სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება თბილისში 26 აგვისტოს გაიმართება

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 26 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები გაიმართება.

საქართველოს მთავრობას უკვე მესამედ უწევს კონკურსის გამოცხადება სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად. პირველ ჯერზე სამკაციანი სიიდან (ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი) ექსპერტთა საბჭომ ერთი (ნანა მჭედლიძე) დაიწუნა, რომელიც ევა გოცირიძემ უკონკურსოდ ჩაანაცვლა. მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი)  ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა. ამჯერად სტრასბურგში ექსპერტთა საბჭომ სამიდან ორი კანდიდატი (სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) დაიწუნა. სწორედ ამ ორ ახალ კანდიდატს ეძებს ამჯერად კონკურსის გზით საქართველოს მთავრობა.

კონკურსი სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორი ახალი კანდიდატურის შერჩევად 2017 წლის 26 ივლისს გამოცხადდა და საკონკურსო განაცხადების მიღება ხვალ, 24 აგვისტოს, 00.00 სთ-ზე დასრულდება, რის შემდეგაც  კომისია განიხილავს კონკურსში მონაწილე კანდიდატების განაცხადებს და მათ, ვინც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს, 26 აგვისტოს გასაუბრებაზე დაიბარებს.

სამინისტროს ცნობითვე, დღეისათვის (23 აგვისტო) კონკურსში მონაწილეობის სურვილი 26-მა კანდიდატმა გამოთქვა, მათგან მხოლოდ 19-ია იურისტი.

მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, კანდიდატი

  • სრულყოფილად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას; კარგად უნდა ფლობდეს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისური ან ფრანგული; ცოდნის, მინიმუმ, B1 დონე ევროპული სტანდარტით); სრულყოფილად უნდა ფლობდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და უნდა ჰქონდეს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სრულყოფილად უნდა ფლობდეს საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს  კანონმდებლობას;
  • უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან უნდა იყოს აღიარებული კომპეტენტურობის მქონე სამართალმცოდნე;
  • უნდა  ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
  • უნდა ჰქონდეს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია.

“ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიის დასკვნაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ 25 ივლისს მიიღო, ნათქვამია, რომ ლადო ჭანტურიას კანდიდატურა სრულად შეესაბამება ევროკონვენციის მოთხოვნებს, დანარჩენი ორი კანდიდატის შესახებ კი აღნიშნულია, რომ იმ ახალი წესებისა და რთული მექანიზმის გათვალისწინებით, რაც სტრასბურგის ორგანოებმა მოსამართლეობის კანდიდატებს 2009 წლიდან დაუწესეს, „ფასდება არა მხოლოდ ის, თუ რამდენად კარგი განათლება აქვს კანდიდატს ადამიანის უფლებათა სამართალში ან გამოცდილება – როგორც მოსამართლეს, არამედ მოცემული პროფესიული გამოცდილების ხანგრძლივობა, რაც გარკვეულწილად დამოკიდებულია ასაკზეც, ამ გამოცდილების სიღრმე და მასშტაბი“. როგორც საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა წერილშია აღნიშნული, გამოცდილების სიღრმესა და მასშტაბში საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებში მუშაობის გამოცდილებაა ნაგულისხმევი. შესაბამისად, დასკვნაში პირდაპირ არის ხაზი გასმული მეორე კანდიდატის „ახალგაზრდა ასაკსა“ (35 წლის) და აქედან გამომდინარე შედარებით ხანმოკლე სამოსამართლო კარიერაზე (6,5 წელი); ხოლო მესამე კანდიდატთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მიუხედავად მისი კარგი ცოდნისა ადამიანის უფლებების სფეროში, მიუხედავად მისი „ღირებული პროფესიული გამოცდილებისა“, ამ ეტაპზე მისი პროფესიული გამოცდილების მასშტაბი საკმარისად მაღალი და საკმარისი ხანგრძლივობის არ არის.

ამრიგად, იმისათვის, რომ საქართველოდან წარგზავნილი კანდიდატი აკმაყოფილებდეს ევროპის საბჭოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს, აუცილებელია, ის იყოს მოწიფული ასაკის და ჰქონდეს ხანგრძლივი სამოსამართლო გამოცდილება არანაკლებ 6 წლისა, მათ შორის, საკონსტიტუციო ან უზენაეს სასამართლოში,”- ვკითხულობთ იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი