რა ვითარებაა 24 აგვისტოს დილით ბორჯომის ხეობაში

საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ამ დრომდე ვერ ხერხდება ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია. უკვე მე-5 დღეა ტყეში ცეცხლის კერებს სრულად ვერ აქრობენ. ჯერ კიდევ უცნობია სტიქიის შედეგად განადგურებული ტყის ზუსტი ფართობი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტყეში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ცოცხალი ძალა. დილიდან განაახლა მუშაობა 6-მა ვერტმფრენმაც. ასევე ჩაქრობით სამუშაოებში ჩართულია ერთი თვითმფრინავი. პრემიერის ინფორმაციით, აქტიური ცეცხლის კერები ჯანსაღი ტყისაგან გამიჯნულია:

“იყო ძალიან რთული ღამე. მთელი ღამე მიმდინარეობდა მუშაობა. წუხანდელი ღამის განმავლობაში გაჭრილი იქნა ტყეში დაახლოებით 3 კილომეტრამდე ახალი გზა. მოხდა აქტიური კერების გამიჯვნა ჯანმრთელი ტყიდან. შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები არის შემოსაზღვრული. ამ წუთას მუშაობს 6 ვერტმფრენი, მუშაობდა 1500 კაცი ცოცხალი ძალა. გასული არიან ყველა აქტიური ცეცხლის ზონაში. დღის განმავლობაში გაგრძელდება იმ კერებზე როგორც ავიაციით, ასევე ცოცხალი ძალით დამუშავება. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება,” – აცხადებს კვირიკაშვილი.

მთის მართვის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, 24 აგვისტოს დილისთვის ბორჯომის ტერიტორიაზე ცეცხლის არც ერთი ალმოდებული კერა არ არის.

“მთავარი პრობლემაა ტიმოთეს უბნისა და წაღვერის მიმართულებით გადასული ცეცხლი, რომელსაც დავარტყით უსაფრთხოების დერეფანი და მაგის ხარჯზე მოვახერხეთ და შევაჩერეთ ეს ძალიან დიდი ცეცხლის კერა. შემდეგ დავამუშავეთ წყლით, ამ წუთას არც ერთ ადგილას ანთებული ცეცხლის კერა არ გვაქვს,”  – განაცხადა თამაზ გამცემლიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი