ახალი ამბებისაზოგადოება

მოსკოვის გამზირს ეწოდოს საქართველოს გამზირი – “ახალი საქართველო” საკრებულოს მიმართავს

22 აგვისტო, 2017 • 5540
მოსკოვის გამზირს ეწოდოს საქართველოს გამზირი –  “ახალი საქართველო”  საკრებულოს მიმართავს

დღეს პარტია “ახალი საქართველო” თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაში განცხადებას შეიტანს მოთხოვნით – შეიცვალოს მოსკოვის გამზირის სახელი და დაერქვას მას საქართველოს გამზირი.

როგორც პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, მათი მოთხოვნა გამზირის სახელწოდების ცვლილების გარდა გულისხმობს უბნის ფუნქიების გაზრდას და მის ინფრასტრუქტურულ განვითარებას.

“„ვფიქრობთ, რომ გამზირს მოსკოვის გამზირის ნაცვლად საქართველოს გამზირი უნდა ერქვას.  მაგრამ ჩვენი, ,,სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს” გეგმით, ეს ინიციატივა მხოლოდ სახელის ცვლილებას არ გულისხმობს.

აქ არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი. ვფიქრობთ, რომ მოსკოვის გამზირი არ უნდა იყოს  საქართელოში, რადგან რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა და მეორე – ვფიქრობთ, რომ ყველა უბანს უნდა ჰქონდეს თავისი ფუნქციები, რასაც გულისხმობს კიდეც თანამედროვე ქალაქების განვითარება.

ჩვენ გვინდა, რომ ამ გამზირზე გავაცოცხლოთ საქართველოს ისტორია. საქართველოს გამზირი მიიზიდავს როგორც ტურისტებს, ასევე თბილისში და, ზოგადად, საქართველოში მცხოვრებლებს. ეს გამზირი გახდება საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი.“

ვაშაძის თქმით, პარტიას 1500 ხელმოწერა უკვე აქვს და დღეს მიმართავენ თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი