ახალი ამბები

რის შესახებ ისაუბრეს რესპუბლიკურ პარტიაში შეხვედრაზე აშშ-ის ელჩმა და პარტიის ლიდერებმა

23 აგვისტო, 2017 • 1687
რის შესახებ ისაუბრეს რესპუბლიკურ პარტიაში შეხვედრაზე აშშ-ის ელჩმა და პარტიის ლიდერებმა

დღეს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ოფისში პარტიის წევრებსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელის შორის შეხვედრა გაიმართა. დახურულ შეხვედრაზე პარტიის გეგმები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ელჩის განცხადებით, მას პირადად სურდა მოესმინა პარტიის ლიდერების პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე.

“მე მიმაჩნია, რომ ძლიერი და აქტიური ოპოზიცია არის უმნიშვენლოვანესი ნაწილი დემოკრატიისა. სწორედ ამიტომ მინდოდა მე აქ ვიზიტი, რადგანაც ვფიქრობ, რომ ეს პარტია არის უძველესი, ერთ-ერთი ყველაზე ძველი, დიდი ხნის ისტორიის მქონე პარტია საქართველოში. ნამდვილად მინდოდა მათი პოზიციის გაგება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. მე მათ ვუთხარი, რომ ძლიერი ოპოზიცია არის უმნიშვნელოვანესი ხელისუფლების განშტოებებს შორის ბალანსისა და კონტროლის მექანიზმისთვის,” – აცხადებს იან კელი.

იან კელის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის საპარალმენტო სახელმწიფო, აუცილებელია, პოლიტიკურ პროცესებში ჩართული იყოს ბევრი სხვადასხვა პარტია. ელჩმა მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში, რომლებიც მუშაობენ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის, რომ გააქტიურდნენ.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ელჩთან განიხილეს სამომავლო თანამშრომლობისა და მხარდაჭერის საკითხები.

“შეხვედრა იყო ელჩის ინიციატივა, რომ ამ პროცესში, წინასაარჩევნოდ, ძალიან მნიშვნელოვანია პროდასავლური პარტიების მხარდაჭერა, თანამშრომლობა, გაძლიერება. მისთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გეგმების გაცნობა: სამომავლოდ რას ვაპირებთ, როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პროდასავლური ღირებულებები – ამასთან დაკავშირებით აშშ-ის სალეჩო მზად არის, მხარი დაუჭიროს ჩვენს თანამშრომლობას,” – აცხადებს პარტიის თავმჯდომარე.

პარტიის წევრის, ლევან ბერძენიშვილის თქმით, “ელჩს აშფოთებს კონსოლიდაციის ის მცდელობები, რომლებიც აძევებს პარტიებს სათამაშო ველიდან”.

“ეს საკმაოდ კარგად გამოიხატა თვითონ ვიზიტის ფაქტითაც.

ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო პროცესზე, საკონსტიტუციო პროცესზე არჩევნებთან დაკავშირებით, თავად საარჩევნო პროცესებზე – რას ვაპირებთ და როგორ. ასევე ვისაუბრეთ პარტიის განახლებაზე და ახალგაზრდების როლზე,” – ამბობს ბერძენიშვილი.

ხათუნა სამნიძის თქმით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას და მერობის კანდიდატების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

“ჩვენი ძირითადი ბრძოლა იქნება თბილისში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, მაგრამ ვითარებიდან გამომდინარე, თბილისი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც რესპუბლიკური პარტია იბრძოლებს ძალიან მკაფიო, ლიბერალური, ნათელი გზავნილებით. ჩვენ ვართ ერთადერთი ლიბერალური პარტია ამ ბრძოლის ველზე,” – აცხადებს სამნიძე.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი