კვირიკაშვილი: დანაკარგი დიდია, მაგრამ გული არ გავიტეხოთ

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შტაბი აგრძელებს მუშაობას 24 საათის განმავლობაში. მისი თქმით, დანაკარგი დიდია, თუმცა ტყე-პარკი აუცილებლად აღდგება მეგობრებისა და მოსახლეობის დახმარებითა და თანადგომით:

“ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, რომ ბორჯომის ტყე-პარკი აღვადგინოთ. მოსახლეობას უნდა ვუთხრა, რომ დანაკარგი დიდია, მაგრამ გული არ გავიტეხოთ. როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ასევე ერთობლივად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს. შესაძლოა, შევქმნათ ფონდი, სადაც მოსახლეობის და მეგობრების მონაწილეობით ისევ გავალამაზებთ ბუნებას, როგორიც აქამდე იყო. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ ამ სტიქიას აუცილებლად დავამარცხებთ და ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ უნიკალურ ტყე-პარკს ჩვენს მოსახლეობასთან და მეგობრებთან ერთად.”

კვირიკაშვილი ასევე მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და მეგობარ ქვეყნებს:

“ძალიან ბევრი იშრომეს 24 საათის განმავლობაში ჩვენმა სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მეხანძრე-მაშველებმა, შსს-ს საგანგებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა. ასევე, უნდა ითქვას, რომ ბევრი იშრომეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რომლებმაც სოლიდარობა გამოხატეს სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენმა მეზობლებმა გაგვიწიეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება. განსაკუთრებით მინდა გამოვყო აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ბელორუსი და თქვენ ხედავთ მათ წარმომადგენლებს, როგორც ცოცხალ ძალას, ასევე- ტექნიკას. ყოველ წუთას მოდის შემოთავაზებები დახმარებაზე, რაც ძალიან მნიშნელოვანია. ჩვენ ამ სტიქიას დავამარცხებთ. შტაბი აგრძელებს 24 საათის განმავლობაში მუშაობას. ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, სანამ ცეცხლი ბოლომდე არ ჩაქრება. “

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაკო სონღულაშვილი,ათინა ბრეგვაძე