ახალი ამბები

შსს: ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

23 აგვისტო, 2017 • 2131
შსს: ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

შსს-ს ცნობით, გორში, ატენის ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ წიწვოვან ტყეში გუშინ, 22 აგვისტოს გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

მათივე ინფორმაციით, “112”-ში 22 აგვისტოს, 19:42 საათზე, შევიდა შეტყობინება, რომ ატენის ხეობაში, ზემო ბოშურის ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე არსებულ წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გაჩენის დროსთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია მოგვაწოდა სოფელ ბოშურის გამგებლის წარმომადგენელმა, კახა თინიკაშვილმა. მისი თქმით, წიწვოვან ტყეში ხანძარი გუშინ, დაახლოებით 17:00-18:00 საათზე გაჩნდა, თუმცა, ნეტგაზეთის ინფორმაციით, ზემო ბოშურში მეხანძრეებმა მუშაობა 20:00 საათის შემდეგ დაიწყეს. ამაზე გამგებლის წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომ სახანძრო ეკიპაჟები ბორჯომში იყვნენ სრულად  მობილიზებული.

შსს კი აცხადებს, რომ შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოახდინეს ათობით მეხანძრე-მაშველისა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის მობილიზება. ცეცხლის ქრობის პროცესში, ასევე, ჩაერთნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები.

“ხანძრის ქრობის ეფექტიანი გეგმის შემუშავების, მისი წარმატებით განხორციელებისა და ერთობლივი ოპერატიული რეაგირების შედეგად, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, წიწვოვან ტყეში 2 ჰა ფართობზე გავრცელებული ხანძრის ლოკალიზება უმოკლეს დროში მოხერხდა და ცეცხლის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საშიშროება არ წარმოქმნილა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა,”- აცხადებს შსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი