ახალი ამბები

დაბის მცხოვრები: სუნთქვა შეუძლებელია, სახლიდან გავდივარ

22 აგვისტო, 2017 • 2981
დაბის მცხოვრები: სუნთქვა შეუძლებელია, სახლიდან გავდივარ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ დაბასთან უკვე ჩამქრალ კერას ძლიერი ქარის გამო კვლავ გაუჩნდა ცეცხლი, რის შედეგადაც სოფელში დაკვამლიანების დონემ მოიმატა. მათი განცხადებით, სოფელსა და მთაზე გაჩენილ ხანძრის კერას ერთმანეთისაგან ყოფს ხევი, სადაც მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო ბრიგადები, რომლებიც “არ დაუშვებენ, რომ ცეცხლი დასახლებულ ტერიტორიამდე ჩამოვიდეს”.

ადგილობრივები ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებენ, რომ ცეცხლი გაძლიერდა, მოიმატა დაკვამლიანებამ და, როგორც დაბის ერთ-ერთი მცხოვრები აცხადებს, ის უკვე ტოვებს სოფელს ბავშვთან ერთად. მისი თქმით, დაკვამლიანების გამო “სუნთქვა შეუძლებელია”. მოსახლეობა მხოლოდ ერთ სახანძრო მანქანას ხედავს და არ არის დარწმუნებული, რომ მხოლოდ ამ მანქანით მოახერხებენ ცეცხლის ლოკალიზებას.

ისინი სამაშველო სამსახურებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სამი საათი წინ მიმართეს დახმარებისთვის, მაგრამ არავინ მისულა ადგილზე. ისინი გზის გადაკეტვითაც იმუქრებიან.

მთის მეორე მხრიდან კი, ნეტგაზეთის რეპორტიორის ინფორმაციით, ცეცხლი უკვე მაგისტრალურ გზას უახლოვდება. იქ მობილიზებული არიან სახანძრო დანაყოფები. ხანძარი წაღვერის ტყეში უფრო მეტად გავრცელდა, ხოლო ვერტმფრემები და მეხანძრე-მაშველები ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობენ კერების ლოკალიზებას.

საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა.

ცეცხლის ჩაქრობას უკვე მესამე დღეა ცდილობენ, თუმცა კერების სრული ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ხანძარი წაღვერის ტყეში 17:30 სთ. 22.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ხანძარი წაღვერის ტყეში 17:30 სთ. 22.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი