საქართველოში აშშ-ს ელჩი, იან კელი 23.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

კელის თქმით, აშშ საქართველოსაგან ელოდება პასუხს, რა კუთხითაა დახმარება საჭირო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, აშშ-მა საქართველოს მთავრობას უკვე წარუდგინა შეთავაზებების სია და ახლა თავად ქართულმა მხრემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რა კუთხით იქნება დახმარების მიღება საჭირო ბორჯომში ხანძართან გასამკლავებლად.

“ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ ხანძრით და ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს დახმარება. ზუსტად გუშინ ვესაუბრეთ ამერიკის კრიზისების მართვის სააგენტოს უცხო ქვეყნებში და ზოგადად გავარკვიეთ, რა კუთხით შეგვიძლია შევთვაზოთ საქართველოს მთავრობას დახმარება. ამ დილით გადავეცით საქართველოს შეთავაზებების სია.

მათ [მთავრობამ] თავად უნდა გადაწყვიტონ, რა სახით იქნება უმჯობესი დახმარება, ჩვენ არ გვინდა, რომ ჩავერიოთ მათ საქმიანობაში. ჩვენ გვსურს მათგან ვიცოდეთ ზუსტად, როგორ სჭირდებათ დახმარება. მათ შეუძლიათ გადახედონ ჩვენს შეთავაზებებს და შემდეგ ვისაუბრებთ კონკრეტულად,” – აცხადებს ელჩი.

იან კელიმ გუშინ განაცხადა, რომ ამერიკა მზად არის საქართველოს დასახმარებლად ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში.

ხანძარი ბორჯომის ხეობაში 20 აგვისტოს გაჩნდა და ამ დრომდე მისი ლოკალიზება ვერ ხერხდება. ცეცხლის ჩასაქრობად საქართველოში შემოვიდნენ მაშველები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და ბელორუსიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი