ახალი ამბები

1 მაისის მანიფესტაცია – გამოიყენა თუ არა პოლიციამ პროპორციული ძალა

2 მაისი, 2013 • • 2261
1 მაისის მანიფესტაცია – გამოიყენა თუ არა პოლიციამ პროპორციული ძალა

როგორც ცნობილია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 1 მაისს შრომითი უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით “ლაბორატორია 1918″–ის მიერ გამართულ მანიფესტაციაზე ადამიანების დაკავების საკითხზე განცხადებები გაავრცელეს და შსს–ს მოუწოდეს, რომ დაედგინა, რამდენად პროპორციული ძალა გამოიყენა პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად. საიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია აჩენს ეჭვებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას.

 

დაიწყო თუ არა შსს–მ შიდა მოკვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით? – ამ კითხვით “ნეტგაზეთმა” დღეს აღნიშნულ უწყებას მიმართა, სადაც კონკრეტული პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავეს და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს, 2 მაისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარზე დაყრდნობა გვირჩიეს.


“მინისტრმა დღეს ყველა საკითხზე ისაუბრა და თუ შეიძლება ჩვენი პოზიციის დაფიქსირებისას ეს კომენტარი გამოიყენეთ”, – განაცხადეს შსს–ს პრესსამსახურში.


ამ საკითხის შესახებ კითხვა ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მართლაც დაუსვეს, თუმცა მან შიდა გამოძიების შესაძლო დაწყების შესახებ არაფერი თქვა და აღნიშნა, რომ ცალკეული განცხადებები პოლიციის მხრიდან  ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ სასაცილოა.


“პოლიციელები იქცეოდნენ ადეკვატურად. პოლიცია მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო და დაიცვა საზოგადოებრივი წესრიგი”, – განმარტა მან.


მოგვიანებით, შსს–მ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც, აღნიშნული უწყების მტკიცებით, ნათლად ჩანს, თუ როგორ არღვევენ მომიტინგეები საზოგადოებრივ წესრიგს.


“მაისის აქციასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმული მოსაზრების გამო, თითქოს პოლიციამ  უფლებამოსილებას გადააჭარბა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს გარე სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებულ კადრებს. აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, თუ როგორ არღვევენ დემონსტრანტები საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გამოიხატა შენობების იერსახის დამახინჯებასა და მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანების დაზიანებაში”.


“ნეტგაზეთთან” საუბარში 1 მაისის აქციის რამდენიმე მონაწილე სამართალდამცველებს არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და ძალადობაში ადანაშაულებს.


ანა–მარია ბრაგვაძის ხელი
ანა–მარია ბრაგვაძის ხელი

“რუსთაველზე რომ ამოვედით, დავინახე, რომ აქციის მონწილე სანდრო ცაგარელს ურტყამდა პატრულის რამდენიმე თანამშრომელი, თუ პოლიციელი… მაიკას ახევდნენ და იქ როცა მივედი, არც ვყვიროდი, არც არაფერს არ ვაკეთებდი, ხელში წყლის ბოთლი მეჭირა, უკნიდან ვიღაც მომწვდა თმაში, დავვარდი ძირს, მერე პოლიციელები ფეხებით მირტყამდნენ. შემდეგ მოვიდა აქციის მონაწილე ლევან ლორთქიფანიძე და იმან გადამარჩინა”, – ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე ანა–მარია ბრაგვაძე და “ნეტგაზეთს”  გუშინდელ აქციაზე დაშავებულ ხელს უჩვენებს.

“მე ვიდექი ტროტუარზე, ხელში მეჭირა რუპორი და პოლიციელებს ძალადობის საწინააღმდეგოდ მოვუწოდებდი, ანუ ვეუბნებოდი, რომ ნუ ძალადობთ. მაგ მომენტში დამიჭირეს და შემტენეს მანქანაში”, – ამბობს ლაბორატორია 1918–ს წევრი რატი ავალიანი.


“ვინც შეგვამჩნიეს, რომ ცოტა ვაქტიურობდით და ჩვენი მეგობრების დაცვას  ვცდილობდით, იმათაც გამოგვეკიდნენ. როდესაც ხალხს მოვშორდებოდით და ცალკე დაგვიგულებდნენ, რამდენიმე კაცი გვესეოდა და გვიჭერდა. სამი პოლიციელი მომვარდა, ერთმა ცალი ხელი დამიჭირა, მეორემ- მეორე ხელი და მესამე ფეხებით მომათრევდა იმისათვის, რომ მანქანაში ჩავეტენე”, – აცხადებს მშრომელთა უფლებების დაცვის მიზნით გამართული აქციის კიდევ ერთი მონაწილე მარიამ კობალაძე და დასძენს, რომ საბოლოოდ მეგობრების დახმარებით დაკავებას გადაურჩა.


კობალაძემ არ იცის, ასეთი ბრძანება ჰქონდათ პოლიციელებს მიღებული, თუ აქციის მონაწილეების დაკავების პროცესში მათ საკუთარი ინიციატივით იმოქმედეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციას იმის შესახებ, რომ აქციის დაშლის დროს პოლიციელების მოქმედება ადეკვატური იყო, არ ეთანხმებიან საიაში.


საია
საია

ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა ფოფხაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ შს უწყების გენინსპექცია გუშინ მომხდარი ფაქტებით უნდა დაინტერესდეს და იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, საქმე პროკურატურას გადასცეს.


“ჩემი აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება და პოზიცია არ იყო ადეკვატური. ჩვენ ვრჩებით ისევ იმ აზრზე, რომ ცალსახად არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული პოლიციის მხრიდან. ხშირ შემთხვევაში გაუგებარია, საერთოდ რა საჭირო იყო ასეთ ფიზიკურ კონტაქტში შესვლა მომიტინგეებთან. გავრცელებული ვიდეოფირიდან ჩანს, რომ ზოგიერთი [აქციის მონაწილე] ტროტუარზე დგას, საერთოდ არ უწევს წინააღმდეგობას პოლიციას და სრულიად გაუგებარია, რატომ იყო ამ ადამიანების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება საჭირო. ეს ასევე არ იყო ადეკვატური და პროპორციული. შსს–ს პოზიციას არ ვეთანხმები”, – ამბობს იგი.


ეკა ფოფხაძე ამბობს, რომ საკითხავია, უნდა დაეშალა თუ არაა პოლიციას გუშინდელი მანიფესტაცია.


“მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ქუჩას კეტავდნენ, ეს იყო მაინც სპონტანური [აქტი]… ეს იყო მსვლელობა და არა სტატიკური აქცია, ანუ ამ ადამიანების მიზანი არ ყოფილა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა. მათი რაოდენობის გათვალისწინებით, ჩემი აზრით, ბუნებრივად მოხდა იმ გზის გადაკეტვა მსვლელობის დროს და ამის მიმართ შსს ტოლერანტული უნდა ყოფილიყო”, – აცხადებს იგი.


კითხვას, დაარღვიეს თუ არა სამართალდამცველბმა გუშინ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი, იურისტი შემდეგნაირად პასუხობს.


“ზოგადად შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ კანონმდებლობა დაირღვა. ეს არ იყო ისეთი აქცია, რომლის მიზანიც გზის გადკეტვა იყო. შეკრებისა და მანიფესტციების კანონის მიხედვით, თუ აქცია მიზნად ისახავს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას და ტრნასპორტირების შეფერხებას, უნდა არსებობდეს წინასწარი ნებართვა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ ყოფილა ისეთი დემონსტრაცია, რომელიც რუსთაველზე განლაგებას და გზის გადაკეტვას ისახავდა მიზნად. ეს იყო მსვლელობა და ეს ადამიანები სადაც გაივლიდნენ, იქ ბუნებრივად მოხდებოდა გზის გადაკეტვა. გზის გადაკეტვა იყო სპონტანური და დროებითი. თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო სტანდარტებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციას და ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს, შეიძლება ითქვას, რომ მომიტინგეთა უფლებები დარღვეულ იქნა”, – უთხრა ფოფხაძემ “ნეტგაზეთს.


1 მაისის აქციის მონაწილე ნიკა ქობულაძე, რომელიც დაკავებულიც იყო, ამბობს, რომ დემონსტრანტების დაკავების პროცესში სამართალდამცველებთან ერთად სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირებიც იღებდნენ მონაწილეობას.

“ჩვენი აქცია მშიდობიანი იყო, რაღაც მომენტში მცირე შეხლა–შემოხლა მოხდა, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა იყო ის, რომ იქ ძალიან ბევრი უფორმო ადამიანი იდგა. ძალიან რთული იყო იმის გარჩევა, თუ ვინ იყო სახელმწიფოს წარმომადგენელი და ვინ უბრალოდ ვიღაც ტიპი. პირადად მე დამიჭირეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც უფორმო ტიპი მოვიდა, ხელი დამარტყა, მეც შევეჯიკავე, იმ მომენტში მოვარდნენ პოლიციელები, მე იმ ტიპს განმარიდეს და მე დამიჭირეს. როცა ვუთხარი, რომ ამას რატომ არ იჭერთ–მეთქი, არაფერი უთქვამთ. აქ ყველაზე სამწუხარო ეს ტრადიციაა, რომ ვიღაც უფორმო ტიპები  მონაწილეობენ აქციებში და სიტუაციის გამწვავებას უწყობენ ხელს”, – ამბობს ქობულაძე და დასძენს, რომ დაკავების მომენტში და პოლიციის მანქანით ტრანსპორტირების  დროს მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.


სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ზემოთ ხსენებული პირების შესახებ შსს–ში კომენტარს არ აკეთებენ.


გუშნდელი აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი სანდრო ცაგარელი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ სულ 24 ადამიანი დააკავეს და ყველა

სანდრო ცაგარელი
სანდრო ცაგარელი

მათგანს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში, კერძოდ, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში დასდეს. არც ერთი დაკავებული, ვინც გუშინ შსს–მ ხელწერილების საფუძველზე გაათავისუფლა, წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. მათ ამ დრომდე არც სასამართლოში გამოძახების უწყება მიუღიათ. სანდრო ცაგარელი ამბობს, რომ გუშინდელი აქციის მონაწილე პირები ჯერ თავის სასამართლოს დაელოდებიან და შემდეგ გამორიცხული არ არის, სასამართლოში სარჩელი თვითონაც შეიტანონ პოლიციელების მიერ მათ წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების მუხლით. მისი თქმით, დღეს “ლაბორატორიის” წევრები შეიკრიბებიან, საგანგებო განცხადებას გაავრცელებენ და ადვოკატთანაც გაივლიან კონსულტაციებს.


1 მაისს მომხდარ ინციდენტს საიას და საერთაშორისო გამჭვირვალობის გარდა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც გამოეხმაურა. ორგანიზაციამ  პოლიციის ქმედებები შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღევად შეაფასა. მომხდარის შესახებ განცხადებები გაკეთდა პარლამენტშიც. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ აქციაზე პოლიციის მხრიდან გამოვლენილი ქმედების მსგავსს ბევრი ქვეყანა ინატრებდა:


“ჩვენ რას ვიყავით მიჩვეული? – ძალადობით არბევდნენ, ცემდნენ, პირდაპირი მნიშვნელობით სასტიკად უსწორდებოდნენ, მერე პოლიციის განყოფილებაში მიყავდათ, იქაც ცემდნენ, მერე 90 დღე ციხეში სვამდნენ და ცოტა რომ მოუშუშდებოდათ ჭრილობები, მერე უშვებდნენ. დღეს რა მოხდა? დღეს მოხდა ის, რომ პოლიციამ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს იგივე ხალხია, საპატრულო თანამშრომლების დიდი უმრავლესობა ეს იგივე ხალხია, რომელიც იმას აკეთებდა, რასაც აკეთებდა და აქ ყველაზე კარგად ჩანს პოლიტიკური ნება, რომელიც არის შეცვლილი, ბრძანება, რომელიც მათ ჰქონდათ მიღებული, რომ არავითარ შემთხვევაში ძალადობას ადგილი არ ჰქონოდა. მე ვნახე რამოდენიმე კადრი, რომელსაც ვინატრებდი, ალბათ, ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა”, – განაცხადა მან და გარკვეულ ხარვეზებსაც გაუსვა ხაზი.


“მე არ მომწონს, როცა პოლიციელი ბილწსიტყვაობს. პოლიციელს მოეთხოვება გაცილებით უფრო მეტი. უნდა ვიყოთ ადეკვატურები და მე ნამდვილად არ მაქვს დღეს არაფერი განსაკუთრებული სათქმელი, გარდა იმისა, რომ ამ აქციაზე რეაქციამ აჩვენა ის ხარვეზები, რომელიც ჯერ კიდევ არის პოლიციაში და ამას მუშაობა და გამოსწორება სჭირდება. ეს პროცესია, ჯერ 7 თვე გავიდა და ნუ გვექნება წარმოდგენა, რომ პოლიციელები უცებ,  ერთ დღეს ანგელოზები გახდებიან, როცა 9 წლის განმავლობაში იმას ასწავლიდნენ, რასაც მერე ჩვენ ქუჩაში ვხედავდით.”


შსს-ს განმარტებით, სტუდენტების მიერ 1 მაისს ორგანიზებული აქციის მსვლელობისას ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, დაზიანდა ერთ-ერთი მოქალაქისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე მანქანა. შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა არაერთხელ მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ აქციის მონაწილეებს, რასაც არ დაემორჩილნენ და სამართალდამცავებმა ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

 

შსს-ს ცნობით, აქციის მსვლელობაში მონაწილეობდა რამდენიმე ასეული ადამიანი და ჟურნალისტების მონაწილეობა ამ აქციაში არ ფიქსირდება. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული იქნა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც გაათავისუფლეს ხელწერილების საფუძველზე.

 

გუშინდელ ინციდენტს დღეს, 2 მაისს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა.


“ძალიან სამწუხაროა, რომ, ერთი მხრივ, სტუდენტების მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი მანიფესტაცია გადაიზარდა არაორგანიზებულ, ქაოტურ მანიფესტაციაში. ზოგადად მე მინდა ვთქვა, რომ მივესალმები სტუდენტების აქტიურობას, მათი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ, ამავდროულად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ იქნება ეს სტუდენტების მოძრაობა, თუ მანიფესტაცია, მათი ვალდებულებაა, რომ დაიცვან და არ დაარღვიონ კანონი. პოლიცია მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო, დაიცვა საზოგადოებრივი წესრიგი. იყო რამდენიმე ფაქტი, მაგალითად ის, რომ მათ დაუზიანეს ავტომობილი შემხვედრ მძღოლს, აბსოლუტურად უმიზეზოდ, ჩვენ ამის კადრებიც გვაქვს. ძალიან აგრესიულობით გამოირჩეოდა რამდენიმე წევრი, მე, რა თქმა უნდა, უმრავლესობაზე არ მაქვს საუბარი, უბრალოდ მათი აგრესიულობა გადაედო მთლიან მასას. მე რაც ვნახე, აქედან გამომდინარე ვამბობ. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ძალიან არასასიამოვნო, არამშვიდობიანი მანიფესტაცია. ეს სამწუხაროა, იმედი მაქვს, რომ მომავალში ისინი აღარ გაიმეორებენ ამას. რაც შეეხება პოლიციის მხრიდან გამოხატულ რეაგირებას, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო აბსოლუტურად ადეკვატური. ეს არის მათი ვალდებულება, რომ დაიცვან კანონი, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა.


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

“ ეს ხდება ნებისმიერ ნორმალურ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს ყველას, თქვენ და ზოგადად საზოგადოებას მინდა მოვუწოდო: ჩვენ ვართ ხელისუფლება, ეს არის სახელმწიფო, შესაბამისად, ჩვენ სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, თქვენ თუ გნებავთ მიიღოთ ქაოსი, მაშინ მხარი უნდა დაუჭიროთ გუშინდელ, ძალიან არასასიამოვნო ფორმებს, მაგრამ თქვენ თუ გინდათ დაწყნარებულ, დამშვიდებულ სახელმწიფოში ცხოვრება, შესაბამისად, თქვენ უნდა იყოთ ობიექტურობის და სიმართლის მხარეს. პოლიციელებმა საკმარისზე მეტი მოითმინეს”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი