ახალი ამბები

პრემიერი: რთული ურთიერთობის პირობებში, რუსეთის წინადადება დახმარებაზე მისასალმებელია

24 აგვისტო, 2017 • 2816
პრემიერი: რთული ურთიერთობის პირობებში, რუსეთის წინადადება დახმარებაზე მისასალმებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მეზობელ ქვეყნებს ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ლიკვიდაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის. პრემიერი კიდევ ერთხელ შეეხო რუსეთისაგან დახმარების შემოთავაზების საკითხს და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც ორ ქვეყანას შორის არსებობს რთული ურთიერთობა, “ასეთი წინადადება არის მისასალმებელი”:

“მინდა, რომ განსაკუთრებულად აღვნიშნო ის მადლობა დახმარებისთვის, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ.

რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა დახმარების და ვფიქრობთ, რომ ეს წინადადება არის მისასალმებელი. ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. სწორედ გამომდინარე ამ პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხიდან, ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გაგვაჩნია ძალიან რთული ურთიერთობა რუსეთთან, ასეთი წინადადება არის მისასალმებელი,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის კერების სრულად ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. უკვე მე-5 დღეა, რაც ხეობაში ტყეს ცეცხლი უკიდია. მაშველი-მეხანძრეები ოპერაციაში აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან იღებენ მონაწილეობას. პრემიერის თქმით, ადგილზე 1500 კაცი და 6 ვერტმფრები მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი