ახალი ამბები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ხანძარზე: რთული კერა გვაქვს წაღვერის თავზე

23 აგვისტო, 2017 • 1893
ინფრასტრუქტურის მინისტრი ხანძარზე: რთული კერა გვაქვს წაღვერის თავზე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ამბობს, რომ წაღვერთან მდებარე ტყეში ხანძრის საშიში კერები რჩება.

“საღამოს მდგომარეობით, ძლიერი ქარია ისევ მთაში. ქარი უცვლის მიმართულებებს ცეცხლს. რთული კერა გვაქვს ძალიან წაღვერის თავზე. იქ გვყავს გაგზავნილი დაახლოებით ოცი ერთეული მძიმე ტექნიკა და ამდენივე სახანძროები და სატვირთო მანქანები, ასევე, ცოცხალი ძალა. იქ არ უნდა გავრცელდეს ხანძარი ახალი ტყის მასივებზე, თორემ ძალიან დიდი პრობლემები შეგვექმნება. პრევენციას ვაკეთებთ იქითა მხარეს. ხანძარი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. ადგილ-ადგილ ახალი კერები ჩნდება, ძველი ქრება, ზოგს ვაქრობთ და ისევ ჩნდება”, – განაცხადა მინისტრმა

ალავიძის თქმით, მდგომარეობა კოტროლირებადია იმ კუთხით, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

“ვმუშაობთ და ვიმუშავებთ მთელი ღამის განმავლობაში. ახლა აქ ჩატარდება შემაჯამებელი თათბირი რამდენიმე საათში, დავგეგმავთ, ღამე როგორ უნდა ვიმუშაოთ და გავაგრძელებთ მუშაობას. მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკა, ცოცხალი ძალა იმუშავებს შეუჩერებლად. ვერტმფრენები ღამე ვერ მუშაობენ, ისინი დაბრუნდნენ დისლოკაციის ადგილზე. ეს კერები [სოფელ დაბის მხარეს] საშიში არ არის, ქვემოთ თუ ჩამოიწია, საკმაოდ ძალა გვყავს იმისთვის, რომ გავაჩეროთ, არც გზაზე გადმოვიდეს და, მით უმეტეს, მოსახლეობაში რომ არ წავიდეს”, – ამბობს მინისტრი.

უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან. ხანძარი სოფელ დაბასთან, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან 20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რომელიც იმ დროისთვის 5 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული.

21 აგვისტოსვე საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი. საღამოს ძლიერი ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და კერები მომრავლდა, ღამით კი ვერტმფრენები ცუდი ხილვადობისა და ქარის გამო მუშაობას ვერ ახერხებდნენ.

22 აგვისტოს დილით უკვე 12 ჰექტარზე მეტი ფართობი იყო დამწვარი. 23 აგვისტოს ხანძარს ებრძვიან მეხანძრე-მაშველები, ტექნიკა და ვერტმფრენები. ორი ქართული ვერტმფრნის გარდა, ოპერაციაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელორუსის ვერტმფრენები. სომხეთი კი ქართველ მაშველებს ტექნიკით ეხმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი