ახალი ამბები

სერგეენკო: ბორჯომის ხეობისთვის გაცემული რეკომენდაციები შეიცვალა

23 აგვისტო, 2017 • 1868
სერგეენკო: ბორჯომის ხეობისთვის გაცემული რეკომენდაციები შეიცვალა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს, 23 აგვისტოს განაცხადა, რომ დაწესებული რეკომენდაციები ბორჯომის მთელი ხეობისთვის მოიხსნა.

“დღეს, დღის განმავლობაში ბორჯომის ხეობაში, საბედნიეროდ, ჯერადობით შემცირდა დაკვამლიანება. დღის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტრომ რამდენიმე დასახლებაში აიღო სინჯები მყარი ნაწილაკების შესაბამისი პარამეტრების, რომლებიც საბედნიეროდ ნორმის ფარგლებშია. ეს არის მნიშვნელოვნად შემცირება რისკების, თუმცა ერთეული კერები რჩება. ამიტომ გუშინდელი რეკომენდაციები, რომ მთელი ხეობის მასშტაბით თავი შეეკავებინათ ბავშვებს და ქრონიკული დაავადებების მქონე მოზრდილებს, ეს მოხსნილია და რჩება მხოლოდ იმ კუთხეებში, სადაც მოსახლეობა შენიშნავს, რომ კვამლი იგრძნობა. წინასწარ ამის განსაზღვრა შეუძლებელია ქარის მიმართულების გამო, ღამის განმავლობაში. ამიტომ ეს საფრთხეები მნიშვნელოვნად, ჯერადობით არის შემცირებული და იმოქმედებს მხოლოდ იქ, სადაც მოსახლეობა შენიშნავს, რომ კვამლი შეიგრძნობა”, – განაცხადა მინისტრმა.

უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან. ხანძარი სოფელ დაბასთან, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან 20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რომელიც იმ დროისთვის 5 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული.

21 აგვისტოსვე საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი. საღამოს ძლიერი ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და კერები მომრავლდა, ღამით კი ვერტმფრენები ცუდი ხილვადობისა და ქარის გამო მუშაობას ვერ ახერხებდნენ.

22 აგვისტოს დილით უკვე 12 ჰექტარზე მეტი ფართობი იყო დამწვარი. 23 აგვისტოს ხანძარს ებრძვიან მეხანძრე-მაშველები, ტექნიკა და ვერტმფრენები. ორი ქართული ვერტმფრნის გარდა, ოპერაციაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელორუსის ვერტმფრენები. სომხეთი კი ქართველ მაშველებს ტექნიკით ეხმარება

მასალების გადაბეჭდვის წესი