ახალი ამბები

რუსთავში მობილური ფსიქიატრიული ჯანდაცვის 60 პაციენტი მომსახურების გარეშეა დარჩენილი

28 აგვისტო, 2017 • 2995
რუსთავში მობილური ფსიქიატრიული ჯანდაცვის 60 პაციენტი მომსახურების გარეშეა დარჩენილი

რუსთავში “მობილური ფსიქიატრიული ჯანდაცვის” 60 პაციენტი მომსახურების გარეშეა დარჩენილი, რადგანაც, ცენტრი, რომელიც ამ პროექტს ახორციელდება, აღარ ფინანსდება.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველმა 24 აგვისტოს გამოაქვეყნა. ამ განცხადებიდან ირკვევა, რომ  პროექტი “მობილური ფსიქიატრიული ჯანდაცვა”  რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის მიერ 2016 წლის თებერვლიდან ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა. ამ პროექტის ფარგლებში მობილური ჯგუფების მიერ საცხოვრებელ ადგილზე მომსახურებას 60 პაციენტი იღებდა.

სახალხო დამცველი საუბრობს იმ სასიკეთო ცვლილებებზე, რაც ამ პროგრამამ მოიტანა – კერძოდ, 60%–ით შემცირდა პაციენტების სტაციონარში მოთავსებისა და რეჰოსპიტალიზაციის რიცხვი, პაციენტებში იკლო ფსიქოპათოლოგიური სიმპტომების სიმწვავემ და გაიზარდა პაციენტების სოციალური ფუნქციონირებისა და მათი ოჯახის კმაყოფილების ხარისხი.

ომუდსმენის წარმომადგენელი, ირინა ობოლაძე გვეუბნება, რომ ეს პროექტი 20 ივნისს დასრულდა, რის შემდეგაც ცენტრმა დაფინანსების საკითხში დასახმარებლად მიმართა ადგილობრივ თვითმმართველობას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო პროექტის გაგრძელება.

მათივე განცხადებით, რუსთავის მერიამ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის, სახალხო დამცველის და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის მიუხედავად, უარი განაცხადა პროგრამის დაფინანსებაზე.

რუსთავის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა, ნინო ქვირიამ ნეტგაზეთთან საუბრიისას განმარტა, რომ ამ პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერაზე საბოლოო უარი არ უთქვამთ და მხოლოდ ამ ეტაპზე, სამუშაო წლის შუაში, ვერ მოხერხდა მისი ბიუჯეტში ჩასმა. მისივე თქმით, აპირებენ, ეს პროექტი, ოღონდ უფრო შემცირებული ბიუჯეტით, 2018 წლის დაგეგმვისას გაითვალისწინონ:

“ამ ეტაპზე, ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, რუსთავის მერია  მოკლებულია შეაძლებლობას დააფინანსოს, მაგრამ მზადყოფნას გამოთქვამს თანამშრომლობისთვის… საერთოდ, პროგრამები იგეგმება წლის ბოლოს, შემდეგ განიხილება საკრებულოში და მოწონების შემთხვევაში ისინი იქცევა ჩვენს მუნიციპალურ პროგრამებად. მყისეულად და დაუყოვნებივ ამ პროგრამის დაფინანსება, რომლის წლიური ღირებულება 154 800 ლარს შეადგენს, შეუძლებელია… თუმცა პროგრამას ვიწონებთ, აუცილებელია, რომ განხორციელდეს, მაგრამ, გათვალისწინებული გვაქვს 2018 წლის ბიუჯეტში და არა ამ წლის ბიუჯეტში, უფრო შემცირებული ბიუჯეტით,”-  განაცხადა მან.

სახალხო დამცველი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ უკიდურესად დაბალია ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების განვითარების საქმეში:

“ამ პროცესში განსაკუთრებულია ადგილობრივი თვითმმართველობის როლი და მონაწილეობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტებმა არსებული რესურსების გონივრულად განაწილებით მეტი ძალისხმევა მიმართონ ასეთი სერვისების განვითარებისკენ და ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას. გასულ პერიოდში გამართული სამუშაო შეხვედრების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ სახელმწიფოს ძალისხმევა ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნების სათანადოდ განხორციელებისთვის საკმარისი და ეფექტური არ არის,”- აცხადებს ომბუდსმენი.

გიორგი გაგოშიძის ნახატი ფსიქიკური ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით, ასათიანის ქუჩა. 10.10.15

გიორგი გაგოშიძის ნახატი ფსიქიკური ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით, ასათიანის ქუჩა. 10.10.15

მასალების გადაბეჭდვის წესი