ნინო ჩხობაძე: ჩვენ არ გვაქვს ტყის ხანძრის პრევენციის სტრატეგია

ბიოლოგი  ნინო ჩხობაძე, რომელიც გარემოს დაცვის მინისტრი იყო 1995-2004 წლებში, “ნეტგაზეთთან” ტყის ხანძრის სპეციფიკურ ბუნებასა და მასთან ეფექტურად ბრძოლის გზებზე საუბრობს.
ასევე იმ მიზეზებზე, თუ რატომ მოხდა ბორჯომის ტყის ხანძრის 12 ჰექტარის ფართობზე გავრცელება.


– რა სპეციფიკურობით გამოირჩევა ტყის ხანძარი და როგორია მასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზები?

– ტყის ხანძარს ერთი სპეციფიკურობა ახასიათებს: რომ გგონია, რომ ჩააქრე, 100-200 მეტრში, შესაძლოა, ხელახლა აალდეს. რადგან ტყის ხანძარს მიწისქვეშა ხანძარიც ახასიათებს.

ცეცხლი ვრცელდება ძალიან სწრაფად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნეშომპალაზე მოედება ხოლმე, სანამ ხეებზე გადავა.
ასევე, ცეცხლის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს ქარი.

ამის გამო ტყის ხანძარს სხვანაირი ქმედებები სჭირდება, პირველ რიგში, თხრილების გაკეთება ლოკალიზაციისთვის, რაც გულისხმობს ხეების მოჭრას, რომ არ გადავიდეს ცეცხლი ხეებიდან სხვა ხეებზე და არ მოხდეს ცეცხლის დიდ მასშტაბებზე გავრცელება.
კეთდება დერეფანი, რადგან დერეფნის დროს მეტ-ნაკლებად დაცულია ის ადგილები, რომლებსაც ცეცხლი არ შეეხო.

– ქარის გარდა, კიდევ რა ფაქტორები განაპირობებს ტყის ხანძრის გაჩენას და მის გამწვავებას?

– გარდა ქარისა, ტყეში ცეცხლის გაჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მაღალი ტემპერატურა. დღეს ჩვენ გვალვის პერიოდი გვაქვს, დიდი ხანია არ უწვიმია, შესაბამისად, ნიადაგი გამომშრალი და ადვილად აალებადია.
ზოგადად, ტყის ხანძრები, ასეთი მასშტაბებით, არ იყო დამახასიათებელი საქართველოსთვის, მაგრამ ბოლო პერიოდში სახეზე გვაქვს კლიმატური ცვლილებები და ტყის სხვადასხვა ადგილას აალება, რასაც სერიოზული მიხედვა სჭირდება.

აქვე აღვნიშნავ, რომ 2013 წელს გარემოს დაცვის სამინისტრო მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტში, რომლის ფარგლებშიც გერმანელი სპეციალისტებისა და ასევე ქართველი სპეციალისტების მიერ შემუშავდა სტრატეგია/რეკომენდაცია, რომელიც ტყის ხანძართან ბრძოლის თანამედროვე სისტემას გულისხმობდა, თუმცა, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს დოკუმენტი არ დამტკიცდა. და რადგან არ არსებობს დოკუმენტი, არც შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები გატარებულა ტყის ხანძართან ბრძოლის თვალსაზრისით.

პრევენციული ღონისძიებებისთვის მნიშვნელოვანია, ასევე, რომ მოსახლეობა იყოს ინფორმირებული, იცოდეს, რა ღონისძიებები უნდა ჩაატაროს ტყის ხანძრის თავიდან ასაცილებლად. აი, 2013 წელს ესეც იყო სტრატეგიაში გაწერილი, თუ როგორ უნდა აღიჭურვოს მოსახლეობა ტყის ხანძრის თავიდან ასაცილებლად. ეს ისეთი ღონისძიებებია, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე ვერ კეთდება.

– ხე-ტყის არასწორი ჭრა და არასწორად ჩატარებული სატყეო-სამეურნეო სამუშაოები, არის თუ არა ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ ტყეში გაჩნდეს ხანძარი?

– რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი წინაპირობა. 2008 წელსაც დაფიქსირდა და ალბათ, ახლაც დაფიქსირდება ის, რომ გარკვეული რაოდენობა იმ მოჭრილი ტყისა, რომელიც უნდა გამოეტანათ ტყიდან, ტყის გასუფთავების მიზნით, ალბათ, არ იყო გამოტანილი. თუ იქ ჭრა მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა. ამიტომაც ეს ერთ-ერთი ფაქტორი ნამდვილად არის გავრცელების. არასწორად ჩატარებული სატყეო სამუშაოები ნამდვილად არის ხანძრის წინაპირობა.

რა თქმა უნდა, მეორე მომენტია თვითონ მოსახლეობა, რომელიც გადის პიკნიკზე, ანთებს ცეცხლს და შემდეგ, არ იცის, როგორ მოექცეს ამ ცეცხლს, რომ არ გავრცელდეს და არ გამოვიწვიოთ კატასროფა.

– თქვენი აზრით, რამ განაპირობა ბორჯომის ტყეში ხანძრის ამ მასშტაბებზე გავრცელება?

– ეს მოხდა იმიტომ, რომ  მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული იმაზე, თუ რა უნდა გაეკეთბინა;

მეორე – სატყეო დარგში ტყის მცველების რაოდენობა არის ძალიან ცოტა და, შესაბამისად, კვალიფიციური კადრი ნამდვილად აკლია, იმ თვალსაზრისით აკლია, რომ არ არსებობს შესაბამისი ფინანსური რესურსი, რომ დეპარტამენტმა გაწვრთნას და მოამზადოს კვალიფიციური კადრები.

და მესამე: არ არსებობს შეტყობინების სისტემა, რომ მოხდარიყო სწრაფი რეაგირება. სოციალური ქსელებით არ უნდა ვრცელდებოდეს მსგავსი ინფორმაციები, არამედ ადგილობრივს უნდა ეცნობა მეტყევესთვის,
ტყის მცველს უნდა ეცნობა სატყეო სექტორისთვის სასწრაფოდ, მოკლედ, სისტემა შეტყობინების უნდა არსებობდეს, რომ არ დაგვიანდეს რეაგირება.
ამ სისტემის არსებობის შემთხვევაში, ანუ ინფორმაციის დროულად გადაცემის და, შესაბამისად, მასზე დროულად რეაგირების შემთხვევაში, ამ მასშტაბებს არ მივიღებდით.


– ფიქრობთ თუ არა, რომ მაღალი ტემპერატურისა და ტყის ხანძრებთან სათანადოდ ბრძოლის არცოდნის პირობებში, კიდევ ბევრი რისკზონა არსებობს საქართველოში?

– რა თქმა უნდა, არსებობს. ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც ცეცხლის კერა ჩნდება.
იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ თბილისში რომ გაჩნდეს ხანძარი, სწრაფად მოხდება ლოკალიზება, რადგან კორპუსები იმდენად მიბჯენილია ერთმანეთთად, ასეთ დროს ძნელია ებრძოლო ხანძარს. ძნელია ებრძოლო ხანძარს იქ, სადაც არ/ვერ მიგიწვდება ხელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაკო სონღულაშვილი