ახალი ამბები

ოპოზიციის წერილობითი პასუხი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველ გუნდს

22 აგვისტო, 2017 • 2529
ოპოზიციის წერილობითი პასუხი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველ გუნდს

ოპოზიციური პარტიები მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს წერილობითი ფორმით უგზავნიან. გავრცელდა წერილის ორი ვერსია, რომლებსაც ოპოზიციის ორი განსხვავებული, 11 პარტიისგან შემდგარი ჯგუფი აწერს.

წერილში, რომელსაც ხელს აწერენ “ახალი საქართველო”, “ევროპული საქართველო”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები”, “სახელმწიფო ხალხისთვის”, “რესპუბლიკური პარტია”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”, “საქართველოს დემოკრატიული პარტია”, “საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული პარტია” და “საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია”,  ვკითხულობთ, რომ პარტიებს მიაჩნიათ, კონსენსუსის მიღწევისა და დიალოგის დაწყებისთვის აუცილებელია,  „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაუბრუნდეს საკონსტიტუციო რეფორმის დაწყებისას მისსავე მიერ შემოთავაზებულ მოცემულობას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით, მანდატების სამართლიანი გადანაწილების პრინციპით.

ამასთან, ოპოზიციისთვის არსებითია პრეზიდენტის საყოველთაო, პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება. თუმცა აღნიშნული საკითხის განსაზღვრა
პარტიებში შესაძლებლად მიაჩნიათ პლებისციტის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” ამ ორ საკითხს გაიზიარებს, პარტიები მზად არიან, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე დიალოგში შევიდნენ.

“მიუხედავად ჩვენ მიერ გამოხატული ზემოხსენებული, სრულიად ლოგიკური და მკაფიო პოზიციისა, თქვენ ცდილობთ გვერდი აუაროთ მას და თქვენთვის სასურველ ფორმატში წარმართოთ ოპოზიციურ პარტიებთან კომუნიკაცია, რათა შეძლოთ ან ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევის იმიტირება, ან ისეთი ყალბი სურათის შექმნა, თითქოს ოპოზიციური ძალები უარს ვამბობდეთ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად დიალოგზე, რითაც შეეცდებით „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციის თვითნებურად და ერთპიროვნულად მიღების გამართლებას.

წინამდებარე წერილზე ხელმომწერი საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მივმართავთ ხელისუფლებას, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების საკითხს და გაითვალისწინოს, რომ რამდენიმე, მცირე პოლიტიკური წონის მქონე პარტიასთან მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში საარჩევნო ბარიერის თუ ბლოკების საკითხზე მოსალოდნელი შეთანხმების მიღწევა ვერ დააკმაყოფილებს კონსტიტუციური ცვლილებებისათვის საჭირო კონსენსუსის მინიმალურ სტანდარტს და სრული პასუხისმგებლობა კონსტიტუციის ასე ერთპიროვნულად მიღების მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე „ქართულ ოცნებას“
დაეკისრება” – ვკითხულობთ წერილში, რომელსაც ხელს აწერენ:

    1. ახალი საქართველო
    2. ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის
    3. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
    4. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
    5. თავისუფალი დემოკრატები
    6. მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
    7. რესპუბლიკური პარტია
    8. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის
    9. საქართველოს დემოკრატიული პარტია
    10. საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული პარტია
    11. საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია

პარალელურად საკუთარ განცხადებას ავრცელებს ოპოზიციის მეორე 11-პარტიიანი ჯგუფი. განცხადების მიხედვით, რომელსაც IPN ავრცელებს, პარტიების ნაწილს მმართველ გუნდთან ოთხპუნქტიანი მოთხოვნები აქვს, რომელთა შინაარსიც შემდეგია:

1. გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და პარლამენტი (150 წევრი) არჩეულ იქნეს ერთიანი პროპორციული სიით (კონსტიტუციის 49-ე მუხლი). მანდატები უნდა განაწილდეს დონტის ფორმულით, რომელიც ითვალისწინებს მანდატების პროპორციული წესით განაწილებას.

2. შემცირდეს ბარიერი 5%-დან 3%-მდე (კონსტიტუციის 50-ე მუხლი).

3. შენარჩუნდეს საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა (კონსტიტუციის 50-ე მუხლი).

4. შენარჩუნებული უნდა იქნეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი (კონსტიტუციის 70-ე მუხლი).

ამ განცხადებას ხელს აწერენ:

1. ”ახალი მემარჯვენეები”
2. ”ახალი ქრისტიან-დემოკრატები”
3. ”გაერთიანებული დემოკრატიული-მოძრაობა”
4. ”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”
5. ”ევროპელი დემოკრატები”
6. ”ეროვნული ფორუმი”
7. ”თავისუფალი საქართველო”
8. ”თავისუფლება”
9. ”ლეიბორისტული პარტია”
10. ”ტრადიციონალისტთა კავშირი”
11. ”ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”.


 

18 აგვისტოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას შეხვდნენ. ოპოზიციურმა პარტიებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა 2020-ში პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უკავშირდება. ამის მიუხედავად, არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მმართვველმა გუნდმა ოპოზიციურ პარტიებს სთხოვა, უახლოეს დღეებში წერილობით მიაწოდონ იმ საკითხების ჩამონათვალი, რომლის არგათვალისწინების შემთხვევაში ისინი მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და, შესაბამისად, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში ცვლილებებს ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი