შს მინისტრი: რაც უფრო ზემოთ მიიწევენ მეხანძრეები, უფრო ძლიერდება ქარი ბორჯომში

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ დღეს, 23 აგვისტოს, წინა დღეებთან შედარებით ბორჯომში ქარი გაძლიერდა.

“სახანძრო ვერტმფრენები აქტიურად მუშაობენ. ერთი წამით არ შეუწყვეტიათ მათ მუშაობა. თუკი ისინი ბაზას უბრუნდებიან, უბრუნდებიან, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დაიმატონ საწვავი. ყველა კერაზე ვმუშაობთ, მიუხედავად გართულებული მეტეოროლოგიური პირობებისა. ხედავთ, რომ ძალიან ძლიერი ქარია. ასეთი ქარი არც გუშინ და არც გუშინწინ არ ყოფილა. ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ამ წუთებში იმყოფებიან კერების მიმდებარე ტერიტორიებზე, ყველასგან მოგვდის ის ინფორმაცია, რომ რაც უფრო ზემოთ იწევიან ჩვენი თანამშრომლები, მით უფრო ძლიერდება ქარი. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, არ ვაჩერებთ ერთი წამით მუშაობას. მე ვფიქრობ, რომ შედეგს აუცილებლად მოვაღწევთ. ახალი კერები ამ დროისთვის არ არის, გარდა ერთი გამონაკლისისა და ამ კერასთანაც უკვე გაჭრილია გზა, მისული არიან ჩვენი თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.”, – ამბობს შს მინისტრი.

უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან. ხანძარი სოფელ დაბასთან, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან 20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რომელიც იმ დროისთვის 5 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული.

21 აგვისტოსვე საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი. საღამოს ძლიერი ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და კერები მომრავლდა, ღამით კი ვერტმფრენები ცუდი ხილვადობისა და ქარის გამო მუშაობას ვერ ახერხებდნენ.

22 აგვისტოს დილით უკვე 12 ჰექტარზე მეტი ფართობი იყო დამწვარი. 23 აგვისტოს ხანძარს ებრძვიან მეხანძრე-მაშველები, ტექნიკა და ვერტმფრენები. ორი ქართული ვერტმფრნის გარდა, ოპერაციაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელორუსის ვერტმფრენები. სომხეთი კი ქართველ მაშველებს ტექნიკით ეხმარება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com