ახალი ამბები

განათლების სამინისტრო აპირებს შეისწავლოს, რატომ მოხვდნენ ქართველი მოსწავლეები არტეკში

22 აგვისტო, 2017 • 3763
განათლების სამინისტრო აპირებს შეისწავლოს,  რატომ მოხვდნენ ქართველი მოსწავლეები არტეკში

“სამწუხაროა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ან ერთმა კონკრეტულმა მასწავლებელმა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც სკოლის მოსწავლეები რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოხვდნენ,” – ასე ეხმაურება საქართველოს განათლების სამინისტრო თბილისის 146-ე სკოლის 6 მოსწავლის გამგზავრებას ყირიმის ბანაკ “არტეკში”.

სამინისტროს განცხადებით, ამ საკითხის შესწავლას აპირებს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი მოსწავლეები ყირიმის ბანაკ არტეკში გაგზავნეს, რუსულმა სააგენტო “სპუტნიკმა”  21 აგვისტოს გაავრცელა. “სპუტნიკის” სტატიის თანახმად, მოსწავლეებმა რამდენიმე საკონკურსო დავალება შეასრულეს, მათ შორის, მოამზადეს სლაიდები თემაზე “რას ნიშნავს რუსეთი ჩვენთვის და რა როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში”. ამავე სტატიის თანახმად, ბავშვების განცხადებით, მათ ინფორმაცია ამ კონკურსის შესახებ 146-ე სკოლის რუსულის პედაგოგმა მიაწოდა.

განთლების სამინისტრო საკუთარ განცხადებაში ამბობს, რომ უკრაინულ მხარესთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდათ და მათ განმარტება მოაწოდეს:

“ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ურყევია და ვგმობთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.  

მოვუწოდებთ ყველა სკოლის ადმინიატრაციას და მასწავლებელს, მომავალში მიიღონ მეტი ინფორმაცია და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი.

ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა შესაბამისი კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, რა დროსაც მათ განემარტათ მომხდარი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად  შეისწავლის, იყო თუ არა ეს  მასწავლებლის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, თუ მიზანმიმართული ქმედება”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ბანაკი “არტეკი” ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს. ის 1925 წელს დაფუძნდა და საბჭოთა კავშირის დროს ბავშვებისთვის პრესტიჟულ ბანაკად ითვლებოდა. 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ არტეკის განვითარებაში 21 მილიარდ რუბლს, (587 მილიონ აშშ დოლარს) ჩადებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი