერები აღარ არის. სახანძრო-სამაშველო ოპერაციას 5 ვერტმრენი, სახალძი ტექნიკა და მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი