ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ აღარ ჩამოვიდნენ ტურისტები აფხაზეთში [ფოტო]

23 აგვისტო, 2017 • 8325
რატომ აღარ ჩამოვიდნენ ტურისტები აფხაზეთში [ფოტო]

2017 წლის ტურისტული სეზონი აფხაზეთში ყველა მაჩვენებლის მიხედვით ჩავარდა. ქუჩებში ტურისტების შესამჩნევად მცირე რაოდენობის პარალელურად, ამის შესახებ როგორც მსხვილი სასტუმროების მფლობელები, კერძო ბინების გამქირავებლებიც საუბრობენ.

სოხუმის ერთ-ერთ მსხვილ სასტუმროში “რიწა” ბევრი თავისუფალი ადგილია, რაც ზაფხულში უჩვეულო მოვლენაა. მას შემდეგ, რაც აფხაზეთში მოსკოველი ტურისტის მკვლელობის შესახებ ამბავი გავრცელდა, ვიზიტორების ნაწილმა ჯავშანი გააუქმა.  

2017 წლის 11 ივლისს გუდაუთის რაიონში, სანაპირო ზოლზე, ავტომატებით შეირაღებული ნიღბიანები რუსი ტურისტების ორ ოჯახს თავს დაესხნენ. ერთი ტურისტი მოკლეს. რუსეთის საელჩომ 12 ივლისს ვებგვერდზე გაავრცელა განცხადება, რომ აფხაზეთში ყოფნის დროს სიფრთხილე გამოიჩინონ.

“ყველაზე ტურისტული 2015 წელი იყო. 2016 წელს ნაკლები ჩამოვიდა – მაისის მოვლენებმა [საპროტესტო აქციები] გავლენა იქონია. 2017 წელს კი ტურისტის მკვლელობამ შეაშინა ხალხი. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც გვყავს ჩვენი კლიენტები, რომლებიც წლიდან წლამდე გვსტუმრობენ. ისინი საქმიანი ადამიანები არიან. ჩამოსვლამდე მაინც რეკავენ ხოლმე და გევკითხებიან, როგორია სიტუაციაა. თუმცა ყველას ვერ დაარწმუნებ. იყო შემთხვევები, როდესაც ჯავშნები გააუქმეს”, – გვიყვება სასტუმროს დირექტორი რიწა კვიცინია.

სასტუმრო "რიწა", სოხუმი; ფოტო: 2017; ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

სასტუმრო “რიწა”, სოხუმი; ფოტო: 2017; ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

ტურისტების ნაკადის შემცირებაზე საუბრობენ ადგილობრივი ტურისტული ფირმების წარმომადგენლებიც. მათი განმარტებით, მხოლოდ აფხაზეთში არსებული კრიმინალური სიტუაცია არ აფრთხობს ვიზიტორებს. ისინი მომსახურების დაბალ დონესა და სიძვირეზე საუბრობენ.

ტურისტული ფირმის «Apsny Adventure» წარმომადგენელი საბინა ახბა 2017 წლის ტურისტულს სეზონს ჩავარდნილს უწოდებს.

“ბევრი მიზეზია, მაგალითად, საფასო პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში. სიმართლე უნდა ითქვას, ყველაფერი გაუმართლებლად ძვირია. ვიმედოვნებ, ჩვენი ხელისუფლება და ბიზნესმენები, რომელთაც ნაკლები დანახარჯით ბევრი ფულის შოვნა უნდათ, გამოიტანენ დასკვნას, რომ ასეთი პოლიტიკა კარგს არაფერს მოიტანს”, – ამბობს საბინა ახბა.

ამავე დროს, არიან ისეთებიც, ვინც აფხაზეთში ყოველ წელს ჩამოდის და კმაყოფილია, ვისაც კომფორტულ სასტუმროებსა და უზადო მომსახურებას “ველური” აფხაზეთი ურჩევნია. მაგალითად, დიანა სუპონინა ანაპიდან [რუსეთი], რომელიც ათი წელია, ზაფხულობით სოხუმის სტუმარია.

“ანაპაში ყველაფერი უფრო ცივილიზებულია, ბევრი თანამედროვე გართობის საშუალებაა, მაგრამ მსგავსი ბუნება და ენერგეტიკა იქ არ არის. აქ იმისთვის ჩამოვდივარ, რომ მთელი წლისთვის სამყოფი ენერგიით ავივსო”, – ამბობს სუპონინა.

სოხუმი; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

სოხუმი; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

კმაყოფილ ტურისტებს შორისაა რუსეთის მოქალაქე ოლეგ ვორობიოვიც. როგორც ოლეგი გვიყვება, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ყოველ ზაფხულს, რთული პოლიტიკური თუ კრიმინალური სიტუაციის მიუხედავად, აფხაზეთს სტუმრობს.

მისი არჩევანი კერძო სექტორია. ოჯახთან ერთად კერძო სახლში ოთახს ქირაობს. ოლეგი ამბობს, რომ სოხუმში კომფორტულად ისვენებს, თუმცა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მეტს ისურვებდა.

“ვისურვებდი, ხელისუფლება უფრო სწრაფად რეაგირებდეს ხალხის მოთხოვნებზე ქალაქის, გზების აღდგენის საკითხში, რათა ყველაფერი ოპერტიულად აღდგეს და უფრო კულტურული იარსახე მიეცეს”, – ამბობს ოლეგი.

სახლის მეპატრონე, სადაც ოლეგი ისვენებს, ალიას უბირიაა. ალიასი ამბობს, რომ ტყვედ აყვანილი ტურისტებიდან ერთ-ერთის მკვლელობამ წელს ტურიზმს აფხაზეთში ნამდვილად შეუშალა ხელი:

“თუმცა აქ დამსვენებელს ყველაფერი ერთად აფრთხობს. აიღეთ, მაგალითად, ეგვიპტე, სადაც ერთ ჯერზე 280 ტურისტი დაიღუპა, ანდა თურქეთი, ლონდონი. ასეთი რამ ყველგან ხდება. უბრალოდ, ჩვენთან ყველაფერი ერთადაა, სერვისი, კრიმინალი, არასტაბილური პოლიტიკური გარემო”.

სოხუმი; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

სოხუმი; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

სოხუმი; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

სოხუმი; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

სოხუმი; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

სოხუმი; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

სოხუმი; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

სოხუმი; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

 

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი